გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური მხატვრობა და იქ არსებული მძიმე მდგომარეობა, კულტურული მემკვიდროების დაცვის თვალსაზრისით, ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. პრობლემას ბევრი შრე აქვს, პროცესების გაუმჭვირვლობიდან დაწყებული, შესრულებული სამუშაოების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობით გაგრძელებული და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის არარსებობით დასრულებული.
სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გელათში არსებული პრობლემები არაერთხელ გახდა საზოგადოების ინტერესის საგანი, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების კუთხით. ამ მხრივ, ყურადღებას იმსახურებს „აი ფაქტის“ მიერ გაწეული საქმიანობა, რომელიც გელათთან დაკავშირებულ არაერთ საკვანძო საკითხს შეეხო და წლებია დაინტერესბულ საზოგადოებას ვრცლად და ამომწურავად მოუთხრობს.
გელათის მხატვრობის დაზიანების, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის და მისი გადარჩენისთვის გაწეული საქმიანობის შეფასების გარდა, არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გელათს უკავშირდება და ამ დრომდე სათანდო შეფასება არ მოჰყოლია. საქმე, 2023 წლის თებერვალში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები სამინისტრომ, საქართველოს საპატრიარქოს გადააბარა.
2023 წლის 14 თებერვალს, გელათთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება გავრცელდა, რომლის დასკვნით ნაწილშიც აღნიშნული იყო შემდეგი:
„მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით.“
საპატრიარქოს ზემოთ აღნიშნული განცხადებიდან ათი დღის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მაშინდელი მინისტრი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, ცნობილი გახდა, რომ გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს, სამინისტროს ნაცვლად, საპატრიარქო უხელმძღვანელებდა.
მედიაში გავრცლებული ინფორმაციის თანხმად, ეს ინიციატივა თეა წულუკიანის ეკუთვნოდა, რომელიც შეხვედრაზე აღნიშნავდა:
„შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი.
სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რამდენად კანონთან შესაბამისოაბაშია კულტურისა და სპორტის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გელათის სარესტავრაციო სამუშაოებზე ხელმძღვანელობა სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა? ჰქონდა კი სამინისტროს საერთოდ ასეთი უფლებამოსილება? ან კიდევ, არსებობს რაიმე სამართლებრივი აქტი, დოკუმენტი რომლის მიხედვითაც ეს საკითხი არის მოწესრიგებული?
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით კი, სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრი ორგანო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროა. ამავე კანონის თანახმად განსაზღვრულია ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებს უკავშირდება.
პარალელურად, კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ კულტურის მინისტრი უფლებამოსილია, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით სამინისტროსთვის მიკუთვნებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებასილება გადასცეს მის ტერიტორიულ ორგანოს, აგრეთვე სტრუქტურულ ერთეულს, ხოლო, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოზე.
სავარაუდოდ, დოკუმენტი, რომელსაც კულტურის სამინისტროს მხრიდან, საპატრიარქოსათვის გელათის საკითხზე უფლებამოსილებების გადაცემა მოჰყვა, 2023 წლის 24 თებერვალს გამართული შეხვედრის ოქმი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ეს ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 2023 წლის 22 მარტის #24 ბრძანებაშია აღნიშნული და გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის შექმნას უკავშირდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ 2023 წლის 24 თებერვალს სამინისტორში გამართული შეხვედრის ოქმი იურიდიული ძალის მატარებელი დოკუმენტია, პრობლემა ამით არ გვარდება. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში არსად არ არის აღნიშნული, რომ სამინისტროს შეუძლია საკუთარი უფლებამოსილება, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს.
შესაბამისად, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გელათის სამონასტროს კომპლექსში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში, სამინისტრო, საპატრიარქომ ჩაანაცვლა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და უკანონო გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას უფრო ჰგავს, ვიდრე პრობლემის რეალური მოგვარების მცდელობას.