საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართვა საქართველოსთვის

დეკემბერი 13, 2024
საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართვა საქართველოსთვის

დღეს, 13 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქართველ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და პატივს სცემს მის სუვერენულ არჩევანს. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ არ იყენებს მუქარას, არამედ სთავაზობს საქართველოს პარტნიორობას, რათა სამშობლომ ევროპულ გზაზე განვითარდეს. მაკრონი ხაზს უსვამს, რომ ეს წინსვლა დამოკიდებულია დემოკრატიული პროცესების დაცვაზე, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური უფლებების პატივისცემა.

„ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო! საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს, მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი გადმომეცა ამ მოკლე ვიდეოს საშუალებით. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ასახული, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი, არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს. ევროპული გზის ეს არჩევანი თქვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა, ევროპულ ოჯახთან შეერთების ეს არჩევანი არის ის, რაც დღეს მშვიდობიანად გამოხატულია თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ათეულ ქალაქშიც. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპულმა საბჭომ დადებითი პასუხი გასცა ამ მისწრაფებას. ეს არჩევანი გულისხმობს გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას დროთა განმავლობაში. გზა დასახულია, საქართველოს შეუძლია იმუშაოს ხელიხელჩაკიდებულმა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას უნდა დაელოდოს და რატომ?

ვუბრუნდები იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ევროპული არჩევანი. ევროკავშირი არ ავალდებულებს. ევროპა სთავაზობს, თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის. ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას. ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას, ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციასა ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით. ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას. ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და ეროვნულ იდენტობას, როგორიცაა ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია. ევროკავშირი არ კარნახებს რა არის ეროვნული ინტერესი. ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ საქართველოსას. ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში.

ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან და ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიახ, ევროპა ეს არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა. ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ.

და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ. მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას.გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას და გაუმარჯოს ევროპას!”.



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.