16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, როგორც სანქციების, ასევე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებზე. იქამდე, შევაჯამებთ ბოლო პერიოდში დასავლელი პარტნიორების მიერ გაზიარებულ პოზიციებს.
10 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებს მიმართა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა და მოუწოდა მათ პირადად ეწვიონ და გაეცნონ საქართველოში შექმნილ ვითარებას: „რას იტყვით, ბოლოს და ბოლოს, რომელიმე თქვენგანი რომ თვითმფრინავში ჩაჯდეს და თბილისში ჩაფრინდეს. ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მარტა კოს, ანტონიო კოსტა’’ – განაცხადა როთმა. მისი თქმით, დემონსტრანტები არა დამატებით პრივილეგიების, არამედ ევროპული ფასეულობების გადასარჩენად იბრძვიან.
9 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობა აშკარად მოითხოვს სანქციებს. „ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები აშკარად მოითხოვს სანქციებს. თუმცა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება არის საჭირო“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩი დამატებით მიუთითებს, რომ სანქციების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, და თუ წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან, „ეს შეიძლება მოიცავდეს უვიზო რეჟიმის შეჩერებას.“ თუმცა, ელჩმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ მათ არ სურთ იმ ადამიანების დაზარალება რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ერთგულად იცავენ, თბილისსა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი პროტესტის ფორმით.
7 დეკემბერს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკა მკაცრად შეაფასეს. მათი თქმით, ,,ქართული ოცნების’’ ნაბიჯები აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ევროპულ მისწრაფებებს. მათ უარყოფითად შეაფასეს ძალის არაპროპორციული გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების დევნა. „ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა 2024 წლის დასაწყისიდან გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და რამაც, თავის მხრივ, განაპირობა ჩვენი ურთიერთობის გაუარესება საქართველოსთან“, – წერია განცხადებაში.
9 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანეთი შეწყვეტს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, სანამ არ შეწყდება ძალადობა და არ აღდგება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში. „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. “ – ნათქვამია თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრის, დევიდ ლამმის განცხადებაში.
მკაცრი შეფასებები ვრცელდება აშშ-დანაც:
5 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს საელჩო საქართველოში, კატეგორიულად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, გამოიყენოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ძალადობას და ხელს უშლის დემოკრატიულ პროცესს საქართველოში. „ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, რომ გამოიყენოს სანქციები და დააკისროს პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში ძალადობას უწყობენ ხელს“ – განაცხადა ბლინკენმა.
დემოკრატი სენატორი, მერილენდის შტატიდან და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ უნდა არსებობდეს ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში ძალადობას განაგრძობენ.„ვფიქრობ, თქვენ იხილავთ შეერთებული შტატებისგან ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ამ ძალადობას ჩადის. ხალხის ნება არ სრულდება, ამას რეაგირება ყველგან უნდა მოჰყვეს,“ – აცხადებს ბენ კარდინი.
ცნობილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებში მთავარი დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. მან აღნიშნა, რომ თბილისი კვლავ თავისუფალი, და დამოუკიდებელი უნდა გახდეს. ამასთანავე ხაზი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიმამაცეს. ,,საქართველოში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ვამაყობ საქართველოს პრეზიდენტის სიმამაცით. მათ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი“ – აცხადებს უილსონი.
ასობით ბიზნესის წარმომადგენელი, ათიათასობით მოქალაქე კვლავ აპროტესტებს სისტემურ ძალადობას, წამებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. 10 დეკემბრის მდგომარეობით, 28 ნოემბრიდან დაწყებული ქართული არასამთავრობო სექტორის 11 ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობიანი პროტესტის 460-ზე მეტი პირი დაკავებულია, საიდანაც 300-ზე მეტი – დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას და არასათანადო მოპყრობას. დაკავებულ პირთა ასაკი მერყეობს 15-დან 60 წლამდე. მამაკაცებთან ერთად დაკავებულ იქნენ ქალები და ბავშვებიც.
პროტესტის პარალელურად, მინიმუმ, 3500 საჯარო მოხელე ან საბიუჯეტო ინსტიტუციის თანამშრომელი შეუერთდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ისინი გმობენ ძალადობას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.