18 ოქტომბერს, თბილისში, „დოიჩე ველე აკადემიამ“ პარტნიორებთან -„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ და „ღია სივრცე კავკასია“ (COS) – ერთად, ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მომზადდა პროექტის -„ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ – ფარგლებში.
„ღია სივრცე კავკასიას“ (COS) მიერ წარმოდგენილი შუალედური კვლევის „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო გარემოს სიღრმისეული ანალიზი“ მიხედვით, გამოწვევებია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების კუთხით. კვლევის თვისებრივი მონაცემების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში:
– ფართოდ გავრცელებულია ეკონომიკური ძალადობის ნიშნები: საქართველოში რეგისტრირებულია ნახევარ მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი, და ასობით ათასი მოქალაქე, ვინც დასაქმებულია საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში. მოქალაქეები საუბრობენ სხვადასხვა სოციალური ბენეფიტების დაკარგვის რისკებზე: (სტუდენტური სტატუსი, სოციალური დახმარება, საცხოვრისი და სხვა).
– გაუარესდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის სამუშაო გარემო: (თანამშრომლების გადინება, სადამკვირვებლო მისიების დაკომპლექტების სირთულეები, ზეწოლა-მუქარები ადგილობრივ დონეზე როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლების, ასევე არაიდენტიფიცირებული ჯგუფების მხრიდან).
– გართულდა მდგომარეობა პოლიტიკური პარტიებისთვისაც: ფართოდ გავრცელებული შიში, დეზინფორმაცია ართულებს პოლიტიკური ჯგუფებისთვის წინასაარჩევნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას. კოალიციების ფორმირების წესის ცვლილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა პოლიტიკური გაერთიანებების ფორმირების პროცესზე. გენდერული კვოტების გაუქმებამ დამატებითი ფინანსური სირთულე შეუქმნა პოლიტიკურ პარტიებს.
– დეზინფორმაცია და პროპაგანდა – გავლენა პოლიტიკურ გარემოზე: წინასაარჩევნო გარემო გაჯერებულია მძლავრი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ფონით. წამყვან ნარატივებს შორისაა ომის შიშის დანერგვა, ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გამოყენება და სხვა.
– ამომრჩევლები – საარჩევნო უფლების განხორციელება: საზიანოა მოქალაქეების განწყობები, წარმოდგენები და ინფორმირებულობის ნაკლებობა ელექტრონული საშუალებებით გამართული არჩევნების შესახებ. საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო, ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება შორ მანძილზე არჩევნებში მონაწილეობა.
საბოლოო კვლევა გამოქვეყნდება არჩევნების დღის შემდგომ და კენჭისყრის დღის შეფასებასაც მოიცავს.