საქართველოში დაკავებული, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის – აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ოქტომბერი 8, 2024
საქართველოში დაკავებული, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის – აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

“ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, ციხის ადმინისტრაციამ პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანა.” – 8 ოქტომბერს განცხადებას აქვეყნებს უფლებები საქართველო, რომელიც დაკავებულის ინტერესებს იცავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, იურისტებმა სადიგოვი საავადმყოფოში მოინახულეს. ,,ჟურნალისტი კონტაქტურია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა’’ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჟურნალისტი – Azel.tv-ს მთავარი რედაქტორი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. მანამდე კი სადიგოვს, რომელიც საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს, თურქეთში გამგზავრების უფლება არ მისცეს. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ძებნილია და მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უფლებები საქართველო განცხადებაში მოითითებს, რომ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის 9 მაისს აღიძრა, 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს ექსტრადაციის მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საპატიმროში 21 სექტემბრიდან შიმშილობს. პროტესტის უკიდურეს ფორმას ჟურნალისტმა მას შემდეგ მიმართა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში საერთაშორისო დაცვაზე უარი უთხრა.