ჟურნალისტების 42% მიუთითებს ფიზიკურ ძალადობაზე, ე.წ. „რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ

ოქტომბერი 20, 2024
ჟურნალისტების 42% მიუთითებს ფიზიკურ ძალადობაზე, ე.წ. „რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ

18 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული 106 ჟურნალისტიდან, ე.წ. „რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ, 42%-მა ახსენა რომ მათზე ან მათ თანამშრომლებზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, 61% მიუთითებს პოლიციის ან სპეცრაზმის მხრიდან შევიწროებაზე. 30%-მა პირადი ქონების დაზიანებაზე მიუთითა, 82%-მა აღნიშნა, რომ ხელისუფლების აგრესია მათ მიმართ გაიზარდა, 39%-მა ახსენა მათზე თვალთვალის შემთხვევები.

„ქალბატონებო და ბატონებო, როდესაც მედიის წარმომადგენლები აღარ არიან დაცულები, ან თავს დაუცველად გრძნობენ, ისინი აღარ არიან თავისუფლები.“ – კვლევის შედეგები შეაფასა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 2023 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზე იყო. მაგრამ 2024 წელს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწია, რითაც საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 103-ე ადგილზე გადავიდა.

„მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გამოცდა იქნება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 2025 წელს საქართველოს პრესის თავისუფლების რეიტინგი მკვეთრად გაუმჯობესდება.“ – განაცხადა ელჩმა.

ერთი დღით ადრე, ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დისკუსიის შედეგები, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები “ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირი არის დაფუძნებული,” დაწვრილებით.

კვლევა „ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ“ განახორციელა „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“.