შუქრუთელმა დალი კუპატაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და სხვა ქალებთან ერთად შეუერთდა, 14 სექტემბრიდან მოშიმშილე კაცებს. ამ ნაბიჯით 62 წლის დალიმ პარლამენტის წინ მოშიმშილე თანასოფლელ მამაკაცებს სოლიდარობა გამოუცხადა. პარლამენტის კიბეებზე გატარებული ყოველი დღე რთულია. განსაკუთრებით უჭირს ღამით, სიცივესა და წვიმის დროს. პოლიცია კარვის გაშლის უფლებას არ აძლევთ. შუქრუთელები კი დანებებას არ აპირებენ.
პროტესტის მონაწილე – დალი კუპატაძე. ომარ წოწორიას ფოტო, მაისი ნიუსი, 2024.
„ეს ბიჭები როდემდე გაძლებენ არ ვიცი. ერთმანეთის გვერდით ვდგავართ ყველა. მივატოვე სახლი, ოჯახი და ქუჩაში გამოვედი. 2017 წლიდან ვიბრძვი ჩემი სახლისთვის. რამდენიმე წლის წინ ჩემი ბიჭი ავარიაში მოყვა, სახსრები დაგვჭირდა. ვფიქრობდი, ოღონდაც ჩემმა შვილმა იცოცხლოს და სახლსაც გავყიდი, მაგრამ ვერ შეველიეთ. აქაურობა ძალიან გვიყვარს, აქ გავიზარდეთ, აქ დავბერდით. ჩვენი ხელებით შევქმენით ყველაფერი. მაგრამ რად გინდა? სახლი დაზიანებულია, ავარიული, კედლები დაბზარული, ეზოში და მომიჯნავე ნაკვეთებში ნაპრალები გაჩნდა. ექსპერტიზის დასკვნაც კი არ მომცეს, რომელ კომპენსაციაზეა ლაპარაკი.“ – გვეუბნება დალი.
ღია ცისქვეშ მოშიმშილე პროტესტის მონაწილეებს თან მხოლოდ გასაბერი ბალიშები და პლედები აქვთ, რასაც პოლიცია დღეში რამდენჯერმე იმ მოტივით ჩხრეკს, რომ შესაძლოა, ისინი კანონსაწინააღმდეგო ნივთებს ინახავდნენ. თუმცა, ამ დრომდე ვერაფერი იპოვეს – „ვერც იპოვიან რაიმე კანონსაწინააღმდეგოს“ – მიზიარებს დალი.
დალისთან ერთად პარლამენტის წინ ათენებენ მისი თანასოფლელი ქალებიც. მეუბნებიან, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მათი საცხოვრებელი სახლების და ეზოების ქვეშ მადნეულს უკანონოდ მოიპოვებს, შედეგად კი გარემოს და მათ ქონებას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა: “ შუქრუთი დასანგრევად განწირულია. პროცესი შეუქცევადია“ – ამბობენ ისინი.
პროტესტის მონაწილე – ნანა ცერცვაძე, ომარ წოწორიას ფოტო, მაისი ნიუსი, 2024.
„ჩვენი სოფელი სიცარიელეზე დგას. წარმოიდგინეთ, მიწაზე, რომელზეც დავდივართ, ქვეშ სიცარიელეა – 160 მეტრის სიმაღლეზე. ნებისმიერ დროს შეიძლება მიწა ჩავარდეს და ჩაგვიყოლოს. შუქრუთში მადნეულის მოპოვება საბჭოთა კავშირის დროს დაიწყეს. სოფელში ერთი მაღარო იყო, რომელიც დახურეს და სოფელს საყრდენი დაუტოვეს, რომ არ დანგრეულიყო. ამათ („ჯორჯიან მანგანეზი“) კი დახურული კარიერი გახსნეს და წესების დარღვევით დაიწყეს მანგანუმის მოპოვება. მალევე ორი ღია კარიერიც გახსნეს, გაუტკბათ. მადა გაეხსნათ. დაიწყო ჩვენი სახლების, ნაკვეთების ნგრევა. თუ სახლი არ მექნა და ეზო, რომ მოვკვდე ხო სჯობს? გადადებული გვაქვს თავი“ – საუბარში ჩაგვერთო 54 წლის ნანა ცერცვაძე, რომლის ახალი მისამართი ბოლო 24 დღეა საქართველოს პარლამენტის კიბეებია.
ქალებთან ერთად, მძიმეა მოშიმშილე ექვსი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. – „გავითიშე. როცა გონს მოვედი სააავადმყოფოში ვიყავი, გადასხმებს მიკეთებდნენ, მაშინვე მოვიძრე და უკან დავბრუნდი. მზად ვარ სიმართლისთვის თავი გავწირო. ყველამ კარგად იცის აქ რა ხდება, მთელი ქვეყანა გვიყურებს, მაგრამ სახელმწიფო ყურადღებას არ გვაქცევ ს. ჩვენი რესურსი იწურება. სიკვდილზე მივდივართ.“ – ამბობს 33 წლის გიორგი ბიწაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად ჯერ კიდევ შუქრუთში ყოფნისას პირი ამოიკერა.
შუქრუთელები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. მოთხოვნა კი ორი აქვთ – შეწყდეს მადნეულის მოპოვება ეკლესიისა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ობიექტურად შეფასდეს მათი საცხოვრებელი სახლები, რომ აღებული კომპენსაციით ახალი საცხოვრებლის შეძენა მოახერხონ.
„კომპანიამ კერძო აუდიტი მოიყვანა, რომელმაც სასაცილოდ შეაფასა ჩემი სახლი – 89 ათას ლარად. ამ ფასად მე ერთ სართულსაც ვერ ავაშენებ, არათუ სახლს შევიძენ. მხოლოდ მასალა საკმარისი არ არის, მუშახელს ხომ უნდა გადავუხადო თანხა? სახლი გავმართო. ყველა ხარჯი წინასწარ დაანგარიშებული უნდა იყოს.“ – ამბობს ნანა ცერცვაძე.
კერძო აუდიტორი , რომელიც „ ჯორჯიან მანგანეზმა“ დაიქირავა ლევან ებანოიძეა. ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ მოსახლეობის ქონება 2020-21 წლებში შეაფასა და დასკვნა იმ დროისთვის არსებული საბაზრო ფასების მიხედვით შეადგინა: „ზუსტად არ მახსოვს რამდენი ოჯახის სახლი შევაფასე, თუმცა, სათითაოდ ყველასთან მივდიოდი და დეტალურად ვსწავლობდი, ვაფასებდი“. – გვითხრა ებანოიძემ.
აპირებს თუ არა შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მოლაპარაკების დაწყებას თანამშრომლებთან და აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, გასცა თუ არა კომპენსაციები სრულად და რატომ აიყვანა კერძო აუდიტორი მოსახლეობის ქონების შესაფასებლად, ამ კითხვებით კომპანიას მივმართეთ. თუმცა, კომპანის ხელმძღვანელი ვინც ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს, ქვეყანაში არ იმყოფება.
პროტესტის მონაწილეები – სალომე გოგოხიას ფოტო, მაისი ნიუსი, 2024.
გუშინ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში კი, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის შპს „მაღაროელის“ დირექტორმა ზურაბ ბაძგარაძემ განმარტა, რომ აქციის ორგანიზატორებს კომპენსაციის სახით 150 ათასი ლარი გადაურიცხეს – „კომპანია მილიონობით ზარალს ითვლის ყოველ თვე და ამის ფონზე მაინც გავცემთ ხელფასს. 12 მაღაროდან 7 გაჩერებულია. უახლოეს პერიოდში გაირკვევა პარალიზებული მაღაროები კონსერვაციას დაექვემდაბრება თუ ლიკვიდაციას.“ – ამბობს ბაძგარაძე.
თუმცა, სოფელში 280 კომლი ცხოვრობს, მიიღეს თუ არა დანარჩენებმა კომპენსაცია, ამის შესახებ შპს-ს ხელმძღვანელი არაფერს ამბობს. პარალელურად, კომპანიამ მაღაროს გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მიყენებული ზიანის გამო. სასამართლომ თანამშრომლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სასარგებლოდ 5,5 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. საქმე სააპელაციო სასამართლოშია.
იქამდე კი, ვიდრე შუქრუთის მოსახლეობა პარლამენტის წინ შიმშილობას აგრძელებს, მათგან ზუსტად ხუთას მეტრში გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების კლუბი გახსნა, ღონისძიებაზე პარტიის ლიდერები და სხვადასხვა ცნობილი სახეები შეიკრიბნენ. 2 ოქტომბერს შუქრუთელების პროტესტის შესახებ პუბლიკას შეკითხვას საქართველოს პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა: „ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს ასეთი აქციები, რაც სამწუხარო მოვლენაა“ და აღნიშნა, რომ შემდეგი ბრიფინგისთვის “უფრო დეტალურად” მოიძიებს ინფორმაციას.
პროტესტი პარლამენტის წინ – ომარ წოწორიას ფოტო, მაისი ნიუსი, 2024.
შუქრუთელები წლებია მიუთითებენ კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად მათი სახლებისათვის მიყენებულ ზიანზე – 2019 წელს შუქრუთელებმა გადაკეტეს გზა და მანგანუმის მოპოვება შეაჩერეს, 2021 წლის ზამთარში პროტესტის ნიშნად პროტესტის მონაწილემ ამოიკერა პირი, ხოლო ბოლო პერიოდის პროტესტმა გადმოინაცვლა პარლამენტის წინ 11 სექტემბრიდან. ბოლო პერიოდის პროტესტის მონაწილეების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო ერთი თვის წინ.
ავტორი: სალომე გოგოხია, მაისი ნიუსი.