7 დეკემბერს, თბილისში გაიმართა ისტორიული მსვლელობა: საქართველოში არსებული ყველა ძირითადი კონფესიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და წამება.
მაისი ნიუსი ესაუბრა მათ ნაწილს. 1 დეკემბერს, გაგიზიარეთ ინტერვიუ მამა გიორგი წეროძესთან, რომელმაც 7 დეკემბრის მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა. ამჯერად, გთავაზობთ ინტერვიუს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურ, მღვდელმონაზონ ლეონ გელოვანთან:
„ჩვენ ვართ ერთად იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება. დღეს ჩვენი ძირითადი მისია არ არის მხოლოდ დასავლური ცივილიზაციისკენ სვლა, არამედ იმ ფუნდამენტური ქრისტიანული ღირებულებების დაცვა, რომლებიც გვასწავლიან სიყვარულს, თავისუფლებასა და ღირსებას. ჩვენ ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც ჩაგრულია, ნაწამებია, და ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს თავისუფალი, სამართლიანი და ერთიანი.”
1. რა არის თქვენი, როგორც სასულიერო პირის მთავარი სათქმელი დღეს? რატომ ხართ აქ ?
„ჩემი, როგორც ქრისტიანი მღვდლის, სათქმელი დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე ვლაპარაკობდით დასავლურ ცივილიზაციასთან კავშირზე, დღეს ჩვენი მთავარი გზავნილია „არა წამებას”. ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ადამიანებს სასტიკად ეპყრობიან – არა მხოლოდ აპატიმრებენ, არამედ აწამებენ კიდეც. საერთაშორისო საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე შეაფასეს ეს მდგომარეობა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები დასავლურ ცივილიზაციასთან დაშორების შედეგად მოდის. ჩვენ არა სიკეთისკენ, არამედ ხილული ბოროტებისკენ მივდივართ. სწორედ ამიტომ გამოვდივართ გარეთ, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, ვინც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, და ვიდგეთ საქართველოს მომავლის დამცველთა გვერდით.“
2. თქვენი შეფასებით, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო, სადაც ქრისტიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება?
„სახელმწიფო, რომლის ძირითადი ფუნდამენტი ქრისტიანობაა, უნდა იცავდეს ორ მთავარ პრინციპს: სიყვარულსა და თავისუფლებას. როდესაც სიყვარული სუფევს, თავდაცვა აღარ გჭირდება.
ქრისტიანობა გვასწავლის, რომ „თუ ადამიანი თავისუფალი არ არის და მონაა, იგი ვერ იქნება კარგი ქრისტიანი”. ქრისტე გვეუბნება: „თქვენ ჩემი მონები არ ხართ, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ”. სწორედ ამიტომ გვჭირდება არჩევანის თავისუფლება – რათა თავად გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს უნდა ვიყოთ.“
3. მამა ლეონ, სასულიერო პირებთან დაკავშირებით მსურს გკითხოთ: ბოლო პერიოდში ამბიონებიდან მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა შინაარსის შეფასებებსა და მოსაზრებებს ვისმენთ, რას იტყვით იმ გზავნილებზე, რომლებსაც ისინი საზოგადოებას სთავაზობენ?
„იცით, რა უნდა იყოს დღეს სასულიერო პირის უმთავრესი მოწოდება ამბიონიდან? მან უპირველეს ყოვლისა უნდა გამოუცხადოს მხარდაჭერა ჩაგრულ და ნაწამებ ადამიანებს. იმ სასულიერო პირებს კი, რომლებიც ამბიონს იყენებენ ორმაგი სტანდარტით ძალადობის დასაგმობად – რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ ნარატივებს – შეცდომას უშვებენ. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან შეუძლებელია თანაბრად შეფასდეს შეიარაღებული მოძალადე, რომელიც სხვა ადამიანებს აწამებს, ჩაგრავს, და იმ ადამიანთა ქმედება, ვინც თავად განიცდის ძალადობას.
სასულიერო პირის მთავარი მოწოდება უნდა იყოს სიმართლის, სამართლიანობისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვა. მათ უნდა შეძლონ იმის გაცნობიერება, რომ ჭეშმარიტი სულიერება გულისხმობს უპირობო თანაგრძნობას იმ ადამიანებისადმი, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დაცვასა და მხარდაჭერას.
სწორედ ამაში მდგომარეობს ქრისტიანული სწავლების უმთავრესი არსი – იყო ხმა იმათი, ვისაც ხმა არ გააჩნიათ, იყო დამცველი იმათი, ვინც დაუცველია.“
4. ასევე მოვისმინეთ სკოლის მოსწავლეების პროტესტში მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა შეფასებები, რას უპასუხებდით მათ?
„ყველა ადამიანს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებსაც, უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი აზროვნება. ისინი იღებენ განათლებას იმისთვის, რომ გამოიყენონ საკუთარი გონება და ჰქონდეთ პოზიცია. გასაგებია, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ იყვნენ წინა ხაზზე. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ 9 აპრილის მოვლენების დროს სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ იქ, და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჯერჯერობით დღემდე ვცხოვრობთ დამოუკიდებელ ქვეყანაში. ამ მონაპოვარს დღეს დაცვა სჭირდება ყველა მოაზროვნე ადამიანის მხრიდან.“
5. 9 აპრილი ახსენეთ და მინდა გკითხოთ ისტორიული რაკურსიდან გამომდინარე, შეაფასოთ რუსეთის როლი საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიასთან მიმართებით.
„უკანასკნელ საუკუნეებში ისტორია ცხადყოფს, რომ რუსეთი სისტემურ მოქმედებას ახორციელებდა საქართველოს სრული დაპყრობისა და დაქვემდებარებისათვის. მისი სტრატეგია იყო არა მხოლოდ ტერიტორიების დაპყრობა, არამედ ეკლესიის სრული კონტროლი.
რუსეთის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის მარწუხების ქვეშ მოქცევა, რაც მას საშუალებას მისცემდა სრულად დაეპყრო ქართული სახელმწიფოებრიობა. ეკლესია წარმოადგენდა იმ სტრატეგიულ ღირებულებას, რომლის დაპყრობითაც შესაძლებელი იქნებოდა ქართული სულიერი წინააღმდეგობის სრული განადგურება. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი მრავალი სასულიერო პირის, მათ შორის უმაღლესი იერარქებისა და მორწმუნე ქრისტიანების გმირული გზა, რომლებმაც თავი გაწირეს რუსეთთან ბრძოლაში. სწორედ მათი თავგანწირვის შედეგია ის ავტოკეფალია, რაც დღეს საქართველოს ეკლესიას გააჩნია. დღესაც მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკლესიის უმთავრესი მოვალეობაა წინ აღუდგეს რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებს. რადგან, თუ ეკლესია არ იქნება დამოუკიდებელი, სახელმწიფოსაც გაუჭირდება თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. 9 აპრილი კი იყო იმ სისხლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოვლინება, როდესაც საბჭოთა რეჟიმმა ძალადობრივად სცადა ქართული სულის გატეხა, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება.“
6. დღევანდელ მსვლელობაზე წარმოდგენილია სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი, გაგვიზიარეთ, თუ რა არის დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობა და მიზანი?
„დღეს ქართველებს ყველაზე მეტად ერთობა გვაკლია და გვჭირდება – სწორედ ის სულიერი ერთიანობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და წინსვლის გარანტია. ჩვენი შეხვედრა სიმბოლურია და ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა რელიგიური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო. ჩვენი სურვილი იყო საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა – იქნება ეს რელიგიური მრწამსი, ფილოსოფიური შეხედულებები თუ სოციალური წარმომავლობა – ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიდგეთ ქვეყნის მომავლისთვის.
სწორედ ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა – ერთობა მრავალფეროვნებაში, სოლიდარობა განსხვავებულობაში. დღევანდელი შეხვედრა ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ გავაერთიანოთ ძალები საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი დღეს არის ის, რომ ჩვენი სხვადასხვაობა არ უნდა გვაშორებდეს, არამედ უნდა გვაერთიანებდეს. ეს არის ჭეშმარიტი სოლიდარობის არსი – პატივი ვცეთ ერთმანეთის განსხვავებულობას და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე.“
რეპორტიორი: კოკა ჯახუტაშვილი