გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, დახურული იუსტიციის საბჭო, მოსამართლეთა არჩევის გაუმჭირვალე პროცესი, კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი და კორუფცია – არჩევნებამდე 12 დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლო გუშაგმა“ შეაფასა მმართველი პარტიის 12 წელი სასამართლოში. დისკუსიაში, რომელიც ორგანიზაციამ გამართა, მონაწილეობდნენ ყოფილი მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რა ბედი ელის სასამართლო სისტემას თუკი არ მოხდება იმ რეფორმების გატარება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? – „მაისის ნიუსის“ შეკითხვებს „სასამართლო გუშაგის“ დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უპასუხა:
„ამ წლების განმავლობაში სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა. მაგალითად, 2012 წელს იუსტიციის საბჭო ჩაკეტილი წრე იყო, მოქალაქეებს, ორგანიზაციებს არ შეეძლოთ იქ მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი. სამწუხაროდ, დღესაც იგივე სიტუაციაა. საბჭო ჩაკეტილია. ასევე, კლანური მმართველობა თუ იყო პრობლემა, ამის აღმოსაფხვრელად „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა. ევროკავშირის 9 ნაბიჯის ფარგლებში მოსამართლეთა კეთილსინდისიერება უნდა შემოწმებულიყო და არ შეუმოწმებიათ. უდიდესი პრობლემაა გაჭიანურებული საქმეები. ამ კუთხით არაფერი გაუკეთებიათ. რეალურად, სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ამის თქმა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია.“
ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც მოქალაქეები საუბრობენ, არის წლობით გაჭიანურებული სასამართლო საქმეები, სასამართლოების გადატვირთულობის გამო. მოქალაქეები საუბრობენ, რომ ხშირად, იმდენად დიდი დრო არის გასული, რომ მოსარჩელე გარდაცვლილია იმ დროისთვის, როდესაც ინიშნება მისი საქმის განხილვა. მოქალაქეები საუბრობენ, რომ შედეგად, მათი ნაწილი მიმართავს საქმის გადასაწყვეტად „არაფორმალურ გზებს“, რამაც შესაძლოა, კვლავ გააძლიეროს კრიმინალური ჯგუფები საქართველოში.
„როცა ადამიანი სასამართლოში 5-10 წელი დადის, იქ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასევე პრობლემაა ვაკანსიები – საბჭო ვერ ავსებს თავისუფალ პოზიციებს. 100-ზე მეტი ვაკანსიაა დღეს სისტემაში, მაგრამ კადრები არ არის. გარედან პროფესიონალური კადრების დანიშვნა არ ხდება.“
იუსტიციის საბჭოს მიერ მეტი მოსამართლეების დანიშვნაა საჭირო, თუმცა, ჯანეზაშვილი ასევე საუბრობს მოსამართლეების მხრიდან შესაძლო ნაბიჯებზე: „თუ მოსამართლე ხედავს, რომ მას ხუთასი საქმე აწერია და დროში ვერ ასწრებს მის განხილვას, ამის შესახებ მან უნდა აცნობოს იუსტიციის საბჭოს, ხმა ამოიღოს საჯაროდ თუ შიგნით ვერაფერს გადაწყვეტს. ისაუბროს მოსამართლეთა კონფერენციაზე. ზუსტად ორი დღის წინ მოსამართლეთა კონფერენცია ჩატარდა და ამ პრობლემაზე არც ერთ მოსამართლეს არაფერი უთქვამს.“
“სასამართლო გუშაგი” სამი წლის წინ დააფუძნა იუსტიციის საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას აკვირდება. “სასამართლო გუშაგის” 33 დამკვირვებელი თბილისსა და რეგიონებში საარჩევნო დავების მონიტორინგს ახორციელებენ და ამ დრომდე 39 პროცესს დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია 9 მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა, მათ შორის მე-6 ეხება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას: „ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით.“ 2024 წლის საქართველოს ბარომეტრის თანახმად, მოსახლეობის 18% „საერთოდ არ ენდობა“, ხოლო 7% – „სრულად ენდობა“ სასამართლო სისტემას (იხ. დეტალური შედეგები).
„დამოუკიდებელი სასამართლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის, რომ ეჭვი არ გაუჩნდეთ მოსამართლე პროკურორის მხარეს არის თუ მის მხარეს?! ან ფული ხომ არ აიღო, კორუფცია ხომ არ არის? ეს კითხვები მოქალაქეს მაშინ უჩნდება, როცა მისი ბედი წყდება. დამოუკიდებლობა ყველაფრის საწყისია. ამის გარეშე წარმოუდგენელია მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა არსებობდეს.“ – აცხადებს ჯანეზაშვილი მაისი ნიუსთან საუბარში.