პარლამენტის სხდომის ბიუროდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება. ცვლილების ამსახველი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია პარლამენტისა საიტზე.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ცნობილია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად დაასუსტებს საჯარო მოხელეების დამოუკიდებლობას, მათ სტაბილურობას, ხოლო შუა რგულის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს – აღარ ევალებათ ქართული ენის ცოდნა. კერძოდ:
- ცვლილებების თანახმად, საჯარო სამსახურში შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირები (მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე და სხვა – კერძოდ „საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე“) შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, რადგანაც ისინი აღარ მიიჩნევიან „საჯარო მოხელეებად“, (საჯარო მოხელეების სტატუსის ნაცვლად, ისინი გახდებიან „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები“).
- თავის მხრივ, „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი“ ინიშნება პოლიტიკური თანამდებობის პირის ვადით (მაგალითად, როგორიცაა მინისტრის მრჩეველი ან თანაშემწე, რომელიც იცვლება მინისტრის ცვლილებასთან ერთად და არ სარგებლობს საჯარო მოხელისთვის დამახასიათებელი სამსახურებრივი სტაბილურობით, რაც მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა) – იხ. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი.
- რადგანაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს კანონით არ ევალებათ ქართული ენის ცოდნა და მოხელის სერტიფიკატი, შესაბამისად – საჯარო სამსახურში მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს (როგორიცაა დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები) აღარ ესაჭიროებათ ქართული ენის ცოდნა, რადგანაც საჯარო მოხელის სტატუსიდან მათი ხელშეკრულება გადადის სწორედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსზე.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ ცვლილებებით, შესაძლებელია მინისტრის სამსახურიდან გაშვებისთანავე, მასთან ერთად განთავისუფლდეს ამავე სამინისტროს ყველა დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე. ამავდროულად, დეპარტამენტის უფროსებსა და მოადგილეებს აღარ ევალებათ ქართული ენის ცოდნა (რადგანაც ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმდებიან).
პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ შუა რგოლის საჯარო მოხელეები დაუცველები არიან პოლიტიკური გავლენისა და ზეწოლის წინაშე, და ნებისმიერ დროს, შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდნენ – მათ შორის, პოლიტიკური ნიშნითაც. მსგავსი ცვლილებები საგანგაშოა – განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც, მინიმუმ 3500-მდე საჯარო მოხელე და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ინსტიტუციებში მომუშავე ადამიანი აპროტესტებს ერთი მხრივ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას ქართული ოცნების მიერ, ხოლო მეორე მხრივ, სისტემურ ძალადობას პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.
- ცვლილებები შეეხო სხვა მუხლებსაც. მაგალითისთვის, 52-მუხლის ჩამონათვალიდან ამოღებულია „რეორგანიზაცია“, რაც ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის დროს აღარ არსებობს ვალდებულება, თანამშრომლის სხვა ერთეულში დასაქმებაზე.
- 53-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, თანამშრომლის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ – და არა წელიწადში ერთხელ. ამავდროულად, შესაძლებელი ხდება თანამშრომლის შეფასების გადახედვა 1 თვეში და ხელფასის დაკავება 20%-ით. აღნიშნული ფაქტობრივად ნიშნავს, ყოველთვიური შეფასების შესაძლებლობას, რაც დამატებით ამცირებს საჯარო მოხელის პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტიებს.
- ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილებასაც. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ 3 თვის განაცდურის ანაზღაურება, რაც ეწინააღმდეგება რიგ საერთაშორისო შეთანხმებებს – მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებს.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია სხვა პოტენციური რისკებიც: მხოლოდ 2022 წელს, ცნობილია, რომ 3000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობაც. თუ მათ აღარ ევალებათ ქართული ენის ცოდნა, თეორიულად, მათ არაფერი შეუშლის ხელს, დასაქმდნენ საჯარო სამსახურის საშუალო რგოლებში და შესაბამისად, მიიღონ წვდომა საჯარო ინსტიტუციებში დამუშავებულ ინფორმაციაზე – რაც, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირობებში, დამატებით რისკებს აჩენს.
აღნიშნული ცვლილებები, ეწინააღმდეგება საჯარო ადმინისტრაციის ევროპულ პრინციპებს, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზს უსვამს საჯარო სამსახურში პოლიტიკური ნეიტრალობის აუცილებლობაზე – რაც მათ შორის, საჭიროებს დასაქმების სტაბილურობასა და განჭვრეტადობას (კერძოდ, დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთი მექანიზმების არსებობა, რაც აძლევს პოლიტიკური თანამდებობის პირებს შესაძლებლობას, თვითნებურად შეწყვიტონ დასაქმებულის ხელშეკრულება). ამავდროულად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის R2000/6 რეკომენდაციის მე-16 მუხლი მიუთითებს, რომ საჯარო მოხელის ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა იყოს შესაძლებელი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და საჯარო მოხელე უნდა იყოს დაცული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.
საჯარო მოხელეების სტატუსის შესუსტება ამ ფორმით ფაქტობრივად აზიანებს იმ მიღწევებს, რაც განხორციელდა საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმის ნაწილში, 2014 წლიდან, რაზეც დაიხარჯა ათობით მილიონი ლარი. შესაძლოა, აღნიშნულმა ცვლილებებმა საფრთხე შეუქმნას ევროინტეგრაციის პროცესსაც, რადგანაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებული, ასოცირების შესახების მე-4 მუხლის თანახმად, საქართველო ვალდებულია:
„განაგრძონ საჯარო მმართველობის რეფორმა და შექმნან ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახური.“
ამავდროულად, საზოგადოებაში გავრცელებულმა ინფორმაციამ ქართული ენის სავალდებულო კრიტერიუმებიდან ამოღების შესახებ საზოგადოებაში დიდი კრიტიკა გამოიწვია, მოქალაქეებმა გაიხსენეს 1978 წლის აპრილის მოვლენები, რა დროსაც 20’000-მდე მოქალაქემ გააპროტესტა კომუნისტური პარტიის მცდელობა, ქართულ ენას ჩამოშორებოდა კონსტიტუციური სტატუსი.
საქართველოში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, რომელშიც ათასობით საჯარო მოხელეა ჩართული, განსაკუთრებით საგანგაშოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების პროცესის გამარტივება და საფუძვლიან კითხვებს აჩენს ხელისუფლების მცდელობაზე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პოლიტიკური დევნის მიზნით გამოყენების შესაძლებლობაზე.