მშვიდობიან პროტესტს ევროინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ უერთდებიან სამედიცინო ცენტრებიც. „ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „კლინიკა ინოვა“ და „ნ. ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ აქვეყნებენ განცხადებას, რომ აღნიშნული კლინიკები და მათი სამედიცინო პერსონალი „სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა.“
10 დეკემბრის მდგომარეობით, 28 ნოემბრიდან დაწყებული ქართული არასამთავრობო სექტორის 11 ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობიანი პროტესტის 460-ზე მეტი პირი დაკავებულია, საიდანაც 300-ზე მეტი – დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას და არასათანადო მოპყრობას. დაკავებულ პირთა ასაკი მერყეობს 15-დან 60 წლამდე. მამაკაცებთან ერთად დაკავებულ იქნენ ქალები და ბავშვებიც.
პროტესტის პარალელურად, მინიმუმ, 3500 საჯარო მოხელე ან საბიუჯეტო ინსტიტუციის თანამშრომელი შეუერთდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ისინი გმობენ ძალადობას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.