საყდრისი-ყაჩაღიანი, აფეთქებიდან ათი წლის შემდეგ

ნოემბერი 15, 2024
საყდრისი-ყაჩაღიანი, აფეთქებიდან ათი წლის შემდეგ

2024 წლის 13 დეკემბერს, 10 წელი შესრულდება საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მოპოვებითი მაღაროს აფეთქებიდან. დროსთან ერთად, ახალი გამოწვევების და პოლიტიკური კრიზისების ფონზე, საყდრისი მივიწყებას მიეაცა. ცხადია, არც სახელმწიფო საგამოძიებო ორგანოებს გამოუძიებიათ, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლისთვის, ფორსირებულად, ყოველგვარი კანონისმიერი საფუძველის გარეშე ძეგლის სტატუსის მოხსნის რეალური წინაპირობები და არც მაღაროს უკანონო აფეთქების გამო დამდგარა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ სტატიაში მოკლედ შეგახსენებთ ყველა იმ უკანონობას, რასაც ათი წლის წინ, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით, ცალკე, მხოლოდ ორი დღის, 2014 წლის 12-13 დეკემბრის განმავლობაში ჰქონდა ადგილი და რასაც საბოლოდ მსოფლიოში უძველესი ოქროს მოპოვებითი მაღაროს განადგურება მოჰყვა.
2014 წლის 12-13 დეკემბრის ქრონოლოგია ასეთია:

  •  2014 წლის 12 დეკემბერს, ერთი დღის განმავლობაში, იმ დროისათვის არსებულმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ოქროს მომპოვებელი ლიცენზიანტი კომპანიის შპს „RMG Gold“-ის განცხდების საფუძველზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით, 17 უკანონო მოქმედება განახორციელეს და 4 უკანონო გადაწყვტილება მიიღეს. შედეგად, 2014 წლის 13 დეკემბერს „RMG Gold“-მა სრულიად უკანონონდ ააფეთქა საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო;
  • რაც არ უნდა უცნაური იყოს, 2014 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარდგენილი განცხადებით, „RMG Gold“-ი, საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაშლის (აღების) მიზნით, კანონით გათვალისწინებულ თანხმობას ითხოვდა და არა ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნას, რომლის გარეშეც ობიექტის დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, პროაქტიულად საკუთარი ინიციატვით მოუხსნა საყდრისი-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი, რასაც ობიექტის დაშლა აღების გადაწყვეტილება მოჰყვა თან;
  • სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისათვის შემდგომი იურიდიული ძალის მინიჭების და საყდრისი-ყაჩაღიანისათვს ძეგლის სტატუსის საბოლოო მოხნის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, გადაწყვეტილება რომლის მისაღებადაც, ადმინისტრაციული წარმოების საშუალებით, ერთი თვე ჰქონდა, 39 წუთში ჩაატია და იმავე დღეს, საკუთარი გადაწყვეტილება, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, 19:09 საათზე, სააგენტოს გადაუგზავნა. სამინისტროსგან მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კი, სააგენტომ „RMG-Gold“-ს ობიექტის დაშლის (აღების) უფლება მისცა;
  • მომდევნო დღეს, 2014 წლის 13 დეკემბერს, არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების სახელით, „RMG-Gold“-მა ისე ააფეთქა საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო, მიუხედავად იმისა რომ არქეოლოგიური ობიექტი ჯერ კიდევ არ იყო სრულად გათხრილი და შესწავლილი, რასაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი ობიექტის დაშლა აღების პროცესის დაწყებამდე აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს;
  • „RMG Gold“-ის მხრიდან არქეოლოგიური ობიექტის – საყდრისი-ყაჩაღიანის დაშლა-აღების, სინამდვილეში კი აფეთქების პროცესს და კომპანიის მიერ ოქროს მოპოვების დაწყებას, არ დასწრებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არცერთი შესაბამისი თანმშრომელი. სახელმწიფომ პირველი მონიტორინგის ჯგუფი, აფეთქებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 2015 წლის 9 იანვარს მიავლინა საყდრისი-ყაჩაღინში, როდესაც არქეოლოგიური ობიექტის დიდი ნაწილი ფიზიკურად აღარ არსებობდა;
  • წიაღის მომპოვებელ კომპანიას არ გააჩნდა, შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც 2014 წლის 13 დეკემბერს აფეთქებითი სამუშაოების წარმართვის უფლებას მისცემდა საყდრისი-ყაჩაღიანში. უფრო მეტიც, ასეთი ნებართვა ვერც ფიზიკურად იარსებებდა, რადგანაც „RMG Gold”-მა არქეოლოგიური ობიექტი ააფეთქა და არა უბრალოდ ოქროს მოპოვოებითი კარიერი.

მიუხედავად იმისა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების შედეგად, სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დაანაშული, რასაც, როგორც მინიმუმ არქეოლოგიური ობიექტის განადგურება მოჰყვა, სახელმწიფო საგამოძიებო ორგანოებს არაფერი გაუკეთებიათ საკითხის შესწავლის და ობიექტური გამოძიების მიზნით. ისევე როგორც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა 2014 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების და რიგითი თანშმრომლების მხრიდან, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ჩადენის გამო.

ცალკე უნდა ითქვას, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესის ოქროს მოპოვებითი მაღაროს განადგურების პროცესში, 2014 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებებზე, დიდი ალბათობით არსებული ფორმალური და არაფორმალური გავლენების შესახებ, რომლის გარეშეც ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში, სახელმწიფო, საყდრისი-ყაჩაღიანის განადგურების გადაწყვეტილებას ვერ/არ მიიღებდა.

როგორც დრომ აჩვენა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, საყდრისი-ყაჩაღიანი მხოლოდ დასაწყისი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებთ არსებული იმ უკანონობის, რომელიც მალე შეუქცევადი გახდა. საყდრისის შემდეგ იყო პანორამა თბილისი, სასტუმროს მშენებლობა ბათუმის ძველ ბულვარში, გელათის დაზიანებული ფრესკები… სამწუხაროდ, ამ ჩამონათვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

საერთაშორისო მეცნიერების მრავალწლიანმა კვლევამ დაადგინა, რომ საქართველოში მდებარე უძველესი მაღარო (რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ან მე-4 საუკუნით), კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ობიექტს წარმოადგენდა. “საყდრისი მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროა და ამიტომ უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კაცობრიობისთვის”განაცხადა ორი ასოციაციის – გერმანიის არქეოლოგიის ასოციაციისა და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტმა, პროფესორმა, დოქტორმა ჰერმან პარცინგერმა თავის 2013 წლის საჯარო წერილში. მემკვიდრეობის ძეგლი სხვადასხვა საერთაშორისო მეცნიერმა შეისწავლა, მათ შორის მეცნიერებმა საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ააფეთქა კომპანია RMG Gold-მა, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად.



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.