საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება: სად ვართ, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა?

ნოემბერი 17, 2024
საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება: სად ვართ, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა?

საქართველოს ენერგოიმპორტდამოკიდებულება 80% რაც, მიწოდების რისკების გათვალისწინებით, კრიტიკულად მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივი გაზი და ნავთობპროდუქტები მთლიანად იმპორტირებულია. რისკის დონეს დამატებით ზრდის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის დაბალი დონე და მოთხოვნის სეზონურობა, როდესაც ქვეყანაში 4-ჯერ მეტი გაზი მოიხმარება ზამთარში ზაფხულთან შედარებით და არ არსებობს დაბალანსების საშუალება – გაზსაცავი. ამასთან, ზამთარში ენერგომოხმარების ზრდას თან ერთვის ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის კლება.

ელექტროენერგიის შიდა მიწოდების მედეგობას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ენგურჰესის წყალსაცავი, რომელიც სეზონური რეგულირების ჰესია, თუმცა ამ შესაძლებლობას ამცირებს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ენგურჰესიდან მიწოდებით ბალანსდება. 2009−2019 წლებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა (CAGR-5.3%) მნიშვნელოვნად აჭარბებს წარმოების სიმძლავრეების განვითარების ტემპს (CAGR-2.5%), რის გამოც იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი და მცირდება ენერგოსისტემის მოქნილობა და უსაფრთხოება. გადამცემი ქსელისთვის გამოწვევას წარმოადგენს მზარდი დატვირთვა, რის შედეგადაც რთულდება საქართველოს გადამცემ ქსელში მიწოდების უსაფრთხოებისა და მდგრადობის პარამეტრების შენარჩუნება.

ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება, ელექტრომანქანების წილის ზრდა, კრიპტოვალუტის წარმოება, ცვლადი დატვირთვის მეტალურგიული ქარხნების სიმძლავრის ზრდა და სხვა თანამედროვე მაღალი მოხმარების ტექნოლოგიების გამოყენება ართულებს ელექტროსისტემის მართვას, მოითხოვს მანევრული სარეზერვო სიმძლავრეების, მათ შორის, ენერგიის დამაგროვებლების, განვითარებას და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ინოვაციური მართვის მექანიზმების დანერგვას.

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას. მოძველებული ენერგოინფრასტრუქტურის პირობებში „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების დანერგვა და ავტომატიზაცია ზრდის მათ დაუცველობას და კიბერთავდასხმების რისკს. ამასთანავე, საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღია კიბერუსაფრთხოების პრევენციისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმები ენერგეტიკაში.

საქართველოს არ გააჩნია ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების საგანგებო სავალდებულო მარაგები, რომლებიც უზრუნველყოფდა მათ გამოყენებას კრიზისული სიტუაციების დროს. საკუთარი გადამამუშავებელი სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ნავთობპროდუქტების წარმოებას და არარენტაბელურია.

მოსალოდნელია, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების გაზრდილი სიხშირე და სიმძაფრე უარყოფით გავლენას მოახდენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და გააუარესებს ენერგიის მიწოდების საიმედოობას. საქართველოს ჯერ არ ჩაუტარებია სიღრმისეული კვლევა ენერგეტიკული სექტორის მოწყვლადობის შესახებ და არ შეუმუშავებია ეროვნული ადაპტაციის გეგმა. ასევე, შეშის არამდგრადი გამოყენება საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვევს ტყის ფართობის შემცირებას, საწვავის უკმარისობას და ენერგეტიკულ სიღარიბეს.

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი განმარტავს ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზანს, როგორც სხვადასხვა ტიპის ხარისხიანი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად ქვეყნის ყველა მომხმარებლისთვის მოკლე, საშუალო, და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ინტერესების დაცვით.
ენერგეტიკული უსაფრთხოება (ეუ) ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოზე, საგარეო ურთიერთობებზე. მისი უზრუნველყოფა ქვეყნების მათ შორის საქართველოს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს.

თავის მხრივ ენერგეტიკული სისტემის გრძელვადიანი დაგეგმვა მრავალსაფეხურიანია და საჭიროებს პროგრამებს, როგორებიცაა MARKAL, TIMES, Message, MAED, LEAP და ა.შ. აღნიშნული პროგრამებით შესაძლებელია სექტორის განვითარების მოდელირება, სხვადასხვა სცენარების შემუშავება, მიწოდების წყაროებისა და მოხმარების ოპტიმიზაციით ხარჯეფექტური ალტერნატივების ანალიზი გრძელვადიან პერიოდზე. სწორედ სცენარების განხილვის შედეგად ხდება ენერგეტიკული პროექტების შერჩევა და შემდგომ განხორციელება. ენერგეტიკული პროექტების მასშტაბისა და მოცულობის განსაზღვრისთვის გასათვალისწინებელია მიმდინარე და სამომავლო ენერგეტიკული საჭიროებები, პოტენციური საფრთხეები და სისტემის მედეგობის ამაღლების შესაძლებლობები, ასევე პროექტის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეზღუდული რესურსები და შესაძლებლობები ართულებს და დროში ახანგრძლივებს ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში. არასაკმარისია აკადემიური და გამოყენებითი კვლევები, არასაკმარისი ყურადღება ექცევა განათლებას, კვლევასა და განვითარებას, რაც აფერხებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

ენერგეტიკული რისკების მინიმიზაციისთვის საჭიროა ენერგეტიკაში მართვის და დაგეგმვის გაუმჯობესება, გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერება. საქართველო მიისწრაფის გახდეს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება მიიღწევა მიწოდების რისკების და გარე დამოკიდებულების შემცირებით, ენერგორესურსების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციით და ენერგოსისტემის მედეგობის ამაღლებით, რაც აგრეთვე მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგოეფექტურობის ამაღლებასთან, ადგილობრივი წიაღისეული და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებასთან, სტრატეგიული რეზერვების, ენერგოსისტემის მოქნილობისა და ენერგობაზრების განვითარებასთან. მნიშვნელოვანია კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კინეტიკური და კიბერსაფრთხეებისგან, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკებისგან. ეს ყოველივე მოითხოვს დაგეგმვის კვლევებისა და ინოვაციების სისტემების განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკული სისტემის ინტეგრირებული დაგეგმვის პრაქტიკის დანერგვა და სექტორში გადაწყვეტილებების მიმღებთა ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება.

ავტორი: გიორგი მუხიგულიშვილი