22 ოქტომბერს გამოვლინდებიან 2024 წლის გამარჯვებულები, ნომინაციაში „მშვიდობიანი პროტესტის უფლება და მისი გაშუქება.“ სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, პრემიაზე ნომინირებულები არიან ,,რადიო თავისუფლების“, ,,პუბლიკას“, OC Media-ს, ,,სტუდია მონიტორის’’, ,,ბათუმელების’’ ჟურნალისტები. პრესრელიზს ავრცელებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ,,ლექსო – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ ადამიანის უფლებათა სახლმა 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისა და TV “პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააწესა. პრემიის მიზანი საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარებაა. წლევანდელი პრემია განკუთვნილი იქნება იმ მედია პროფესიონალებისათვის, რომლებიც თავიანთი საქმიანობის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით აშუქებენ პროტესტს.
ღონისძიების დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პერტ კუბერნატი; ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე/მეორე მდივანი, რებეკა ლი; თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე, ლელა ცისკარიშვილი. დამსწრეებს ვიდეო მიმართვით მიესალმება გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ, მერი ლოულორი.