30 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტის მესამე დღეს, მოქალაქეებმა გამართეს საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სამი მოთხოვნით: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის დათმობა მოქალაქეებისთვის, მშვიდობიანი პროტესტის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადადგომა. თავდაპირველად, მოქალაქეების მოთხოვნით, პირდაპირი ეთერის წამყვანი უნდა ყოფილიყო რეალური სივრცის წამყვანი – ნინო ზაუტაშვილი, თუმცა, მოგვიანებით, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება თავად მოეხდინა მოქალაქეების პირდაპირი ჩართვის მოდერაცია, რადგანაც მისი თქმით, შეკითხვები არსებობდა თავად მაუწყებელთან.
„მთავარი ის არის რომ საზოგადოებასთან გქონდეთ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია, უფრო ახლოს იყოთ საზოგადოებასთან და ამ ჯგუფებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი საერთოდ გამოტოვებული არიან თქვენი შინაარსიდან. გარეთ დგანან ადამიანები, რომლებიც ჭიათურის, შუქრუთის ამბებს ლობირებენ ამდენი ხანია და ცდილობენ ხმა გააგონონ საზოგადოებრივ მაუწყებელს – სწორედ ამიტომ ვიხდით ამ თანხას. ბევრია თუ ცოტაა არ ვიცი, მაგრამ მთელი სარეკლამო ბაზრის და ყველას ერთად აღებულის რომ აღემატება… მთავარი ის არის, რომ ამ ჯგუფებს თქვენ არ ეიმედებით, მათი ხმები არ ისმის თქვენს ეთერში და რისთვისაც ჩვენ გიხდით ფულს, იმაში არ იხარჯება ეს.“ – ამბობს პირდაპირ ეთერში, ინდიგოს დირექტორი, ნატა ძველიშვილი.
ეთერში ჩართული მოქალაქეების თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებს მასზე კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებულ მოვალეობას და მიუხედავად ბიუჯეტის დიდი მოცულობისა, რომელიც მათ შორის, ფორმირდება მოქალაქეების გადასახადებისგან, არ აშუქებს სრულყოფილად საპროტესტო აქციას და ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
„თქვენ არ გაქვთ იმის თავი, რომ ღირსება დაიცვათ ერის – რომ მე გენდოთ {…} მე თქვენს იქით არავინ დამრჩენია. მე თქვენს იქით არავინ მიცავს. მე იქ ასი ათას {ადამიანთან} ერთად ვდგავარ და მაინც მეუბნებიან, რომ ცოტანი ვართ, რომ არასაკმარისი ვართ თურმე. იცით რა არის კარგი სახელმწიფო? მე რომ ვდგავარ მარტო, და ჩემი ხმა ისმის მთელს ქვეყანაზე – აი ეს არის სახელმწიფო. მე ამ სახელმწიფოს ვერ ვეღირსე ამ ქვეყანაში.“ – ამბობს პირდაპირ ეთერში, საპროტესტო აქციის მონაწილე მოქალაქე, ნინო ლაღიძე.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თავისუფლება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტში: „კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან.“ ამავდროულად, მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-15 მუხლში განსაზღვრულია მაუწყებლის მისია:
„პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.“.
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს, მათ შორის: პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება; უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველო ორგანოების – სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის არჩევნებისა წესი პოლიტიზებულია და მმართველი პარტიის ინტერესს ასახავს. კვლევაში ნახსენებია, რომ წლების განმავლობაში, მაუწყებელი ხელისუფლებისადმი მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთ მაგალითად მითითებულია 2022 წელს, ჟურნალისტების ნაწილის ბრალდებები მაუწყებელში ცენზურის შესახებ (სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტების – იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის საქმეზე „არსებითი დარღვევა დაადგინა და მაუწყებელს მათი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართა“.) მათი თქმით, მაუწყებელი ცდილობდა ისეთი ამბების დაბლოკვას, რომლებიც რუსეთსა და საბჭოთა კავშირს შეეხებოდა. ასევე შედგენილი იყო რესპონდენტთა შავი სიაც, რომლებიც ჟურნალისტებს არ უნდა ჩაეწერათ.
ამავე კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე მაღალშემოსავლიანია ტელევიზიებს შორის მზარდი და გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსებით.
2023 წლის მდგომარეობით, მისი ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 101 მილიონ ლარს – დაფინანსების მოდელი შეიცვალა 2023 წლის მიწურულს. თუმცა, სხვადასხვა ექსპერტის – მათ შორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის შეფასებით, მაუწყებლის დაფინანსების ახალი მოდელი საფრთხეს უქმნის მაუწყებლის დამოუკიდებლობას, რადგანაც მზარდია მისი დამოკიდებულება სახელმწიფო დაფინანსებაზე.
პირდაპირ ეთერში ჩართული პროტესტის მონაწილე კიდევ მოქალაქის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებს მის ფუნქციას და არ აშუქებს სოციალურ პრობლემებს:
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დიდი ხანია დაკარგა ის ფუნქცია, რაც აქვს და მასობრივად ავრცელებს იმ დეზინფორმაციას, ტყუილებს, სიძულვილს, რაც შემდეგ ხელს უწყობს იმ პროცესებს, რაც გარეთ ხდება. არადა, რეალურად, საზოგადოებაში არის უდიდესი სოციალური პრობლემები, რომელსაც აბსოლუტურად არ ემსახურებით. მე ვარ მასწავლებელი და მე ვხედავ, მაგალითად, სკოლაში მოსწავლეების შიმშილს, მე ვხედავ უდიდეს სოციალურ პრობლემებს სტუდენტებში, რომლებსაც სტუდენტური საცხოვრებელი არ აქვთ – და აი ამ სოციალური პრობლემების ფონზე, თქვენ როდესაც ამ სიძულვილს აჟღერებთ, და აბსოლუტურად ჩამოცილებული ხართ რეალობას – ეს ადამიანები იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, თავიანთი ხმის უფლებისთვის და თავიანთი სოციალური უფლებებისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ვიყოთ აქ და ჩვენი უფლება, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლობის უფლება – დავიბრუნოთ.“ – ამბობს მასწავლებელი, გიორგი ჭანტურია.
პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე ჰყვება 9 აპრილის დარბევის შემდგომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ მოქალაქეების მხარეს გადასვლის შესახებ, საბჭოთა პერიოდის მიუხედავად:
„რატომ არ მივედით სხვა ტელევიზიაში? იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას. რეგიონებში ადამიანები ცხოვრობენ რომლებმაც უბრალოდ არ იციან რა ხდება და საშუალება აქვთ უყურონ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს – აი ახლა გადის მამაჩემის კადრები და მინდა ხმა გაუშვან – ეს არის 9 აპრილის დარბევის შემდეგ გაშვებული კადრები, ეს არის საბჭოთა კავშირი – საბჭოთა კავშირში ადამიანები, ზაზა დარასელიძე, ნანა ჯაფარიძე, ვახო ნანიტაშვილი, ოთარ შაოშაძე, ქეთი კაპანაძე, თამრიკო დეკანოიძე, დოდო შონავა, გურამ გორელიშვილი – გაბედეს, და საბჭოთა კავშირში, როდესაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა, გაბედეს, გამოვიდნენ და დადგნენ ხალხთან ერთად. მამაჩემის ხმაა – {ის} ამბობს რომ ჩვენ არ შეგვეძლო, რომ მოგვეტყუებინა ადამიანებისთვის. ჩვენთვის ეს იყო შეუძლებელი, რომ ჩვენ ადამიანებისთვის გვეთქვა ტყუილი და ამიტომ ჩვენ გავედით გარეთ და დავდექით ხალხთან ერთად და ამ კიბეებზე 90-იან წლებში მთელი ტელევიზია იდგა გარეთ. ყველას ჰქონდა განცდა, რომ ეს ტელევიზია მათია, რომ ეს ტელევიზია ქართულია და რომ ეს ტელევიზია ეკუთვნის საქართველოს (…) დღეს ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ეს არხი მათ არ ეკუთვნით, ამ დროს მათი ფულით ფინანსდება. ჩვენ დაგვიბრუნეთ!“
მოქალაქეებისათვის პირდაპირი ეთერის დათმობის მოთხოვნა ასევე გაჟღერდა ღია სივრცე კავკასიას განცხადებაში.
მოქალაქეების პროტესტი გრძელდება და ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.