საჯარო რეესტრი აქვეყნებს მოქალაქეების განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას – ე.წ. „რუსული კანონის“ შედეგად

ოქტომბერი 17, 2024
საჯარო რეესტრი აქვეყნებს მოქალაქეების განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას – ე.წ. „რუსული კანონის“ შედეგად

განსაკუთრებული კატეგორიის პირადი მონაცემები, რომლებიც მოქალაქის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას შეიცავს, ქვეყნდება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე. უკვე ორი დღეა, რაც კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ე.წ. „რუსული კანონის“ ბაზაში.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ე.წ. „რუსული კანონის“ შეჩერებაზე უარის შესახებ, მითითებულია საჯარო რეესტრის პოზიცია, რომ ისინი არ აპირებდნენ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას:

„საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განცხადებით, რეესტრში გამოქვეყნებას ექვემდებარება საფინანსო დეკლარაცია, სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტები, წესდება და ბოლო ამონაწერი, ხოლო სარეგისტრაციო წარმოებისა და მონიტორინგის ფარგლებში გამოთხოვილი ინფორმაცია არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.“ – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პუნქტი 57.

საკუთარი პერსონალური მონაცემები ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი რომ გახდა, ამის შესახებ კოალიციის ყოფილმა თანამშრომელმა დეა ერემაშვილმა გუშინ, მეგობრისგან შეიტყო. პარალელურად, დეა შშმ ქალთა ალიანსს ხელმძღვანელობს. მისი ორგანიზაცია, სხვა ასობით ორგანიზაციის მსგავსად, აპროტესტებს ე.წ. „რუსულ კანონს“ და მას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია „მაისი ნიუსთან“ განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის მონაცემების გამოქვეყნება ეწინააღმდეგება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონს.

„რამდენჯერმე გამოვითხოვეთ ინფორმაცია საჯარო სექტორში დასაქმებულების შესახებ, მათ თანამდებობრივ სარგოსა და პრემიებზე, თუმცა, სახელმწიფოსგან უარი იმ მოტივით მივიღეთ, რომ პერსონალური  მონაცემებია და ვერ გაასაჯაროვებენ; ანუ რა გამოდის, რომ საჯარო სამსახურის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაცულია და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულების შემთხვევაში მათ კანონი არ იცავს?!“ – ამბობს თოლორაია.

ერემაშვილის გარდა საჯაროდ ხელმისაწვდომია კოალიციის ათზე მეტი მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პერსონალური მონაცემები. მათ შორის, არის ქეთევან ხომერიკიც. „მაისი ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ დაუცველობის განცდა აქვს – „ჩემი პერსონალური ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი პირისთვის, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს. უმწეობის განცდა დამეუფლა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახელმწიფომ გამაშიშვლა. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ყველაზე უტოპიურ სცენარშიც ვერ დავიჯერებდი, რომ ასობით ადამიანის პერსონალური ინფორმაცია, თან იმ ადამიანების, ვინც ადამიანის უფლებებზე მუშობს, ასე საჯაროდ იქნებოდა ხელმისაწვდომი იმ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია.“ – ამბობს კოალიციის ყოფილი თანამშრომელი, დოქტორანტი ქეთი ხომერიკი.

მისი თქმით, ამ ქმედებით ხელისფულებამ თავისი მოქალაქეები დაამცირა – „რეესტრში ყველაზე მოწყვლად ადამიანებთან მომუშავე ორგანიზაციები იყვნენ დარეგისტრირებული ანუ ამ ხელისუფლებამ ის ხალხიც გაწირა, ვისზეც აგებული ჰქონდა მთელი თავისი სიძულვილით გაჟღენთილი საარჩევნო კამპანია. იმედია, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრს შერცხვება თავისი გადაწყვეტილების“. – ამბობს ხომერიკი.

დაიწყო თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მოკვლევა ამის გასარკვევად, „მაისი ნიუსი“ უწყებას დაუკავშირდა. პრესცენტრში გვითხრეს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა. სამსახურიდან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

ამავდროულად დღეს, 17 ოქტომბერს, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ, 16 მედია ორგანიზაციამ და 4 ფიზიკურმა პირმა გაასაჩივრა ე.წ. „რუსული კანონი“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში – დაწვრილებით იხ. მაისი ნიუსის სიახლე.