პარტიების აკრძალვა, როგორც წინასაარჩევნო დაპირება

ოქტომბერი 17, 2024
პარტიების აკრძალვა, როგორც წინასაარჩევნო დაპირება

ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე, ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი ოპოზიციის გაუქმების მუქარაა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეგიონებში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრებზე, ,ქართული ოცნების’’ სახეები საკუთარ ამომრჩევლებს ისევ პირდებიან, რომ გამარჯვების შემდეგ ოპოზიციას აკრძალავენ. ,,ქართულ ოცნებასთან’’ აფილირებული ანტიდასავლური მოძრაობა კი ოპოზიციის მხარდამჭერებს გასამართლებით ემუქრება.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ პირველი განცხადება ,,ქართული ოცნების’’ პოლიტიკური საბჭოს სახელით 20 აგვისტოს გავრცელდა. ვრცელ განცხადებაში პარტია იმ მიზეზებს განმარტავს, რისთვისაც მათივე განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ. ჩამონათვალში პირველი პოლიტიკური ველიდან ოპონენტების გაქრობაა. „პირველ რიგში […] დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებიდან მალევე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაპირება დააზუსტა და განაცხადა, რომ ,,ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ, მათი მანდატებიც უნდა გაუქმდეს.’’ პრემიერის თქმით, მომზადდება სამართლებრივი სარჩელები ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად. საქმეები შეიძლება აღიძრას როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე პროკურატურაში.

დაკონკრეტდა ის პარტიებიც, რომლებსაც ,,ქართული ოცნება’’ ,,კოლექტიურ ნაცმოძრაობად’’ მოიაზრებს. პრემიერი ფიქრობს, რომ „სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. [გაერთიანება] რომელშიც შედის ნაცმოძრაობა, რამდენიმე პარტია ერთად გამოდიან ამ არჩევნებში, ასევე კოლექტიურ ნაცმოძრაობას განეკუთვნება ახალი, გირჩი, დროა, ყველა ამ პოლიტიკოსს წარსულიც და აწმყოც პირდაპირ აქვს დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან“.

თუმცა პარტიების ჩამონათვალი ამით არ დასრულებულა. „არის ასეთი გაერთიანება ლელო, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესრეკეტში და ესეც უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი…. გახარია, რომელსაც აქვს შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობასთან ოთხ მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს.’’ – ამბობს კობახიძე.

შესაბამისად, პარტიები, რომელთა ლიკვიდაციასაც გამარჯვების შემთხვევაში მმართველი გუნდი აპირებს, ასე გამოიყურება:
• ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (‘’სტრატეგია აღმაშენებელი’’, ‘’ევროპული საქართველო’’)
• ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის
• ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია
• გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის’’

არქივში იძებნება პრემიერის 2022 წლის განცხადება, როდესაც თავად ირაკლი კობახიძე პარტიის აკრძალვას ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევად მოიხსენიებდა. ,,როცა საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის ადამიანის ძირითად უფლებაში, პარტიების თავისუფლებაში, ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა.’’ – ამბობდა კობახიძე, როდესაც მაშინდელი ომბუდსმენი პრორუსული და ძალადობრივი ,,ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით კონსტიტუციურ სარჩელს ამზადებდა.

2 წლის შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ,,ქართული ოცნების’’ წინასაარჩევნო მთავარ გზავნილად იქცა. ამჯერად საუბარი არა ერთ, არამედ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიაზეა, რომელთაც წინასწარი კვლევებით, პარლამენტში მოხვედრის შანსი და მკვეთრად გამოხატული პროდასავლური კურსი აქვს. ესაა რეგიონული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი ნარატივიც. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლისას „კრებსით ნაციონალურ მოძრაობას” და ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილს ,,ქვეყანაში არეულობის დათესვისა და ომის გაჩაღების სურვილში’’ ადანაშაულებს.

,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას მალევე მოჰყვა პირველი გზავნილები ევროკავშირიდან. გამოცემა POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ,,ბრიუსელი შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ გეგმით’’. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, პლურალიზმი კი ,,ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენია.’’ ,,ამჟამინდელი მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ რიტორიკას და მოვლენებს და მზად არის, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუ ეს განცხადება ამოქმედდება’ – ამბობს სტანო POLITICO-სთან.

პარტიების აკრძალვის განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. ,,დემოკრატიები ოპოზიციებს არ კრძალავენ“ – ამ შინაარსის ბანერი ფეისბუკზე საელჩოს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. საელჩოს მიერ გავრცელებულ პოსტებს კი პრემიერმა უპასუხა: ,,აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებს ერთადერთი მიზანი აქვს, რამენაირად გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე’’.

პარტიების აკრძალვის განაცხადი მოხვდა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშშიც. ორგანიზაცია შემაშფოთებელს უწოდებს ამ ტიპის გზავნილების გავრცელებას. საიას განმარტებით, მსგავსი ნარატივები ,,მიზნად ისახავს ოპონენტების სტიგმატიზაციას და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში ნიჰილიზმის გაღვივებას.“ ორგანიზაციის განცხადებით, ,,დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება. მათი აკრძალვის მუქარა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას.’’ ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ხმის მნიშვნელობის შეგრძნება ჰქონდეს ,,და არა იმისა განცდა, რომ მის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს’’.

მმართველი პარტიის პოზიციას იზიარებს მათთანვე აფილირებული მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველო’’. მოძრაობამ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების დაშინება გადაწყვიტა და 15 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა: ,,არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდეგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა.” – ვკითხულობთ მოძრაობის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველო’’ 2024 წლის ივლისში შეიქმნა. მოძრაობის წევრები ღიად გამოხატავენ ,,ქართული ოცნების’’ მხარდაჭერას.

კონსტიტუციის თანახმად, ,,პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით’’. პარტიის გაუქმების საფუძვლებსა და წესებს კი განსაზღვრავს ორგანული კანონი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანიცაა:

• საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა
• ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა
• ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
• რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს;
• ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება

არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. სანამ დასავლელი პარტნიორები ,,ოცნების’’ გეგმებს საგანგაშოდ აფასებენ, მმართველი გუნდი პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარს აგრძელებს და მხარდამჭერებს განსაკუთრებული მობილიზებისკენ მოუწოდებს, აბსოლუტური ძალაუფლების მიღებისა და პოლიტიკური ველიდან ოპოზიციური პარტიების სრულად გაქრობის მიზნით.

ავტორი: თამთა ჩხაიძე