აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლები: „ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას“

დეკემბერი 5, 2024
აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლები: „ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას“

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 30-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, რითაც ისინი ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, „მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას და მის მომავალს.“

გთავაზობთ განცხადებას, უცვლელად:

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ.

უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია, რომლის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას, რაც არაერთხელ საპროტესტო აქციებით გამოიხატა.

ასევე, აღსანიშნავია ის ნეგატიური კამპანია, რაც ჟურნალისტების მიმართ უნდობლობის და აგრესიის კულტივირებას ემსახურება. მედიის წარმომადგენლების მიმართ, გამიზნული ფიზიკური ანგარიშსწორება კი, უახლესი ისტორიის არაერთ თავს ითვლის. ამის დასტურია გუშინდელი დარბევაც, რომელმაც არაერთი ჟურნალისტის და ოპერატორის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენა. მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას და მის მომავალს.

ჩვენი საქმიანობა კი, ახლა, ისე, როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს. ხაზგასმით ვადასტურებთ უმთავრესი ღირებულებების ერთგულებას, რაც სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, კრიტიკული კითხვების დასმას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს“.

ხელმომწერები:
1. ირინა ყურუა;
2. მაია მერკვილაძე;
3. სალომე გეგეშიძე;
4. ამირან ვადაჭკორია;
5. თეკლა მჭედლიძე;
6. ნონა დიასამიძე;
7. მარიამ ბოლქვაძე;
8. თეონა თურმანიძე;
9. თეონა ხარაბაძე;
10. გიგა ჯიჯავაძე;
11. ანა გოგიტიძე;
12. სოფო ჟღენტი;
13. ირმა ჩხაიძე;
14. ზურაბ გუჯაბიძე;
15. დათო ტრაპაიძე;
16. მაია ვარშანიძე;
17. ბაჩო გურაბანიძე;
18. ლაშა ზარგინავა;
19. ხათუნა შუშანიძე;
20. სულხან წულუკიძე;
21. გიორგი წეროძე;
22. შოთა გუჯაბიძე;
23. ნინო ინაიშვილი;
24. ლალა ფაღავა;
25. ირაკლი ჯაფარიძე;
26. გიორგი ლორია;
27. თამარ გაზდელიანი;
28. რატი რატიანი;
29. გუგული ბერიძე;
30. ანა ვაშაყმაძე;
31. ლეილა შავიშვილი.



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.