საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები: მხარს ვუჭერთ ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას

დეკემბერი 5, 2024
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები: მხარს ვუჭერთ ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები აქვეყნებენ განცხადებას, სადაც მიუთითებენ, რომ 28 ნოემბრის, „ქართული ოცნების“ განცხადება ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

4 დეკემბრის მდგომარეობით, განცხადებას ხელს აწერს 277 თანამშრომელი. განცხადება ღიაა ხელმოსაწერად.

გთავაზობთ უცვლელად:

„საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა.

28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას.“



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.