ევროპულმა საბჭომ რამდენიმე ძირითად საკითხზე 17 ოქტომბრის დისკუსიის დასკვნები გამოაქვეყნა, სადაც ვხვდებით კომენტარებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებაც. ევროპული საბჭო კვლავ ადასტურებს “ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას” და ამავდროულად, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ქმედებებზე, რომლებიც “ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული.”
გამოქვეყნებულ დასკვნებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მსგავსი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. გაწევრიანების კონტექსტში, დოკუმენტში აღნიშნულია სრულფასოვანი და მდგრადი დემოკრატიული რეფორმების, არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებისა და თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის დაცვის აუცილებლობა.
ევროპული საბჭო ასევე კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას.