„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი მხოლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციაში,“ – აფხაზეთიდან დევნილები

ოქტომბერი 21, 2024
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი მხოლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციაში,“ – აფხაზეთიდან დევნილები

20 ოქტომბერს, აქციაზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, ათობით ათასმა მოქალაქემ მოიყარა თავი, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებიდან. აქციას ესწრებოდნენ როგორც მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან, ისე თითქმის ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები.

მონაწილეებს შორის, აქციას ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილები, ბანერით: „აფხაზეთის დაბრუნება ევროინტეგრაციაშია.“ მაისი ნიუსი რამდენიმე მათგანს ესაუბრა – თუ რატომ გადაწყვიტეს აქციაზე მხარდაჭერის გამოხატვა და რას ფიქრობენ აფხაზებისა და ქართველების საერთო მომავალზე ევროკავშირში:

„აფხაზეთიდან დევნილი ვარ, კერძოდ, სოხუმიდან. ვდგავართ აქ იმიტომ, რომ, მიგვაჩნია – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი მხოლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციაში. ამიტომ, ჩვენ ბანერზეც ზუსტად ეს გვაქვს, რომ – აფხაზეთის დაბრუნება ევროინტეგრაციაშია და დღეს, ჩვენ, დევნილები ვუერთდებით აი ამ დიდ აქციას, რომ ევროპას დავანახოთ, გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში. ჩვენ გვინდა რომ აფხაზეთიც ევროპა გახდეს და მთლიანი საქართველო გაერთიანებული, თავისი ტერიტორიებით, შევიდეს ევროკავშირში.

დევნილებისთვის და აფხაზებისთვის ევროკავშირი პირველ რიგში ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ძლიერი საქართველო არის სტაბილური საქართველო, რომელიც დევნილებსაც, როგორც მოწყვლად ჯგუფს, სოციალურ პრობლემებსაც გადაუჭრის და როდესაც ქვეყანა ივლის წინ, შესაბამისად, ჩვენც გავძლიერდებით ეკონომიკურად და ამაყი, ღირსეული დავბრუნდებით აფხაზეთში.“ – ინგა ახალაია, აფხაზეთიდან დევნილი.

„დღეს, პირველ რიგში, ვიცავთ ევროპულ მომავალს და მე პირადად ვიცავ ერთიანი საქართველოს იდეას, აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ, უნდა გავმთლიანდეთ. საქართველოს გამთლიანება არის ევროკავშირში და ახლა რასაც დღევანდელი მთავრობა გვთავაზობს, არ ვიცი რას აპირებენ – გვაპარებენ ალბათ აფხაზეთის აღიარების გეგმას და ასე აფხაზეთში ჩასვლას მე ვერ მოვახერხებ. ამიტომ მინდა საქართველოს შემადგენლობაში მყოფ აფხაზეთში ჩასვლა, სადაც ვიცხოვრებ ნორმალურად ჩემს აფხაზ და ქართველ ნათესავებთან ერთად.

ჩვენ ერთი ვართ {ამბობს აფხაზურად}, ჩვენი საერთო სამშობლო არის საქართველო და აუცილებლად უნდა გავმთლიანდეთ. აფხაზების, როგორც ქართველების განვითარება არის ევროპაში – იქ ერთად შევძლებთ, რომ უკეთ განვვითარდეთ.

აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, პირველ რიგში, საერთო ღირებულება გვაქვს თავისუფლება – ეს არის ის, რაც გვაკავშირებს ევროკავშირთან. მეორე კი, მე როგორც ნაწილობრივ აფხაზი გეტყვით, რომ აფხაზური კულტურა და ენა დღეს გაქრობის პირასაა რუსეთის წყალობით… აფხაზური მემკვიდრეობის დაცვა არის ევროკავშირში, გამთლიანებულ საქართველოში.

ევროკავშირში არსებობს დაცვის კანონი მცირერიცხოვანი ენებისთვისაც, რაც აფხაზურსაც რათქმაუნდა ეხება და ყველა კავკასიურ ენასაც – მათ შორის აბაზურსაც. აბაზურად კიდევ უფრო ცოტა საუბრობს ვიდრე აფხაზურად. თუ უნდათ რომ მათი ენა გადარჩეს, აფხაზური კულტურა გადარჩეს, პირველ რიგში, უნდა შევრიგდეთ, და ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი. თუ აფხაზეთის დაბრუნებამდე გავხდებით ევროკავშირის წევრი კარგი იქნება, მერე თუ დაბრუნდებიან – ნახავენ, რამდენად კარგია ევროკავშირში ცხოვრება.“ – ალექსანდრე ბერაია, დევნილი აფხაზეთიდან.