„ევროპა არის მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ ვარ აქ“ – ინტერვიუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შმაგი სამხარაძესთან

ოქტომბერი 20, 2024
„ევროპა არის მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ ვარ აქ“ – ინტერვიუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შმაგი სამხარაძესთან

20 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს,“ ათიათასობით მოქალაქეს შორის, დევნილებიც ესწრებოდნენ, ბანერით: „აფხაზეთის დაბრუნება ევროინტეგრაციაშია.“

მაისი ნიუსი ესაუბრა ერთ-ერთ მათგანს, მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს – შმაგი სამხარაძეს.

რატომ ხართ დღეს აქციაზე?
„პირველ რიგში, რომ დავაფიქსირო ჩვენი ისტორიული არჩევანი, ჩვენი წინაპრების არჩევანი – ეს არის ევროპული ოჯახი. ჩვენ გვქონდა ბანერი „აფხაზეთის დაბრუნება ევროინტეგრაციაშია“ იმიტომ რომ ბოლო დროს, როგორც ვაკვირდებოდით, რუსეთის ოფიციალური პირებისგან გაჟღერდა არაერთი განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ გადახედონ აღიარების პოლიტიკას და საუბრობენ სამ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქედან გამომდინარე ჩემთვის რუსეთი არის ომი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული გაყოფა, ევროპა არის მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ ვარ აქ.“

გთხოვთ, დააზუსტოთ, თქვენი აზრით, როგორ დაეხმარება ტერიტორიულ მთლიანობას ევროკავშირში გაერთიანება?
“პირველ რიგში, საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, დასავლეთის ქვეყნები, ევროკავშირი აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, ყოველ წელს ვიღებთ რეზოლუციებს დევნილების დაბრუნებაზე. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს მშვიდობიან პოლიტიკაზე და მიმაჩნია, თუ გავყვებით ამ ხაზს, თუ ყოველწლიურად გავააქტიურებთ ჩვენს დიპლომატიურ მისიას – მშვიდობიან მისიას, უფრო მეტი ფანჯარა გაიხსნება იმისთვის, რომ უშუალოდ დავამყაროთ კომუნიკაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან, ჩვენს დებთან და ძმებთან – აფხაზებთან და ოსებთან, ხელი შევუწყოთ ერთობლივ თანამშრომლობას. მათაც უნდა ესმოდეთ, რომ ადამიანის უფლებები – მათი უფლებები იქნება დაცული ევროკავშირში და არავითარ შემთხვევაში – რუსეთში.”

რას ეტყოდით დევნილებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან?
“აუცილებლად უნდა მივიდნენ არჩევნებზე, დააფიქსირონ ევროპული მომავლის მხარდაჭერა, და ერთად, მშვიდობით და ერთობით უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში, ცხინვალში, ყველანი ერთად. ვფიქრობ, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან სწრაფად დაიძვრება პროცესები – პირევლ რიგში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ეს არის გარდაუვალი.”

როგორც მოქალაქე, რას ეტყოდით ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს ვინც აკვირდებიან მოვლენებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ვისაც აშინებენ ომით?
“აფხაზებმა კარგად ნახეს რუსეთის სახე, განსაკუთრებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში. მათ აიძულებენ ეგრეთწოდებული „კანონების“ მიღებას, მათ ართმევენ ბიჭვინთას, ართმევენ ახალი ათონის აგარაკებს, მათ აიძულებენ მიიღონ აპარტამენტების შესახებ კანონი და დაასახლონ იქ რუსები – ემუქრებიან ყველა მხრივ და ავიწროებენ. ამიტომაც, ჩემი აზრით, აფხაზებმა კარგად ნახეს რუსეთის სახე და დრო არის, რომ ერთობლივად ვიფიქროთ ჩვენ საერთო მომავალზე.”

ევროკავშირის პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემიდან გამომდინარე, როგორ შეიცვლება მიდგომა აფხაზური მემკვიდრეობისა და კულტურის დაცვის მიმართ?
“რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ აფხაზეთში არის სრული რუსიფიკაცია – პირველი კლასიდან ასწავლიან ყველაფერს რუსულად. არის მარტო რამოდენიმე აფხაზური ენის შემსწავლელი გაკვეთილი, რაც არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე საქარტელოს კონსტიტუციაში აღიარებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზური ენა, როგორც სახელმწიფო ენა. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ბევრად უკეთ დაიცავენ ისინი – ჩვენს საერთო სახელმწიფოში და ევროკავშირში საკუთარ იდენტობას და საკუთარ კულტურას.”

შმაგი სამხარაძე, მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობა“ – დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

რედაქტორისგან: გვსურს, შევახსენოთ მკითხველს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციული გამყოფი ზოლი დაიკეტა, რითაც კვლავ შეიზღუდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლება.