ემიგრაცია საქართველოდან: ძირითადი მონაცემები

ნოემბერი 20, 2024
ემიგრაცია საქართველოდან: ძირითადი მონაცემები

საქართველოდან ემიგრანტების საერთო რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით, კი, 2023 წლისთვის ემიგრანტების საერთო რაოდენობამ 245 064 შეადგინა, სადაც 163 480 ადამიანი იყო საქართველოს მოქალაქე (59%-ით მეტი 2013 წელთან შედარებით).

მიუხედავად ამისა, ცესკოს შემაჯამებელი ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე მონაწილეობის მიღება შეძლო მხოლოდ 34 574 ამომრჩეველმა. არჩევნებამდე, ემიგრანტებმა გამართეს აქციები დამატებით უბნების შექმნის მოთხოვნით, თუმცა, საზღვარგარეთ შეიქმნა მხოლოდ 67 უბანი, რაც ემიგრანტების თქმით, არასაკმარისია – რითაც შეიზღუდა მართი მონაწილეობა არჩევნებში.

ემიგრაციის მზარდი მაჩვენებელი ასევე კარგად ჩანს საზოგადოებრივი აზრის კვლევებშიც. უახლესი მონაცემების მიხედვით, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს (NDI, 2023). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკური ინდიკატორები სტაბილურად უმჯობესდება, იკლებს უმუშევრობის და სიღარიბის დონე, საზოგადოებრივი გამოკითხვები ყოველწლიურად აჩვენებს, რომ ემიგრაციის მთავარი მიზეზი კვლავ დაბალი ხელფასები (65%) და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა (56%).

საქართველოს ეკონომიკაზე ფულადი გზავნილების გავლენა ყოველწლიურად იზრდება და მშპ-ს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური შემადგენელი ნაწილია. ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, უშუალოდ მუშაკთა გზავნილებმა 2023 წელს 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს დაახლოებით 8 პროცენტია. ფულადი გზავნილების კრიტიკული მნიშვნელობა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოჩნდა, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან შემოსავლების შემცირების ფონზე, ემიგრანტების ფულადი გზავნილები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყარო გახდა (PMCG, 2023).

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოში წლიდან-წლამდე მცირდება 15+ მოსახლეობის საერთო რაოდენობა და იზრდება სამუშაო ძალის (15+) მიგრაცია, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. BAG ინდექსის მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობა ბიზნესის საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა დაასახელა, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობა – 47%-მა.

არადოკუმენტირებული შრომითი მიგრაცია მძიმე ტვირთია თავად ემიგრანტების უდიდესი ნაწილისთვის, რადგანაც ის მრავალ საფრთხესთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ემიგრანტებისთვის არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ჯანდაცვისა თუ სხვა საბაზო სერვისები.

რამდენადაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მოქალაქეებზე არ ვრცელდება მუშახელის თავისუფლად მიმოსვლის წესები. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის არსებული შეთანხმება კი, არ მოიცავს სამუშაო მიზნით ვიზიტებს. მუშახელი თავისუფლად ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ცირკულარული მიგრაციის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ ფორმატში არსებული შესაძლებლობები მაინც შეზღუდული რჩება. გამომდინარე აქედან, ქართველები ძირითადად არალეგალური მიგრაციის გზებს იყენებენ, რაც ხშირად სერიოზულ ფიზიკურ და ფინანსურ რისკებს უკავშირდება. მექსიკის გავლით ამერიკაში მოხვედრა, საქართველოდან შრომითი მიგრაციის ახალი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებით სახიფათო, ხანგრძლივი და ძვირია.

შრომითი მიგრაციის სოციალური ფასის შემცირებისა და მიგრაციის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის, მნიშვნელოვანია უსაფრთხო, მოწესრიგებული და ლეგალური მიგრაციის მხარდაჭერა, მათ შორის დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, რათა დაბრუნებულმა მიგრანტებმა შეძლონ მათი უნარ-ჩვევების მორგება ადგილობრივ შრომის ბაზარზე.

ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეფექტი, მათ შორის, მოიცავს ლეგალური, მოკლევადიანი და დაცული მიგრაციის ფორმების ხელმისაწვდომობას, რაც ერთი მხრივ, შექმნიდა თავად მიგრანტებისთვის უფრო დაცულ გარემოს, მათ ოჯახებთან მეტი კავშირისა და ამავდროულად, საქართველოს ეკონომიკაში მიგრანტების გამოცდილების მეტად ასახვის შესაძლებლობას. თავის მხრივ, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს მათ შორის, ისეთი საკანონმდებლო სისტემის შექმნას, სადაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული მმართველობა.

ავტორი: მერი ჩაჩავა