შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს – დააკმაყოფილებს თუ არა მათ მოთხოვნებს „ჯორჯიან მანგანეზი“?

ოქტომბერი 14, 2024
შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს – დააკმაყოფილებს თუ არა მათ მოთხოვნებს „ჯორჯიან მანგანეზი“?

შიმშილობის 43-ე დღეს შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურესი ზომა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა მათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა.

„გვითხრა, რომ მედიატორის როლს შეასრულებდა. ჩვენც დავთანხმდით. თუმცა, პროტესტი არ შეგვიწყვეტია. ამ ეტაპზე მხოლოდ შიმშილობა შევწყვიტეთ. დღეს ან ხვალ ველოდებით პასუხს კომპანიისგან, რომ შესრულდეს ჩვენი მოთხოვნა და გაფორმდეს ხელშეკრულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულდეს ჩვენი მოთხოვნა – სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს თითოეული შუქრუთელის საცხოვრებელი სახლი და დადოს დასკვნა“ – განუცხადა „მაისი ნიუსს“ გიორგი ცარციძემ, რომელიც პარლამენტის წინ ზუსტად 43 დღე შიმშილობდა.

დათანხმდება თუ არა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს, ეს სავარაუდოდ 15 ოქტომბერს გაირკვევა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი დეტალების შესახებ.

„ვნახოთ რა პასუხი იქნება მათგან, თუმცა, 17 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ მაინც გაიმართება“. – გვითხრა გიორგი ცარციძემ.

საპროტესტო აქცია სოფელ შუქრუთში 6 თვის წინ დაიწყო. 11 სექტემბრიდან კი თბილისში, პარლამენტთან გადმოინაცვლა. ადგილობრივების თქმით, კომპანია მადნეულს წესების დარღვევით მოიპოვებდა, რამაც მათი სახლების ნგრევა გამოიწვია. ისინი მიყენებული ზარალის ანაზღურებას ითხოვდნენ. თუმცა, კომპანიის მიერ დაქირავებული აუდიტის დასკვნას უნდობლობა გამოუცხადეს და მოითხოვენ, რომ მათი სახლები, ნაკვეთები სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შესწავლოს. სწორედ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მოლოდინში არიან. თავად კომპანია კი აცხადებდა, რომ მათ კომპენსაციები გაცემული აქვთ. თუმცა, ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ თანხები, რომელიც სოფლის მაცხოვრებლების ნაწილმა აიღო, ავანსის სახით იყო გაცემული.

შეგახსენებთ, რომ შუქრუთელები პარლამენტის წინ 43 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. ამ ხნის მანძილზე რამდენიმე მათგანი ჯანმრთელობის გართულების მიზეზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ღია ცის ქვეშ ათენებდნენ და უამინდობის მიუხედავად, პოლიცია კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა. შიმშილობის 33-ე დღეს კი მოშიმშილეებს თანასოფლელი ქალებიც შეუერდნენ.