ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების საპასუხოდ მიმდინარე პროტესტს საქართველოში მოქმედი 2200-ზე მეტი ბიზნესი უერთდება, ბიზნესმენის, გიორგი ჩუგოშვილის მიერ ინიცირებული პლატფორმის მეშვეობით – www.freebusiness.ge. ინიციატივას სწრაფად შეუერთდნენ ბიზნესის წარმომადგენლები და 15 დეკემბერს წარდგენიდან 24 საათში, მას 300-მდე ბიზნესი აწერს ხელს (*22 დეკემბრის განახლებით კი ეს რიცხვი 2202-ს აღწევს).
ინიციატივის მხარდამჭერებს აქვთ ორი ძირითადი მოთხოვნა:
1. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.
2. პროტესტის დაკავებული მონაწილეების ახალ წლამდე გათავისუფლება.
პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
,,არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას’’.
18 დეკემბრის მდგომარეობით, ინიციატივის წარდგენიდან მესამე დღეს, მას შეუერთდა 1073 ბიზნესი (22 დეკემბრის განახლებით, ინიციატივას უერთდება 2202 კომპანია, ხოლო მონაცემები მუშავდება დამატებით 663 განაცხადზე). აღსანიშნავია, რომ თითოეული კომპანია გადის სპეციფიკურ ვერიფიკაციას, რათა დადასტურდეს, რომ განცხადება ნამდვილად გამოხატავს მათ პასუხისმგებლობას და სურვილს.
ინიციატივას უერთდებიან როგორც საშუალო და მცირე, ისე ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს კომპანიები, რომელთა შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, გადასახადების სახით, მილიონობით ლარს წარმოადგენს – მათ შორისაა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეოპერატორი – მაგთიკომი, მაკდონალდსი, კოკაკოლა, PSP ფარმა, საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები – როგორიცაა მაგალითად, საქართველოს ბანკი და მრავალი სხვა.
კომპანიები ეხმიანებიან ინიციატივას საკუთარ სოციალურ ქსელებშიც. საქართველოს ბანკის Facebook გვერდზე ვკითხულობთ:
,,საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს. ევროპისკენ მიმავალ გზაზე – არ გაჩერდე!’’
ასობით ხელმომწერს შორისაა PMC კვლევითი ცენტრიც, რომლის გვერდზეც ვკითხულობთ:
„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს პოზიციებს როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით და ქვეყანას იზოლაციის წინაშე აყენებს’’. ისინი ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ,,სრულად გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, აღკვეთოს ძალადობა მომიტინგეებზე, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მიუღებლობა და უზრუნველყოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა ყველა შესაძლო მექანიზმით.’’
ინიციატივის შესახებ ინფორმაცია განახლდება 19 დეკემბერს, 13:00-ზე: www.freebusiness.ge
ამავე პერიოდში, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. ტენდერის მიზნად მითითებული იყო „თბილისში 2024 წლის დეკემბრის თვეში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ლანჩის ნაკრებით უზრუნველყოფა“. აღნიშნულის ჩაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩის ნაკრებების შეძენას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით ითხოვს. ამავე მოვლენებს გამოეხმაურა Amnesty International და მიუთითა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ მათ შორის, განხორციელებულ წამების ფაქტებზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებას 3500-მდე საჯარო მოხელეც აპროტესტებს.