ევროკომისიის ახალი შემადგენლობა და მოლოდინები საქართველოსთვის

ოქტომბერი 23, 2024
ევროკომისიის ახალი შემადგენლობა და მოლოდინები საქართველოსთვის

2024 წლის 6-დან 9 ივნისამდე ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელმა ამომრჩეველმა ხუთწლიანი ვადით ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა აირჩია. შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი მანდატი კვლავ ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მიიღო, თუმცა ცვლილებები შეეხო ზოგად საპარლამენტო გადანაწილებას – გაიზარდა ულტრამემარჯვენე პარტიების საერთო წილი და მოულოდნელი მარცხი განიცადა პარტია Renew Europe-მა (ყოფილი ALDE). ცვლილებების მიუხედავად, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მეორე ვადით გააგრძელა, თუმცა ცვლილებები შეეხოთ ევროკომისრებს და საბოლოოდ, სექტემბერში ფონ დერ ლაიენმა ახალი კანდიდატები წარადგინა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან. ზოგიერთი მათგანი სამუშაო მიმართულების გამო საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის პირველი ვადის ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა უკრაინაში რუსეთის შეჭრა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყება იყო. უკრაინის ომმა ევროპის და მთელი მსოფლიოს პოლიტიკა მრავალ ასპექტში შეცვალა. სწორედ ევროპასთან ზედმეტად ახლოს ომის დაწყებამ და რუსეთის გაზრდილმა საფრთხემ გააღო ე.წ. შესაძლებლობების ფანჯარა ევროკავშირის წევრობის მსურველი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის და უკრაინამ, მოლდოვამ, მოგვიანებით კი საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვეს. გაფართოების მიმართულებით ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდი პროცესის შეჩერებას არ გეგმავს, რასაც მოწმობს თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ მარტში ფონ დერ ლაიენი ევროკავშიის რეფორმების ზოგადი ჩარჩოს ღირებულებების, პოლიტიკის, ბიუჯეტისა და მმართველობის მიმართულებების გადახედვის პროექტში კანდიდატი ქვეყნების ინტეგრირების ინიციატივით გამოდიოდა. ის ასევე ითხოვდა 2028-2034 წლების ბიუჯეტისთვის მომზადებისას გაფართოების შესაძლებლობის გათვალისწინებას.

“თუ აქამდე რეფორმები საჭირო იყო, გაფართოებასთან ერთად ეს შეუქცევადი გახდა” – ვკითხულობთ ფონ დერ ლაიენის წერილში. ასევე, ყველა ახალი კომისრისთვის წარდგენილ პორტფოლიოში, ერთგვარ მისიის წერილში, ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალი ხუთწლეულის ევროპის ერთ-ერთ მთავარ მიზნად კანდიდატი ქვეყნების დახმარებას მიუთითებს. ასევე, ფონ დერ ლაიენი გეგმავს გაფართოებისწინა პოლიტიკის მიმოხილვების წარდგენას, რათა ეს ქვეყნები საბოლოოდ გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები.

ახალი ევროკომისრებიდან საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კაია კალასი დაიკავებს და ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გახდება. კალასი ამ პოსტზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. კალასის პორტფოლიოში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია უკრაინის მიმართ ევროპის უწყვეტ მხარდაჭერაზე, ევროპის თავდაცვის მომავალზე და ახალი გამოწვევების, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ევროკავშირის მზადყოფნის დონის გაზრდაზე. თავად კაია კალასი ესტონეთის პრემიერმინისტრობის პერიოდში გამოირჩეოდა ძალიან მკაფიო პოლიტიკური პოზიციონირებით რუსული აგრესიის და საფრთხის წინააღმდეგ. ის მუდმივად ხაზს უსვამდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის აუცილებლობას და დასავლეთს რუსეთის საფრთხეების არასათანადოდ შეფასებაში ადანაშაულებდა წინა საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში გერმანიის მიმართ ევროპის შეუსაბამო პოლიტიკასთან პარალელის გავლებით. კაია კალასი ასევე კრიტიკულად აფასებდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ბოლო წლების მანძილზე და აცხადებდა, რომ მომავალი ქმედებები ფოკუსირებული უნდა იყოს არა ევროკავშირისგან დაშორებაზე, არამედ მასთან დაახლოვებაზე. მოსალოდნელია, რომ მიუხედავად ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერისა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, “ქართული ოცნების” მოქმედი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში კალასის პოლიტიკა იქნება ბორელის მიდგომებზე არანაკლებ მკაფიო და მომთხოვნი.

ასევე, ქართული კონტექსტისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ თავდაცვის და კოსმოსის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას ლიეტუველი ყოფილი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დაიკავებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დასახული გეგმის მიხედვით, კუბილიუსის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა NATO-სთან მჭიდრო თანამშომლობის პარალელურად და სამხედრო მობილურობის და სამხედრო ინდუსტრიის გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარის მანდატით მუშაობისას ანდრიუს კუბილიუსი გამორჩეულად კრიტიკული იყო “ქართული ოცნების” მიმართ და ღიად აცხადებდა, რომ ეს პარტია საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კუბილიუსის მიმართება “ქართულ ოცნებასთან” კვლავ უარყოფითი დარჩება, თუმცა გაგრძელდება მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ.

საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას – ევროკავშირის გაფართოებას მარტა კოსი ჩაიბარებს. ეს სლოვენიელი დიპლომატისთვის პირველი პოზიცია იქნება ევროკავშირის სტრუქტურებში. აქამდე მას უმუშავია, როგორც სლოვენიის ელჩს გერმანიაში, ლატვიაში, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში, ასევე საკონსულტაციო კომპანიებსა და სლოვენიის სავაჭრო პალატაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური გზამკვლევის მიხედვით, მისი საქმიანობის ნაწილი იქნება ევროკავშირის პერსპექტივის მქონე ქვეყნებში სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების თანდათანობითი ინტეგრაციის ხელშეწყობა და ამ პროცესში კანონის უზენაესობასა და ევროპულ ფუნდამენტურ ღირებულებებზე ყურადღების გამახვილება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევაზე აკეთებენ აქცენტს ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში ე.წ. “აგენტების კანონის” განხილვისას. მარტა კოსის პორტფოლიოში ასევე აღნიშნულია, რომ მან კაია კალასთან ერთად უნდა იმუშავოს შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის ყველა პოლიტიკას თანმიმდევრულ სტრატეგიასთან თანხვედრაში მოაქცევს. ამას გარდა, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე გაფართოების კომისრის სამუშაო მიმართულებებიდან ერთ-ერთი ძირითადი იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის კოორდინირებული პოლიტიკის ჩამოყალიბება, რაც შესაძლოა საქართველოსთვის და უკვე სომხეთისთვის ევროკავშირთან დაახლოების ახალი ფორმატის შესაძლებლობას გულისხმობდეს.

ასევე საყურადღებოა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ახალი კომისარი მაიკლ მაკგართი, რომელიც აქამდე ირლანდიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მაიკლ მაკგართის პორტფოლიო მოიცავს შესასრულებელ მიზნებს ცალ-ცალკე დემოკრატიის დაცვის, კანონის უზენაესობის გაძლიერების და სამართლიანობის მიმართულებით. ურსულა ფონ დერ ლაიენი მაკგართის მიმართულების ძირითად მიზნებში გამოყოფს ახალი ევროპული დემოკრატიის ფარის (European Democracy Shield) კონცეფციის შემუშავებას, რაც ევროპის დემოკრატიისთვის არსებული რისკების წინააღმდეგ მუშაობას გულისხმობს. ამას გარდა, მაიკლ მაკგართის დღის წესრიგში იქნება დეზინფორმაციის, უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების და უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა.

ევროპული საბჭოს 2024 წლის ივნისში მიღებულ შემაჯამებელ დოკუმენტზე დაყრდნობით, დიდად მოსალოდნელია, რომ ევროპული დემოკრატიის ფარის პროექტი სხვა გამოწვევებთან ერთად კონცენტრირდება რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
საბოლოოდ, როგორც ჩანს, ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალი გუნდისთვის რუსეთიდან მომავალი სამხედრო თუ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება. ახალი კომისრების პოლიტიკური რეპუტაცია და პორტფოლიოები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვინმე საქართველოს ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე თვალს დახუჭავს. ამის მიუხედავად, ევროკავშირთან დაახლოების გაზრდილი შესაძლებლობა უკრაინაში შეჭრიდან მოყოლებული ინერციით უკრაინისთვის, მოლდოვასთვის და საქართველოსთვის კვლავ არსებობს, სწორი პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში.

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ფონ დერ ლაენის გუნდის სახით (კალასი, კუბილიუსი, კოსი) მკაფიო სიგნალია და მიუთითებს რუსეთის ჰიბრიდული ომისგან სისტემური დაცვის გაძლიერებაზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის სტრატეგია და სამხრეთ კავკასიის მიმართ კოორდინირებული პოლიტიკის შემუშავების პრიორიტეტიზაცია.

გაფართოების კომისრის პორტფოლიოში ევროპული ღირებულებების ხაზგასმა და დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე ცალკე კომისრის არსებობა მიუთითებს, რომ ევროკავშირი უარს ამბობს “გეოპოლიტიკური კომპრომისების” პრაქტიკაზე – კანდიდატი ქვეყნებისგან მოითხოვება არა მხოლოდ ფორმალური შესაბამისობა კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან, არამედ რეალური დემოკრატიული მედეგობის შექმნა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ახალი კომისიის პრიორიტეტებში ჩანს მკაფიო აქცენტი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ აღარ იქნება საკმარისი მხოლოდ ტექნიკური შესაბამისობა პროცედურულ ნაწილში – აუცილებელი იქნება საფუძვლიანი დემოკრატიული რეფორმები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირი აძლიერებს თავის თავდაცვით და უსაფრთხოების განზომილებას.

ავტორი: ნინი ლომიძე