რა ვიცით ირანის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული აჰუ დარიაეის მდგომარეობაზე

ნოემბერი 10, 2024
რა ვიცით ირანის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული აჰუ დარიაეის მდგომარეობაზე

2 ნოემბერს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო კადრებმა ირანიდან, სადაც ჩანს ახალგაზრდა სტუდენტი ქალი, რომელმაც მორალის პოლიციის ქმედებებზე პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის ეზოში ტანსაცმელი გაიხადა. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიჰყავს უსაფრთხოების სამსახურის, სავარაუდოდ ბასიჯის გასამხედროებული ჯგუფის, თანამშრომლებს ქალი ძალის გამოყენებით და მას შემდეგ დადასტურებულად მის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოგვიანებით სოციალური ქსელების ანგარიშებიდან გაირკვა, რომ ის 30 წლის აჰუ დარიაეია და აზადის ისლამურ უნივერსიტეტში ფრანგული ლიტერატურის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობდა. მას შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ მხარდამჭერ პროტესტზე, აჰუ გახდა ქალთა მიმართ ძალადობასთან წინააღმდეგობის სიმბოლო.

პეტიციების პლატფორმაზე, Change.org-ზე ვრცელდება 6 ნოემბერს გამოქვეყნებული პეტიცია, დაკავებული ქალის გათავისუფლების მოთხოვნით:

„ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ეს გამორჩეულად გაბედული პროტესტი მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს. Amnesty International-ის თანახმად, ირანში ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაცია და ძალადობა სისტემური ხასიათისაა. ამ პეტიციით, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანის მთავრობამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აჰუდარიაეი. გამბედაობით სავსე ამ ახალგაზრდა ქალმა დაიცვა ყველა ქალის თავისუფლებისა დათანასწორობის უფლება. ჩვენი ხმები უნდა ისმოდეს აჰუს და ყველა იმ ქალის მხარდასაჭერად, ვინც მსგავს მდგომარეობაში გაბედულად უწევს წინააღმდეგობას. არ მივატოვოთ ისინი. მოაწერეთ ხელი ამ პეტიციას, აჰუდარიაეის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.“ პეტიციას ხელს აწერს 130’000-ზე მეტი ადამიანი.

როგორც ცნობილია, თეირანის აზადის ისლამური უნივერსიტეტის ეზოში მორალის პოლიციის წარმომადგენელმა ქალს მუსლიმური თავსაბურავის, ჰიჯაბის არასწორად ტარებაზე შენიშვნა მისცა და მას ფიზიკურად შეეხო, რის შემდეგაც მან ტანსაცმელი დემონსტრაციულად გაიხადა. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქალები ვალდებული არიან ჰიჯაბი ატარონ, რასაც საჯარო სივრცეებში მორალის პოლიცია აკონტროლებს. ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატემე მოჰაჯერანმა 5 ნოემბერს მედიასთან თქვა, რომ დაკავებული ქალი პოლიციამ სპეციალურ სამკურნალო ცენტში გადაიყვანა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის მკურნალობის პროცედურას გადის აჰუ დარიაეი. მისი თქმით, ეს შემთხვევა ირანისთვის უსაფრთხოების პრობლემას არ წარმოადგენს და ის უბრალოდ “პრობლემური ინდივიდია”, რომელსაც მენტალური პრობლემის მოგვარება სჭირდება. მოჰაჯერანმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელებში ცნობილი ვიდეო დაკავებულის ქმარმა გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულის წინააღმდეგ ოფიციალურად საქმე არ აღძრულა.

“ძალიან ადრეა, რომ სტუდენტის უნივერსიტეტში დაბრუნებაზე ვისაუბროთ. მისი ქმრის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, მას მკურნალობა სჭირდება და [მკურნალობა] უნდა დასრულდეს, სანამ შემდგომ ნაბიჯებს გადავდგამთ” – ნათქვამია მოჰაჯერანის განცხადებაში.

ასევე, სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა აზადის ისლამური უნივერსიტეტის პრესსპიკერმა ამირ მაჰჯობმა, სადაც ის დაკავებულ აჰუ დარიაეის ორი შვილის დედად მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მას მძიმე ფსიქიკური აშლილობა აქვს.

საერთაშორისო მედია გამოცემები დაკავებული აჰუ დარიაეის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებენ. ირანული ოფიციალური წყაროები თავდაპირველად არ ავრცელებდნენ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელ ფსიქიატრიულ დაწესებაშია გადაყვანილი აჰუ დარიაეი. 13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თეირანში სპეციალური სამედიცინო დაწესებულება ამოქმედდება იმ ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარების წესს არ ემორჩილებიან. დაწესებულების მმართველის მეჰრი თალები დარეტსანის თქმით, ეს იქნება ფსიქიკური მკურნალობის და მეცნიერების ცენტრი სპეციალურად მოზარდი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის, რომლებიც სოციალურ და ისლამურ იდენტობას ეძებენ. დარესტანმა ასევე თქვა, რომ პროექტი ფოკუსირებული იქნება ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა ღირსება, მოკრძალებულობა, უბიწოება და ჰიჯაბის ტარების წესი. აღნიშნულ კლინიკაზე ზედამხედველობა დაევალება ირანის სათნოების გაძლიერების და ბოროტების არიდების შტაბბინას, რომელიც ზოგადად, საზოგადოებაში მკაცრი რელიგიური წესების აღსრულებაზე პასუხისმგებელი. ამასთან, ეს დეპარტამენტი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის და სხვა სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების და ქალების სასტიკად დასჯის პრაქტიკის გამო.

აჰუ დარიაეის შემთხვევამ კვლავაც წინ წამოწია საკითხი ირანში ქალების უფლებების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მხრივ უმძიმესი სიტუაციის შესახებ. სტუდენტ ქალს და ზოგადად, ირანელ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადეს აქტივისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

ერთ-ერთი გამორჩეული აქცია-პერფორმანსი ჩატარდა ლონდონში, სადაც მსვლელობაში მონაწილეობდა აჰუ დარაიეის მსგავსად ჩაცმული ერთი აქტივისტი და სხვა ქალებს ეცვათ წითელი ფორმები სერიალიდან “მხევლის წიგნი”, რომელიც ქალების ჩაგვრაზე დაფუძნებული ტოტალიტარულ საზოგადოებას აღწერს ანტიუტოპიურ გარემოში. აღნიშნული საპროტესტო აქცია ორგანიზაცია Stage of Freedom-მა დააორგანიზა, რომელიც 2022 წელს მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაფუძნდა და მისი მიზანია ირანში ქალების მძიმე უფლებრივი მდგომარეობის საკითხის აქტუალურობის გაზრდა.

ირანის ადამიანის უფლებების ცენტრმა 13 ნოემბერს ინფორმაცია გაავრცელა რეჟიმის მიერ დაკავებულ კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალზე ირანში. მათი ცნობით, 25 წლის როშანაკ მოლაეი ალიშაჰი 2022 წლიდან ჰიჯაბის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტია და ის დააკავეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ავიწროვებს მას უცნობი მამაკაცი ქუჩაში. სოციალურ ქსელში როშანაკ მოლაეი ალშაჰი ამ ვიდეოს აღწერდა შემდეგი სიტყვებით: “ირანში ქალად ყოფნის სცენა”. ალიშაჰმა ეს ვიდეო 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა, 3 ნოემბერს კი ის პოლიციაში დაიბარეს და დააკავეს.

2022 წელს მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ ირანში მორალის პოლიციის ძალადობრივი წნეხი ქალებზე გაიზარდა. მაჰსა ამინის მორალის პოლიციამ 2022 წელს ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა და ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც 22 წლის მაჰსა ამინი პატიმრობაში დაიღუპა. ამ ამბავს ირანში მასობრივი პროტესტის ტალღა მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ ირანის უსაფრთხოების ძალებმა ძალის გამოყენებით ჩაახშეს. აღნიშნული საპროტესტო ტალღა ირანში მრავალმხრივი იყო და მოიცავდა, როგორც ზოგად პროდემოკრატიულ მოთხოვნებს, ასევე კონკრეტულად ჰიჯაბის ტარების სავალდებულო წესის წინააღმდეგ გამოსვლებს, სადაც ქალები დემონსტრაციულად წვავდნენ თავიანთ ჰიჯაბებს.

ნოემბრის ირანული საპროტესტო სერია აჰუ დარაიეის ქმედებით არ დასრულებულა. 13 ნოემბერს ირანში რეჟიმის საწინააღმდეგო პროტესტს ემსხვერპლა ცნობილი ირანელი აქტივისტი კაინუშ სანჯერი, რომელმაც სოციალურ ქსელში კონკრეტულ ვადაში ოთხი პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობდა, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. მის მიერ დასახელებული პოლიტპატიმრები ირანულმა რეჟიმმა 2022 წელს მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაიჭირა. თავად კაინუშ სანჯერი პოლიტიკური აქტივიზმისთვის 1999 წლიდან 2007 წლამდე იხდიდა სასჯელს ირანში, შემდგომ კი მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ნორვეგიისგან და დაიწყო მუშაობა ვაშინგტონში “ამერიკის ხმის” სპარსულ სამსახურში. 2016 წელს კაინუშ სანჯერი ირანში მშობლებთან დაბრუნდა, როდესაც ის კვლავ დააკავეს და 2019 წელს სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

დაკავებული ქალის მდგომარეობის გაურკვევლობის ფონზე ირანში ასევე პატიმრობაში იმყოფება ადამიანის უფლებათა აქტივისტი ნარგეს მოჰამადი, რომელიც Amnesty International-ის ცნობით, წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2024 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 1979 წლიდან, ირანში მასობრივად ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ქალებისთვის, ძალადობა მათ წინააღმდეგ სისტემური და ფართოდ გავრცელებულია. მხოლოდ 2023 წელს, ირანში სიკვდილით დასაჯეს 823 ადამიანი – ეს ციფრები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების სტატისტიკას, და მის ზრდას უკავშირებენ 2022 წლის ქალების მასობრივ პროტესტს, სახელწოდებით „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება.“