„მიწაზე დავარდნილს შეიძლება მხოლოდ საშველად ხელი გაუწოდო და არაფრის დიდებით არ დააწიო წიხლი. გავერთიანდეთ ბოროტების წინააღმდეგ. მეგობარმა დათვალა და სულ მცირე 34 მღვდელი საჯაროდ სხვადასხვა ფორმით ემიჯნება ძალადობას და ამას ღიად აფიქსირებს. ეს ქრისტიანი ადამიანისთვის სულაც არ არის რაიმე სახის მიღწევა. ამიტომ კიდევ ერთხელ ერთობლივად უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რომ ბიბლიის შვილებისთვის მინიმუმია, არგუმენტების წილ არგუმენტი, პროტესტის წილ – კანონიერი საზოგადო სიკეთის ძალა და არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფა ან განადგურების სურვილი. მიწაზე დავარდნილს შეიძლება მხოლოდ საშველად ხელი გაუწოდო და არაფრის დიდებით არ დააწიო წიხლი. მსგავს ქმედებას ზოგჯერ მტაცებელიც ცხოველიც კი თაკილობს. დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლობით ცალ-ცალკე და ერთობლივად ვაღიარებთ, რომ არ აქვს გამართლება ადამიანის ცემას, მითუმეტეს სასტიკ მოპყრობას. ყველას და სათითაოდ შევაგონებთ და მოვუწოდებთ -შეინანეთ და დღეიდან ნუღარ გაიმეორებთ მსგავს ქმედებას.“ – წერს მამა გიორგი სოციალურ ქსელში.
პროტესტზე მყოფს, მაისი ნიუსი ესაუბრა მამა გიორგის მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე:
– მამა გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ საჯაროდ გამოხმაურება?
ეს ძალიან ადამიანურია – არ შეგუება ბოროტებასთან, არ შეგუება სიკვდილის მცდელობასთან. იმიტომ რომ, სისასტიკე, ძალადობა – ეს არის გზა, რომელიც მიემართება სიკვდილისკენ. სიცოცხლისკენ არ არის ეს გზა. ის, ვინც ელოდება სიცოცხლეს – ის, ვინც სიცოცხლის მხარეს არის, მისთვის ეს აღმაშფოთებელია. მე სიცოცხლეზე ვლაპარაკობ, სიცოცხლის იმედი მაქვს, სხვა სიცოცხლეზე ვსაუბრობ. უსიკვდილო, უბოროტო სიცოცხლეზე ვლაპარაკობ და მინდა ეს გავრცელდეს ჩვენს გარშემო.
ყველას დეკლარირებული აქვს ქრისტიანობა, როგორც სიცოცხლის ფასეულობა, სიცოცხლის რწმენა – ამასთან ვერ იქნება თავსებადი, როდესაც ადამიანი იმეტებს მეორეს ტკივილისთვის – სასიკვდილოდაც კი.
– რადგანაც ქრისტიანობა ახსენეთ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, სადაც ქრისტიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება?
დღეს იყო პირველ არხზე ჩართვა. ქალბატონი შევიდა და ძალიან ზუსტად თქვა, რომ მე მინდა ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვრო, სადაც, ერთი ადამიანი რომ გამოვა, ისიც კი ყურადსაღები იქნება სახელმწიფოსთვის. მან თქვა სახარების იდეა, მაცხოვრის იდეა – რომ ასი ცხვარი თუ ჰყავს, ცათა სასუფეველი, ღმერთის იდეა, ჰგავს ისეთ მწყემსს, რომელიც 99 ცხვარს მიატოვებს და ერთის საძებნად მიდის.
სახელმწიფო, რომელშიც მართლმადიდებლობას ასეთი მნიშვნელობა აქვს, უნდა იყოს ასეთი – რომ ეძებდეს, რომ არ დარჩეს ვინმე სიცოცხლის მიღმა.
– თქვენ მიერ აღწერილ სახელმწიფოში, რა მოლოდინი გექნებოდათ სამართალდამცავებისგან?
სამართალდამცავი უნდა იყოს დამოუკიდებელი, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ სჭირდება იდეოლოგიზაცია. ისეთი სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიული პრინციპებითაა მოწყობილი, უნდა იყოს გამიჯნული ხელისუფლების შტოები და დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს ყოველ რგოლს სახელმწიფო სისტემაში. სამართალდამცავი მაშინ მოქმედებს იმ კანონებით, რაზეც შეთანხმებული ვართ – ასეთ შემთხვევაში, ის სრულიად დაარეგულირებდა და აღკვეთდა ნებისმიერ ძალადობას. თუ ეცოდინებოდა ყოველ კონკრეტულ სპეცრაზმელს, რომ ის იდენტიფიცირებადია, რომ მან არ უნდა გადაამეტოს ძალაუფლებას, არ გადავიდეს ძალადობაში – ეს ყველაფერი დარეგულირდებოდა მისი ავტონომიურობის, მისი ზედამხედველი ორგანოების არსებობის იდეით.
– პერსონალურ პასუხისმგებლობას შევეხეთ. ამ ვითარებაში, როგორ შეაფასებდით იმ დარბევას და ძალადობას, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ? მათ შორის, თეონა ჭალიძის მიერ გავრცელებულ საშინელ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამენ თავში სპეცრაზმელები, დაცემულ ახალგაზრდას.
საშინელებაა. რასაც არ უნდა აპროტესტებდეს ადამიანი, ამ პროტესტში არ იყო არაფერი ამ ძალადობის საპირწონე. იქნებ ეს მართლაც იმის ბრალი იყოს, რომ არ მოხდა წინა ჯერზე, სხვა დროს, ამგვარი ძალადობის და ამგვარი სისასტიკის კარგად გადააზრება, კარგად გამიჯვნა ამ ყველაფრისგან, კარგად გაშლა ამ თემების – როგორი საშინელია, როგორი დამღუპველი იმ ადამიანებისთვის, იმ ბოროტმოქმედისთვის ვინც ამას სჩადის – მისთვისაც დამღუპველია.
– თქვენი, როგორც მოქალაქის აზრით, როგორი უნდა იყოს სამართლიანი სახელმწიფო?
მინიმუმ, დემოკრატიული, იმიტომ რომ დემოკრატიული სისტემა ყველაზე ახლოს არის იმასთან, რაც ღმერთს ჩვენთვის აქვს ჩაფიქრებული. ლიბერალურ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული მოწყობის უნდა იყოს სახელმწიფო, იმიტომ რომ – ეს ფასეულობები და ეს წარმოდგენები გულისხმობს ყველა ადამიანის ღირსებით თანასწორობას, კანონის წინაშე ყველას თანასწორობას, სამართლიან განსჯას, სადავო საკითხებში – სამართლიან სასამართლოს გულისხმობს ეს ყველაფერი, ერთნაირ შესაძლებლობებს ყველასთვის – პრივილეგიების მოშლას, მით უმეტეს, პრივილეგიების საღმრთოდ არაღიარებას. ამ ყველაფერს მიხვდნენ, ეს ყველაფერი ამოიკითხეს კარგად ქრისტიანული წიგნებიდან, ქრისტიანული მოძღვრებიდან ლიბერალებმა და მოაწყვეს ნაკლებად ბოროტი სახელმწიფო – ისეთი სახელმწიფოები, სადაც ბოროტება ფეხს ვერ იკიდებს, იქ ვერ იკიდებს ბოროტება. თუ მოხდება იქ ბოროტება – ამას მკაცრი პასუხი გაეცემა. თუ მოხდება ბოროტება, ამას გადახარშავენ თავიანთ სხეულში და ფიქრია, დარდია – კულტურაც ეს არის, რომ დაამუშავებენ თავიანთ თავში ამ ბოროტებას, თუ როგორ დაემართათ ეს. ეს უნდა მოხდეს ჩვენში – ჩვენ რამდენი გვაქვს ვინ იცის – რომელი დროიდან, სანანებელი ბოროტება ჩადენილი გადასამუშავებელი. სულ ამას ვმალავთ და ვნიღბავთ ჩვენი მხიარულებით, ჩვენი სიმღერით, ჩვენი სტუმართმოყვარეობით ან სხვა რაღაცით. და როდისღა უნდა დავსხდეთ და მოვიცილოთ ის ბოროტება რომელიც ჩვენში არის?
– რადგანაც შეეხეთ ევროპულ სახელმწიფოებს – სად მიგვიყვანს ევროკავშირის გზის შეჩერება და საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლიდან გადახვევა?
დიდ წნეხამდე, მეტად თავისუფლების დაკარგვამდე, მეტ უსამართლობამდე, მეტ ბოროტებამდე – ბოროტება უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს. დემოკრატია და ევროკავშირი სწორედ ამის თავიდან აცილებაა ჩვენთვის – უსამართლობის, ბოროტების თავიდან აცილებაა ჩვენთვის. დავიღუპებით, ბოროტებაში ჩავიხრჩობით, ჩავიხრჩობით უსამართლობაში – შეიძლება ვიღაცისთვის ეს უცხო არ არის და თითო კაცად გაგვქონდეს ჩვენი თავი როდესაც სხვის შვილებს იტაცებენ, სხვის ქონებას ეპატრონებიან, და რაღაცნაირად ყველა შიშის ქვეშ ვიყავით – მაგრამ, არ გვინდა ეს სათითოკაცოდ გადარჩენა – გვინდა რომ საზოგადო იყოს ეს გადარჩენა, ეს სივრცე. ამიტომ, ევროკავშირის გზის შეჩერება მიგვიყვანს უკიდურეს ბოროტებამდე.