120 ორგანიზაციაზე მეტი ასაჩივრებს ე.წ. „რუსულ კანონს“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

ოქტომბერი 17, 2024
120 ორგანიზაციაზე მეტი ასაჩივრებს ე.წ. „რუსულ კანონს“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

17 ოქტომბერს, ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარს წარადგენს 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, 16 მედია და 4 ფიზიკური პირი. მათი განცხადებით:

„რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა.შ.“

ორგანიზაციები მიუთითებენ ადამიანის უფლებათა კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევაზე: შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვა (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მე-18 მუხლის).

„დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო ორგანოები არღვევენ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა ე.წ. „რუსული კანონის“ შეჩერებაზე – ვრცლად.