უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს სამხედრო თემატიკის მასალის გამოყენებას ქართული ოცნების პოლიტიკურ რეკლამაში

სექტემბერი 26, 2024
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს სამხედრო თემატიკის მასალის გამოყენებას ქართული ოცნების პოლიტიკურ რეკლამაში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაუშვებლად მიიჩნევს „ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვის, სისხლის, ეკლესიების განადგურების“ ამსახველი კადრების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.

26 სექტემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „სანამ უკრაინა განაგრძობს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს. ამ წინააღმდეგობის საშინელი საფასურით, ასევე შენარჩუნებულია მშვიდობა საქართველოში.“

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ქართულ ოცნებას და ყველა დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ უკრაინის წინააღმდეგ ომის თემატიკის გამოყენებისაგან შიდა პოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გაიმართება მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში, ქართველი ხალხი კი განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ კურსს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი ფოტო: დიმა სერგიენკო, “DiscoverWithDima”.