ძალადობა არჩევნების დღეს: მედიის მიმოხილვა

ოქტომბერი 26, 2024
ძალადობა არჩევნების დღეს: მედიის მიმოხილვა

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მედია საშუალება აქვეყნებს ფოტო-ვიდეო მასალას, უბნებზე განხორციელებული ძალადობრივი ფაქტების შესახებ. გიზიარებთ მათ ნაწილს:

„მე-9 უბანი! „ქართული ოცნების” ზონდერი გიორგი ჯიქია ფიზიკურად უსწორდება დამკვირვებლებს და ოლქის წევრებს!”, — წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში. (ზუგდიდი, უბანი 9), პუბლიკა.

„ახმეტაში მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაგვესხნენ სავარაუდოდ უბნის მაყურებლები, როცა შესასვლელიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან მათი და “ქართული ოცნების” კოორდინატორების გასვლა მოვითხოვეთ. დღეს მეც და ლადოც დამკვირვებლების სტატუსით ვმუშაობთ. ტელეფონი წაგვართვეს, რის გამოც პირველი ინციდენტი ვერ გადავიღეთ. ტელეფონის დაბრუნების შემდეგაც გადაღებაში ხელი შეგვიშალეს, დაგვარტყეს, მოგვაფურთხეს და გვაგინეს. მანამდე, ახმეტის 1-ელ უბანში შევესწარით ფაქტს, როგორ გადასცა “ოცნების” კოორდინატორმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული, ამბობს, რომ ვალი გაუსტუმრა. 112-ზე დავრეკეთ, რეაგირება არ არის,“ – წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში (ახმეტა, უბანი 11), მთის ამბები.

„გავრცელდა ვიდეო, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აზად ქარიმოვს მარნეულის 74-ე უბანზე. ქარიმოვის თქმით, მას ყიზილაჯლოს მაჟორიტარმა, საკრებულოს წევრმა დაარტყა,“

„მარნეულში, 74-ე უბანზე ენმ-ის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აზად ქარიმოვს სცემეს. არსებული ინფორმაციით, უბნიდან ცდილობდნენ გაეძევებინათ დამკვირვებელი, რომელიც დარღვევებზე მიუთითებდა, მოგვიანებით შენობაში შევიდნენ უცნობი პირები და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.“
– ავრცელებს პუბლიკა სოციალურ ქსელში (მარნეული, უბანი 74).

„ქუთაისის N 2 საარჩევნო უბანზე CNEWS – ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე სცემეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა ადგილზე სიებიანი ადამიანები აღმოაჩინა. არაფორმალები დაცვის თანამშრომლების ოთახში იყვნენ მობილიზებულები. მათი აგრესია სწორედ ჟურნალისტის გამოჩენამ გამოიწვია,“ – ავრცელებს ტვ პირველი (ქუთაისი, უბანი 2).

„სალომე კენჭიაშვილს, რომელიც დამკვირვებელია ნაძალადევის 23/24 საარჩევნო უბანზე, უბნის გარეთ მდგარმა ერთ-ერთმა კაცმა ხელი კრა. როგორც კენჭიაშვილი ამბობს, მანამდე ის უბანთან მდგომ კაცებს ეუბნებოდა, რომ საარჩევნო უბანთან დგომის დისტანცია კანონის შესაბამისად დაეცვათ,“ – წერს პუბლიკა (ნაძალადევი, უბანი 23/24).

„რუსთავის 33-ე საარჩევნო უბანზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევა სცადეს,“ – წერს რადიო თავისუფლება (რუსთავი, უბანი 33).

„ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ისანში – 56-ე საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე მყოფი დამკვირვებლები “პირველებს” უყვებიან, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც თავს დამკვირვებლებად ასაღებენ. “პირველების” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს რომ რამდენიმე კაცი ხელკეტებით გადადგილდებიან. 20-ზე მეტი პიერი მანქანებს ფეხს ურტყამდნენ და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, რის შედეგადაც ავარია მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ უბანზე ხმის მისაცემად მივიდა,“ – წერს ტვ პირველი (ისანი, უბანი 56).

„ტვ პირველი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, ქვედა ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანზე ყოფნისას მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, დამტვრეულია ტელეკომპანიის აპარატურა. როგორც პირდაპირი ჩართვისას ჟურნალისტმა განაცხადა, უბანზე გადამღები ჯგუფი მივიდა, რადგან ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მოქალაეები სიებით, რომლებიც ინიშნავდნენ ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა, ვის დაუჭირეს მხარი. მას შემდეგ რაც „ტვ პირველის“ ჯგუფმა სიების გადაღება დაიწყო მოქალაქეები გაღიზიანდნენ, დაამტვრიეს აპარატურა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „გადავიღეთ სპეციალირი სიები, როგორ არიგებდნენ ფულს და ამან გამოიწვია გაღიზიანება… ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს, ადგილზე მოსულია პოლიცია და სიტუაციაში ერკვევიან“,- ჰყვება „ტვ„ პირველის“ ჟურნალისტი, მოამზადა პუბლიკამ.

„ვითარება დაძაბულია ნაძალადევშიც. N 21 ბაგა ბაღში მოწყობილ საარჩევნი უბანთან ჯოხებით შეიარაღებული პირები დგანან და ამომრჩევლის დაშინებას ამ გზით ცდილობენ. განსაკუთღებულად აგრესიულები ისინი მედიის წარმომადგენლების მიმართ არიან,“ წერს ტვ პირველი (ნაძალადევი, უბანი 21).

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ. ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან ათობით ადამიანი მივიდა, რომლებსაც პირბადეები ეკეთათ და სახეები დამალული ჰქონდათ. როგორც ვიდეომასალებში ჩანს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც,“ – წერს ნეტგაზეთი.

„ხელჩართული ჩხუბი გლდანში – მე-60 საარჩევნო უბანთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია. ოპოზიციის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ არჩევნებს გლდანში აგებს და საარჩევნო პროცესის ჩაშლას ძალადობით ცდილობს. ადგილზე დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდს ჰქონდა ადგილი. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სპეცოპერაციას “ოცნების” მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილი და მისი დაჯგუფება ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფება “ერთობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ეძგვერაძე. კუჭაშვილის დაჯგუფება საკრებულოს დეპუტატს პერიოდულად სიტყვიერად უპირისპირდება,“

„გლდანში, N 60 საარჩევნო უბანზე მომხდარ ხელჩართული ჩხუბის დროს ერთ-ერთი დამკვირვებელი დაშავდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ნაცემი ახალგაზრდა ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდულის წევრები არიან. მისი თქმით, ისინი სუსის დავალებას ასრულებენ, რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ამ პროცესის ჩაშლას ახლა ძალადობით ცდილობს.“ – წერს ტვ პირველი (გლდანი, უბანი 60).

„ისანში, N99 საჯარო სკოლასთან, რომელშიც 3 საარჩევნო უბანია გახსნილი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემია რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთ ავტომობილს უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს,“ – ტვ პირველი, პუბლიკა (ისანი, უბანი 99).

„”ტვ პირველისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრს ხელკეტებით გაუსწორდნენ.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელები კი ადგილიდან მას შემდეგ მიიმალნენ, რაც ოპოზიის თქმით, მათ პოლიციამ კორდონი გაუკეთა.
როგორც ირკვევა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კობა ტყეშელაშვილი, კალაძის ყოფილი დაცვა და “ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი. მისი სახელი კორცხელის ინციდენტში ფიგურირებს,“ – წერს ტვ პირველი, (ისანი, უბანი 9).

„ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში, N9 საარჩევნო უბანთან,“ ავრცელებს ფორმულა ტვ.

“მე-9 უბანზე ისევ მობილიზება ჰქონდათ ე.წ. ძველი ბიჭები არიან თუ ვინ არიან, არაფხიზელ მდგომარეობაში , უბანთან სვამდნენ, ზუსტად უბნის კიბეებთან და ამის შემდეგ რომ მივედით გასარკვევად , ზუსტად ის ადამიანები ვინც ბოთლები დამიშინა და რამდენიმე საათის უკან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, თავს დაგვესხნენ, მუცელში მაქვს ჩარტყმული წიხლი არ ვიცი რა ჩამარტყეს, ასევე ყბის და თავის არეში, საშინელი ტკივილი მაქვს… ცივი იარაღები ჯიბეებიდან უცვიოდათ, როცა გვესროდნენ მძიმე საგნებს, ერთ – ერთი იყო ცივ იარაღით, ჯეო ჰოსპიტალში ვარ ახლა გადმოყვანილი,” – ამბობს დოლიძე, ავრცელებს მთავარი ტვ (ისანი, უბანი 9).

„ისანში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, პოლიციელებმა გააჩერეს ერთ-ერთი ავტომობილი და იქ მსხდომ 4 ადამიანს მობილური ტელეფონები ჩამოართვა,“ – ავრცელებს ტვ ფორმულა (ისანი, უბანი დაუზუსტებელი).