მაისი ნიუსის შესახებ:
მაისი ნიუსი არის მულტიდისციპლინური ექსპერტების გაერთიანება ახალ მულტიმედია სივრცეში, რომელიც მუშაობს მოქალაქეებთან ერთად, თანაშემოქმედების ფორმატში და ქმნის ანალიტიკურ და მულტიმედია პროდუქტს, მოქალაქეებისთვის ინფორმაციისა და ცოდნის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პროცესების, ევროკავშირის, სოციალური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ჩვენი მიზანია მოქალაქეებს საქართველოს ქალაქებიდან და სოფლებიდან ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა მედია პლატფორმაზე საკუთარი იდეების, მოსაზრებების გასაზიარებლად, მონაწილეობითი დემოკრატიის გასაძლიერებლად.
ინფლუენსერების სკოლის შესახებ:
ინფლუენსერების სკოლა არის მაისი ნიუსის ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს შორის დიალოგს, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მედია პლატფორმის განვითარებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააჟღერონ მათი საჭიროებები და ხედვები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ამავდროულად, მაისი ნიუსის მიზანია, ხელი შეუწყოს მომავალი თაობის ინფლუენსერებისა და ჟურნალისტების განვითარებასა და პროფესიულ ზრდაში.
ინფლუენსერების სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაივლიან ორდღიან სასწავლო კურსს, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• სოციალური მედიის გავრცელებული პლატფორმები და მათი გამოყენების ძირითადი პრინციპები: Facebook, Instagram, TikTok.
• ინფორმირებული მოქალაქის ToolBox: საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გარანტირებული უფლებები, მათი რეალიზების მექანიზმები და შესაძლებლობები.
• ელექტრონული საშუალებებით ჩატარებული არჩევნების ძირითადი წესები და პროცედურები საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
• მედია წიგნიერების ძირითადი პრინციპები: ყალბი ინფორმაციის ამოცნობა, ინფორმაციის გადამოწმება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, რაც შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, ჩაერთონ სკოლის მეორე ეტაპზე, მულტიმედია საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალის თანაშექმნის პროცესში, რა დროსაც მკვლევარებთან და სპეციალისტებთან ერთად, ინფლუენსერები შეიძენენ გამოცდილებას მოკლემეტრაჟიანი მულტიმედია მასალის შესაქმნელად.
თანაშექმნის პროცესში ჩართული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება.
მიღების კრიტერიუმები და წესები:
ინფლუენსერების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა წარადგინონ განაცხადი, რომელიც მოიცავს:
– CV;
– თქვენი Facebook, Instagram ან სხვა გვერდის ბმული, რისი განვითარებაც გსურთ;
– მოკლე აღწერა, თუ რა თემებზე გსურთ ტრენინგი და მულტიმედია კონტენტის მომზადება.
განაცხადები მიიღება ელ.ფოსტაზე: editorial@maisi.news. წერილის სათაურში მიუთითეთ „ინფლუენსერი“.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
– საჯარო სოციალური მედია გვერდის არსებობა და მისი განვითარების ინტერესი;
– სოციალური მედიის საბაზისო ცოდნა/გამოცდილება;
– მულტიმედია მასალის შექმნის საბაზისო ცოდნა/გამოცდილება;
– ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპების შესახებ ბაზური ცოდნა და დაინტერესება.
მაისი ნიუსი იწვევს დაინტერესებულ პირებს საქართველოს ყველა ქალაქიდან და სოფლიდან.
განაცხადები განიხილება ყოველდღიურად, 20 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისია მონაწილეებს შეარჩევს დოკუმენტების შესწავლისა და გასაუბრების სფუძველზე და დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.
პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის შესაბამისად.
მადლობა კონკურსში მონაწილეობისთვის!