„ამომრჩევლებს მოუწიათ ხმის მიცემა ისეთ გარემოში, რაც მათ პოლიტიკური ანგარიშსწორების შიშს უქმნიდა“ – ეუთო/ODIHR 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს

დეკემბერი 20, 2024
„ამომრჩევლებს მოუწიათ ხმის მიცემა ისეთ გარემოში, რაც მათ პოლიტიკური ანგარიშსწორების შიშს უქმნიდა“ – ეუთო/ODIHR 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს

დღეს, 20 დეკემბერს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ეუთო/ODIHR) აქვეყნებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შეფასებას, და მიუთითებს მრავალ გამოწვევაზე, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

„ჩვენს საბოლოო ანგარიშში მითითებული მრავალი გამოწვევა მიუთითებს, რომ ამ არჩევნების ერთიანობა დაზიანებულია, ისევე როგორც საზოგადოებრივი ნდობა პროცესის მიმართ,“ – ამბობს მისიის ხელმძღვანელი, ეოღან მერფი და განმარტავს, რომ „იმ დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რაც დღეს საფრთხის წინაშეა საქართველოში, აუცილებელია რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა გამოკვეთილ პრობლემას.“

ანგარიშში საუბარია, რომ არჩევნები ჩატარდა საზიანო საკანონმდებლო გარემოსა და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის შეზღუდვის კონტექსტში, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს, ხოლო ამომრჩევლებს მოუწიათ ხმის მიცემა ისეთ გარემოში, რაც მათ პოლიტიკური ანგარიშსწორების შიშს უქმნიდა. ასევე ნახსენებია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით არასათანადოდ იყო განხილული სარჩელები, ძალადობრივად ხდებოდა პროტესტის ჩახშობა, რამაც მძიმე შეკითხვები გააჩინა ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვასთან დაკავშირებით.

ეუთო/ODIHR აღნიშნავს, რომ არჩევნების აღიარება თუ უარყოფა სცდება მის მანდატს, თუმცა, მისი მიუკერძოებელი და სრულყოფილი შეფასება აძლევს ამომრჩევლებს შესაძლებლობას, თავად იმსჯელონ არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით.

სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ეუთო/ODIHR-ის ვებგვერდზე.



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.