დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული მიმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს:
„თქვენო უწმიდესობავ, მოგმართავთ, გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას. გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს. გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს. წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს.“
დღეს, პარლამენტის წინ ათიათასობით მოქალაქე აპროტესტებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებულ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია: “დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში.
პარლამენტის წინ გამართულ პროტესტზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულია წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.