მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას 600-ზე მეტი დევნილი?

ოქტომბერი 5, 2024
მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას 600-ზე მეტი დევნილი?

600-ზე მეტი დევნილი, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა რეგისტრირებული და ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ერთიან საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო-ს) დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს, რადგან ამ დევნილებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ გააჩნიათ.

როგორც ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრმა ეკა ცაბაშვილმა განაცხადა, ერთიან საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება საქართველოს კიდევ 200-მდე მოქალაქე, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება – მათ საქართველოში გაურკვეველი მისამართი უფიქსირდებათ. ეს მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკო-ს 24 სექტემბერს მიაწოდა (შესაძლოა, ამ დროისთვის ეს რიცხვი გაზრდილი იყოს).

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა 800-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ, მათ შორის, 630 დევნილმა ხმის მიცემის უფლება არ დაკარგონ, მათ შესაძლებლობა აქვთ, 7 ოქტომბრამდე საკონსულოებში ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ, რის შედეგადაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ. ამისთვის საჭიროა კანონმდებლობით მოქმედი შესაბამისი დოკუმენტაცია ჰქონდეთ. თუმცა, ეს პირები საქართველოში ერთიან საარჩევნო სიაში მაინც ვერ მოხვდებიან და ხმის მიცემას მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეძლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მათგანი, ვინც არჩევნების დღეს საქართველოში დაბრუნდება, ხმის მიცემას ვერ შეძლებს.

არსებული ბარიერები, რაც ხელს უშლის დევნილებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ პირებს, შეუფერხებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, აჩენს კითხვებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლით გთვალისწინებული, არჩევნების საყოველთაობისა და თანასწორობის პრინციპების შესრულების შესახებ. ცესკო-ს გადაწყვეტილება ონლაინ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაწილობრივ ხელს შეუწყობს ამ პრინციპების განხორციელებას, თუმცა, საარჩევნო უფლების საყოველთაობისა და თანასწორობისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა ამომრჩეველს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა თუ სტატუსისა.