ყოფილი მოსამართლის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა დაადგინა

ნოემბერი 8, 2024
ყოფილი მოსამართლის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი მოსამართლის მაია ბაქრაძის მიმართ გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება დაირღვა. ევროპულმა სასამართლომ მიკერძოებულად ჩათვალა საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება, რითაც მაია ბაქრაძეს მოსამართლედ ხელახლა დანიშვნაზე უარი უთხრეს.

„ველოდი სტრასბურგის სასამართლოსგან ამგვარ გადაწყვეტილებას, რადგან ის დარღვევები, რაზეც ვსაუბრობდი, ზედაპირზე იყო. სტრასბურგმა, განსხვავებით შიდა სასამართლოებისაგან, ეს დარღვევები დაინახა და შეაფასა“- უთხრა „მაისი ნიუსს“ მაია ბაქრაძემ.

ყოფილი მოსამართლის თქმით, სისტემაში რღვევა 2007 წლიდან დაიწყო, როცა ხელისუფლებამ სასამართლოში გარკვეული გავლენიანი ჯგუფი დანიშნა. მათი მიზანი შიგნით არსებული ვითარების კონტროლი იყო.

„2007 წლიდან მოსამართლეთა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ვითარება უარესდებოდა. ამიტომ 2013 წელს მოსამართლეებმა შევქმენით ორგანიზაცია, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეთა ერთობა იყო. ვფიქრობდით, სისტემაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება შეგვეძლო, კრიტიკულად ვუდგებოდით იუსტიციის საბჭოს იმ დროინდელ მოქმედებებს. სწორედ ეს იყო განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც უვადო მოსამართლედ არ დავინიშნე“ – ამბობს ყოფილი მოსამართლე.

10 წლიანი სამოსამართლო ვადის ამოწურვის შემდეგ, მაია ბაქრაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ 2 კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, ორივე შემთხვევაში უარი უთხრეს.

„სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში კორპორატიული მმართველობის სტილია, როცა ლოიალურ ადამიანებს ნიშნავენ მოსამართლეებად. გასაუბრება ისეთ რეჟიმში წარიმართა, რომ ჩემი კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის გამოკვლევა არ მომხდარა. მთელი გასაუბრება ეხებოდა „ მოსამართლეთა ერთობას“, ერთგვარ ანგარიშს მთხოვდნენ მის შესახებ“ – იხსენებს ბაქრაძე.

მისივე თქმით, „მოსამართლეთა ერთობა“ ე.წ. სასამართლო კლანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. არსებობდა რეალური საფუძველი, რომ სასამართლოში საკვანძო ადგილები სწორედ ამ ერთობის წევრ მოსამართლეებს დაეკავებინათ – „მოსამართლეთა ერთობას“ თავისი კანდიდატები ჰყავდა იუსტიციის საბჭოში, მოსამართლეთა კონფერენციებზე, რომელიც დღევანდელთან შედარებით დემოკრატიული იყო, გვყავდა რამდენიმე კანდიდატი, არსებობდა კონკურენცია. მათთვის ეს ერთობა საფრთხის შემცველი იყო. ამიტომ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული მექანიზმი – უვადო დანიშვნა. ფაქტობრივად, ამით ეს ორგანიზაცია გაანეიტრალეს“ – ამბობს „მაისი ნიუსთან“ საუბარში მაია ბაქრაძე.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გასაუბრებისას ბაქრაძისთვის დასმული შეკითხვების უმეტესობა მიკერძოებული იყო და ის შეეხებოდა „მოსამართლეთა ერთობასა“ და ამ ორგანიზაციაში ბაქრაძის როლს, ასევე, მის ხმამაღალ კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.

„მაია ბაქრაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემაში ნამდვილად არის სერიოზული პრობლემები. განსაკუთრებით ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნებს. იმ პერიოდში მე ვიყავი დირექტორი ამ ასოციაციის და მაია გამგეობის წევრი, გასაუბრებაზე მისულს ჩემი პოსტების შესახებ ეკითხებოდნენ. აინტერესებდათ მაია ბაქრაძე თუ ეთანხმებოდა ჩემს კრიტიკულ პოსტებს. მოსამართლეთა თავისუფლება ქვეყანაში დაცული არ არის და ეს ამ პრობლემასაც წარმოაჩენს“ – გვითხრა „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ევროპული სასამართლოს განმარტებით, კანდიდატის შეფასების პროცესში, სწორედ „მოსამართლეთა ერთობაში“ მაია ბაქრაძის როლმა და ამ როლთან დაკავშირებულმა აქტივობებმა იქონია გავლენა.
„ჩემი მიზანი იყო დამედგინა, რომ მე არ ვარ არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი. კრიტიკული, განსხვავებული აზრის გამო, დამსაჯეს. დღესაც მიმაჩნია, რომ სასამართლოში განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს. ეს ინსტიტუტი უნდა გაჯანსაღდეს. არ შეიძლება მონოლითური ერთობა, გადაწყვეტილებას ერთი ან ორი კაცი არ უნდა იღებდეს.“ – ამბობს ყოფილი მოსამართლე.

ყოფილი მოსამართლე აღნიშნავს, რომ ეროვნულ დონეზე არც ერთი ინსტანციის მოსამართლეს არ ეყო იმის გამბედაობა, რომ იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ წასულიყო. გამარჯვებული მოსამართლე უახლოეს მომავალში გეგმავს ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებს და შემდგომ გადაწყვეტილებებს მისი ინტერესების დამცველ ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“ ერთად მიიღებს.

ავტორი: სალომე გოგოხია