საქართველოში ჩეხი ჟურნალისტი არ შემოუშვეს

ოქტომბერი 23, 2024
საქართველოში ჩეხი ჟურნალისტი არ შემოუშვეს

საქართველოში ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი არ შემოუშვეს, – ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა. „დღეს, 19:30 საათზე, უარი მითხრეს ქვეყანაში შესვლაზე დასაბუთების ან დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე, ეს მიუღებელია, ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს“, – იტყობინებოდა გუშინ, 22 ოქტომბერს ჟურნალისტი.
ჟურნალისტმა “სტუდია მონიტორს” მისწერა, რომ უპირებდნენ ტელეფონის ჩამორთმევას, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.

რეი ბეისლი საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე იმყოფებოდა, რა დროსაც აქტიურად აშუქებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.

ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შემოუშვას ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში, რათა მან პროფესიული მოვალეობის განხორციელება შეძლოს.

ამავე თემაზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი DRC აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია კანონის ფარგლებში უზრუნველყოს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ჟურნალისტების მხარდაჭერა და წვდომა იმ ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. დემოკრატიის კვლევის ცენტრი მიიჩნევს, რომ თუკი ბუნდოვანი და გაურკვეველი მიზეზით, გაგრძელდება უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არ შემოშვების პრაქტიკა, ეს სათანადოდ აისახება არჩევნების ხარისხზე და აუცილებლად მოახდენს ნეგატიურ გავლენას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზეც.