9 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რითაც დაადგინა: „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“, რითაც ძალაში დატოვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – ფართო საზოგადოებაში, „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონის მოქმედება. 8 წევრიანი პლენუმიდან, განსხვავებული აზრი ორმა მოსამართლემ დააფიქსირა: გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
გადაწყვეტილება ეხება მოსარჩელეების შუამდგომლობას, შეჩერებულიყო კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილებამდე, კანონის მსუსხავი ეფექტის გამო, რაც ზღუდავს ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის გამოხატვის თავისუფლების სრულფასოვან რეალიზებას (პუნქტი 18). მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ რუსული კანონი მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ, სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას – „მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ (პუნქტი 43).
მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ ტერმინის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია“ ღირსების შემლახავ დატვირთვაზე, კრიტიკულად მგრძნობიარე პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებისა და მძიმე ადმინისტრაციული ტვირთის დაკისრებიდან გამომდინარე საფრთხეებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს „შეუქცევადი ზიანის“ რისკი, რის გამოც არ აჩერებს კანონის მოქმედებას საბოლოო გადაწყვეტილებამდე: „სასამართლო იმ აზრისაა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს მისთვის მიყენებული ზიანის შეუქცევადად გამოუსწორებელ ხასიათს, რის გამოც, არ არსებობს საკმარისი საფუძველი მისი შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად“ (პუნქტი 58).
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია 4 სარჩელი: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის 38 წევრის, 122 არასამთავრობო ორგანიზაციის, შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელისა“ და საგამოძიებო-ჟურნალისტური ორგანიზაციის „სტუდია მონიტორის“ მიერ. საკონსტიტუციო სასამართლომ ოთხივე სარჩელი გაერთიანებულ სხდომაზე განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო 18 მაისს და ბრიფინგზე განაცხადა: „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციასა და ყველა ევროპულ სტანდარტს, ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო სრულად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო, ეს კანონი უნდა გაუქმდეს.“ თუმცა, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს, 84 დეპუტატის მხარდაჭერით დაძლია ვეტო და საბოლოოდ მიიღო კანონი.
მიმდინარე წლის 21 მაიის ვენეციის კომისიამ რუსულ კანონათან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც მიუთითა, რომ კანონის მიღება მოხდა სიღრმისეული დისკუსიისა და კონსულტაციების შესაძებლობის გარეშე, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის მიერ გამოხატული შეშფოთების მიუხედავად (პუნქტი 95). ვენეციის კომისია ასევე მიუთითებს, რომ კანონი შეუსაბამოა გამოხატვის თავისუფლოების, შეკრებისა და მანიფესტაციისა და პირადი ცხოვრების უფლებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის კონტექსტში, არღვევს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპს (პუნქტი 96).