ინტერვიუ თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის – Freebusiness.ge-ს დამფუძნებელთან, გიორგი ჩუგოშვილთან

დეკემბერი 28, 2024
ინტერვიუ თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის – Freebusiness.ge-ს დამფუძნებელთან, გიორგი ჩუგოშვილთან

ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების პასუხად, 15 დეკემბერს შექმნიდან ორ კვირაში, თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას freebusiness.ge-ს შეუერთდა 2400-მდე მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესი, რომელთა საერთო ბრუნვა მილიარდობით ლარს ითვლის.

თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის წევრები ითხოვენ:

1. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას და
2. პროტესტის დაკავებული მონაწილეების ახალ წლამდე გათავისუფლებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ახალ წელს ოჯახებში შეხვდნენ.

მაისი ესაუბრა თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის დამფუძნებელს, გიორგი ჩუგოშვილს:

 

1. გიორგი, რა რისკებს ხედავთ არსებულ ვითარებაში?

“ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, თუ არ გადაწყდა, ის გადაიზრდება აუცილებლად ეკონომიკურ და შემდეგ სოციალურ პრობლემებში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ პრობლემებზე, მათ შორის აქ ვგულისხმობთ იმას, რომ პირველ რიგში ჯერ მცირე ბიზნესს, შემდეგ კი საშუალო ბიზნესს, და ალბათ ბოლოს შეეხება მსხვილ ბიზნესსაც, ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პრობლემები ბიზნესის კუთხით.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია არსებული თუ მომდევნო სანქციები და იმ პარტნიორობების გაწყვეტა, რომელიც ჩვენ დასავლურ სამყაროსთან ვნახეთ ბოლო პერიოდში, და შეჩერებული ინტეგრაციის პროცესი. ამან შეიძლება ძალიან დიდი დომინოს ეფექტი გამოიწვიოს ეკონომიკაში, რომელიც გამოვლინდება, რა თქმა უნდა, კურსის გაუფასურებაში. კურსის გაუფასურება პირდაპირ პროპორციულად, შემდეგ აისახება ფასების ზრდაში და ინფლაციაში გამომდინარე იმ მარტივი მიზეზიდან, რომ საქართველო ძალიან დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე. საკმაოდ დიდი იმპორტი გვაქვს და მცირე რაოდენობით ექსპორტს ვახორციელებთ.

შესაბამისად, ეს მოცემულობა აუცილებლად აისახება სოციალურ კომპონენტში, ეკონომიკას, კურსსა და ინფლაციაში. თუ ეს გაგრძელდა, შეიძლება გადაიზარდოს ამ ორ ეკონომიკურ და სოციალურ კომპონენტში და შემდეგ უკვე ძალიან რთული შედეგები მივიღოთ. ბიზნესი – ამაზე წუხს მნიშვნელოვნად – ნაწილი მაინც. BMG-ში იყო პირველი პრეცენდენტი, დაახლოებით ორი კვირის წინ ალბათ, როდესაც ბიზნესმენები ერთად შეიკრიბნენ და დააფიქსირეს მათი პოზიცია, რომ ეს საფრთხეები ქვეყანას ემუქრება, და შემდეგ იყო განხილვა, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი.

შემდეგი ნაბიჯი იყო ამ ფორმალური სახის მიცემა იმ პოზიციისთვის, რასაც ბიზნესი აფიქსირებს. როგორც ვთქვით, წყარო ამ ყველაფრის არის პოლიტიკური, მაგრამ შეიძლება გადაიზარდოს – ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში – და ამას სჭირდება დეესკალაცია.

 

2. რას ეყრდნობა თავისუფალი ბიზნესის ორი მოთხოვნა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება?

ახლა ყველაფერი არის ძალიან გამძაფრებული და ძალიან დაძაბული სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ ბიზნესის ინტერესი არის დეესკალაცია და ის კომპანიები, რომლებიც უერთდებიან ჩვენ განცხადებას და ის ბიზნესმენები, რომლებიც თავიდან ამაზე მსჯელობდნენ და წუხდნენ ამ დეესკალაციის საუკეთესო გზად ხედავენ არჩევნებს, იმიტომ რომ არის პოლიტიკური კონფლიქტი და დემოკრატიაში პოლიტიკური კონფლიქტები იჭრება დემოკრატიული ინსტრუმენტით, რომელიც არის არჩევნები.

მეორე მომენტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, არის ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებდნენ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ, რომ მათი დაკავების დროს, ან დაკავების შემდგომ ან სასამართლო პროცესის დროს, ძალიან თვალნათლივ ჩანდა, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები იყო შელახული. არ შეიძლება ჯერ ზოგადად ძალადობა, განსაკუთრებით არ შეძილება დაკავებულ ადამიანზე ძალადობა, თანაც როდესაც ადამიანი სასამართლო პროცესზე ვიდეო მტკიცებულებით არის, რომ მას არაფერი დაუშავებია. სამწუხაროდ მავნე პრაქტიკა გვაქვს, რომ ორმა პოლიციელმა ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება შეიძლება მიცეს სასამართლოს და სასამართლომ ამას უპირატესი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი მიანიჭოს, გადაწყვეტილების მიღების დროს, ვიდრე იმ ვიდეო მასალას, რომელიც სრულიად საპირისპიროს აჩვენებს. ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები არ უნდა გამოამწყვდიონ ციხეში. ამას იძახის საზოგადოება, ამას იძახის საერთაშორისო საზოგადოება და ეს არის ცალსახა.

ამიტომ ბიზნესი გაერთიანდა ამ ორი ძირითადი მოთხოვნის გარშემო: პირველი, რომ დეესკალაციის მიზნით იყოს ახალი არჩევნები სამართლიანი, გამჭვირვალე, და მეორე, რომ ეს ადამიანები ახალ წელს შეხვდნენ სახლებში – და ბოლოს არის ასეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი განცხადებაში, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა, ნებისმიერი ბიზნესი ან ბიზნესმენი რომელიც თვლის რომ ეს ორი ნაბიჯი არის გადასადგამი იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს და თავიდან ავიცილოთ ის ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები რომლებზეც ვისაუბრეთ, შეუძლია ამ განცხადებას შემოუერთდეს.

ეს არის ბიზნეს განცხადება. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური განცხადება.
რა თქმა უნდა, არიან ბიზნესები, რომლებიც იძახიან რომ არჩევნების მოთხოვნა არ არის პოლიტიკური ამბავი, და ამიტომ უერთდებიან განცხადებას. ამავდროულად, სოციალური მოთხოვნით პოლიტიკურ პრობლემას ვერ გადაჭრი, ხომ? ჩემთვის ცოტა ისიც უცნაური არის, რომ ბევრი კომპანია, რომელიც საკმაოდ აქტიურად აკეთებს შემოწირულობებს პოლიტიკურ პარტიებზე, ისინი არიან, რომლებიც დღეს იძახიან რომ ეს მოთხოვნა არის პოლიტიკური. ცოტა უცნაური მოცემულობა არის, თითქოს ბიზნესი სრულად უნდა იყოს დისტანცირებული პოლიტიკისგან, რაც ასე არ არის, არსად არ ყოფილა და ვერც იქნება. იმიტომ, რომ როდესაც კომპანიების დამფუძნებლები აკეთებენ პარტიებისთვის შეწირულობას, ისინი რა თქმა უნდა უკვე მოქმედებენ პოლიტიკაზე, და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს ბევრ ქვეყანაში ხდება, საქართველოშიც ხდება და ასეც უნდა იყოს.

მაგრამ უცებ დეესკალაციის მიზნით არჩევნების მოთხოვნა, გახდა ისეთი პოლიტიკური ამბავი რომლისგანაც ზოგიერთმა კომპანიამ დისტანცირება არჩია. თუმცა, მე არ მგონია რომ პოლიტიკური კრიზისი შეიძლება გადაწყდეს ეკონომიკური მოთხოვნით. ის რაღაცნაირად პოლიტიკური მოთხოვნის შეერთებით უნდა გადაწყდეს. ვხედავთ რომ ოცდაექვსი დღე, მგონი, ადამიანები დგანან, აპროტესტებენ და ითხოვენ ასევე, აი ამ, ამ ნაბიჯს, რომელიც ერთადერთი რაციონალური ნაბიჯია ამ სიტუაციაში.

 

3. უშუალოდ როგორ ხედავთ ამ პლატფორმის დანიშნულებას და რას გულისხმობს თქვენ მიერ გაჟღერებული ე.წ. „dollar voting” – ან ქართულად რომ ვთქვათ, „ლარის ხმა“?

რატომ გავაკეთეთ ეს პლატფორმა? ეს პლატფორმა გავაკეთეთ, იმიტომ რომ მგონია რომ ბიზნესმა უნდა გაიაროს ტრანსფორმაცია. ოთხმოცდაათიან წლებში, საბჭოთა კავშირის შემდეგ, ბიზნესი საკმაოდ არა-ბიზნესური ფორმით განვითარდა. როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ბიზნესი, ისე არ მოგვევლინა. ქვეყანაში იყვნენ ადამიანები რომლებმაც დააგროვეს პირველადი კაპიტალი ქვეყნის აქტივების ხარჯზე – მოსახლეობის ხარჯზე, ასე ვთქვათ, და შემდეგ მოხდა იმ კაპიტალის გამდიდრება, გამრავლება.

შემდეგ უკვე იყო მეორე ეტაპი, რომელიც არის მთავრობასთან ძალიან ახლო კოორდინაციაში, ასე ვთქვათ, დოვლათის გენერირება, რომელიც ასევე არ არის ბიზნესის კარგი პრაქტიკა. ბიზნესის კარგი პრაქტიკა არის ის რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ახალგაზრდა ბიზნესმენებში. ეს არის პროფესიონალიზმი, კარგი პროდუქტის შექმნა, კარგი სერვისის შექმნა, მომხმარებელზე ორიენტაცია და ორგანიზაციის აშენება ღირებულებების გარშემო. თუ ორგანიზაცია ღირებულებებისგან დაცლილი არის და მისი მხოლოდ ერთადერთი მიზანი არის დოვლათის შექმნა და მოგების გენერაცია – ის უკვე არ არის ოცდამეერთე საუკუნის ბიზნესი. ამაზე შეთანხმდა მთელი დასავლური, განვითარებული სამყარო.

ახალგაზრდა თაობის მომხმარებლები ხშირად ბოიკოტს უცხადებენ კომპანიებს, თუ კომპანიებს არ აქვთ ღირებულებები, თუ მათ ეშლებათ ღირებულებებში. უბრალოდ იქ სხვა პრობლემები დგას. იქ ძირითადი პრობლემები არის, მაგალითად: გარემოზე ზრუნვის პრობლემები, ეთიკური საქმიანობა, და ასე შემდეგ. იქ სხვადასხვა მიზეზების გამო, ასე ვთქვათ, იწუნებენ კომპანიებს იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი არ იქცევიან ეთიკურად და მდგრადი განვითარებას პრინციპებს არ მიყვებიან.

ჩვენთან ცოტა სხვა მოცემულობა არის. ჩვენთან ახლა მთავარი ღირებულება, რომელიც დარტყმისა და რისკის ქვეშ არის – ჩვენი ქვეყნის მომავალია, და მეც მგონია და იმ ბევრ ადამიანსაც – 2400-ზე მეტი კომპანია შემოუერთდა ჩვენს განცხადებას დაახლოებით ათი დღის განმავლობაში – იმ ადამიანებსაც და მეც მგონია, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს ღირებულებები და მათ შორის უნდა განაცხადოს ეს ღირებულებები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჩვენ იმ კომპანიების პოზიცია ქვეყნის ბედთან დაკავშირებით, რომლის მომხმარებლებიც ჩვენ ვართ, იმიტომ რომ არის ასეთი ძალიან კარგი ტერმინი, რომელსაც ჰქვია „Dollar voting”. ეს ნიშნავს ფულით, ხმის მიცემას. როდესაც ჩვენ ვყიდულობთ კომპანიის პროდუქტს, სერვისს, ჩვენ მას ვუხდით ფულს. ამ ფულის ოცდაათი პროცენტიდან ორმოც პროცენტამდე მიდის ბიუჯეტში, დანარჩენი მიდის უკვე ხელფასებში, მოგებაში, განვითარებაში და ასე შემდეგ. ჩვენ, მისი პროდუქციის ყიდვით, მას ვაძლევთ „ხმას“ რომ მან გააგრძელოს იმ პროდუქციის და სერვისის წარმოება რომელსაც აკეთებს, მაგრამ ასევე გააგრძელოს კარგი პრაქტიკებით და ღირებულებებით საქმიანობა. იქნება ეს მისი გავლენა პოლიტიკაზე, იქნება ეს მისი სოციალური პასუხისმგებლობა თუ ეს მისი ღირებულებები.

ამიტომ, როდესაც ჩვენ ვყიდულობთ პროდუქტს, ჩვენ უბრალოდ პროდუქტს არ ვყიდულობთ, ჩვენ ვაძლევთ ამ ორგანიზაციას საშუალებას, რომ ის გაიზარდოს, გაძლიერდეს და უფრო აქტიურად გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა, როგორც პროდუქტის კუთხით, ასევე გვერდითი პროცესების კუთხით, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით და პოლიტიკური გავლენის კუთხით. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდე იმ მენეჯმენტის და დამფუძნებლის ღირებულებითი ჯაჭვი და სტრუქტურა, რომლისგანაც მე ვყიდულობ პროდუქციას და ვაძლევ მას ხმას, რომ ის უფრო გაძლიერდეს და გაიზარდოს. მგონია რომ ეს მარტო ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი.

ამიტომ შევქმენით ზუსტად პლატფორმა, სადაც ეს პოზიციები იქნება შენახული სამუდამოდ. კი, ზოგიერთი კომპანია დადებს პოსტს, რაღაცას გამოეხმაურება, ზოგიერთი გაჩუმდება, ზოგიერთი საპირისპირო პოზიციას გამოხატავს და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდოდა, რომ ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში და ამ პროცესის ბოლოს დარჩენილიყო არქივი, რომელსაც ჩვენ ერთი წლის მერე, ორი წლის მერე, შემდეგი კრიზისის დროს, რომელიც შეიძლება კრიზისის გამოძახილი იყოს, ჩვენ დავბრუნდებით და ვნახავთ, ვინ რომელ პოზიციაზე იყო – ვინც გვაფრთხილებდა, ვინც იბრძოდა კონკრეტული ნაბიჯებისთვის და ვინც გაჩუმდა ან ეწინააღმდეგებოდა. რაღაც პოზიციის შეთანხმება, რა თქმა უნდა, ერთია, გაჩუმება არის მეორე.

 

4. სხვადასხვა მედიიდან ხშირად გვესმის ინფორმაცია ბიზნესის შევიწროების შესახებ. თქვენ საუბრობდით ბიზნესის ურთიერთმხარდაჭერაზე. რას გულისხმობს ეს?

მე გაჩუმება მგონია რომ ყველაზე ნაკლებად მისაღები პოზიცია არის. და რატომ? ნებისმიერი კომპანია ოპერირებს საზოგადოებაში. ის სარგებელს იღებს საზოგადოებრივი სიკეთეებისგან, ის სარგებელს იღებს ბიუჯეტიდან, პირდაპირ თუ ირიბად, იმიტომ რომ კეთდება გზები, არის განათება, არის უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ეს არის საზოგადოებრივი სიკეთეები. ეს სიკეთეები რომ არ იყოს, ის ვერ იოპერირებდა და იმ დოვლათს ვერ შექმნიდა. ამიტომ, მიუღებელია ეს პოზიცია, რომ როდესაც კარგი დრო არის, ბიზნესმა საზოგადოებრივი სიკეთეებით მიიღოს სარგებელი და გაამრავლოს მისი დოვლათი, ხოლო კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანას უჭირს – დაელოდოს, რომ ქარიშხალმა გადაიაროს. ეს არ მიმაჩნია მე სწორ პოზიციად.

ამიტომ თანამშრომლებმაც და მომხმარებლებმა და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს კომპანიების პოზიცია და ღირებულებითი სტრუქტურა: რისი წამთ, რა მიმართულებით მიდიან, რა პოზიციებს აფიქსირებენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყანა წავიდეს იქეთ, რომ ბიზნეს არ ეშინოდეს კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება. ბიზნესი ქმნის დოვლათს, ბიზნესი ავსებს ბიუჯეტს. შემდეგ ეს ყოველწლიური ბიუჯეტი, რომელიც უკვე ოცდაორი მილიარდ ლარზე, უნდა მოხმარდეს ქვეყანას. ბიზნესი, როდესაც ავსებს ბიუჯეტს და შემდეგ არ მოსწონს როგორ ხდება მისი განკარგვა, მას არ უნდა ეშინოდეს ამის თქმის, იმიტომ, რომ დაცულად არ გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აბსოლუტურად სწორად, გამჭვირვალედ და პატიოსნად მუშაობს.

მაგრამ მე ძალიან მიხარია, რომ ორი ათას ოთხასზე მეტი კომპანია გაერთიანდა და ისინი უფრო დაცულად გრძნობენ თავს, იმიტომ რომ ეს არის სამი მუშკეტერის პრინციპით – ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. რომელიმე კომპანიას რომ პრობლემა შეექმნას იმის გამო რომ მან სწორი პოზიცია დააფიქსირა – ეს უკვე ჩვენი ყველას პრობლემაა და ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ იმ რესურსებით, რაც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მე მგონია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც არის რეალურად ხერხემალი ეკონომიკის, მან უნდა დაიჯეროს თავისი ძალის.

 

5. ამ დროისთვის, თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას უერთდება 2400-მდე ბიზნესი – რას ნიშნავს ეს საქართველოს ეკონომიკის მასშტაბით?

საქართველოში, საქსტატის მონაცემებით, გვაქვს ორასი ათასი იურიდიული აქტიური ერთეული. მაგრამ ეს არის ძალიან გაბერილი ციფრი. რეალურად, ვისაც აქვს ბრუნვა, ვინც არის ასეთი შემდგარი ბიზნესი – და შემდგარი არ ნიშნავს, რომ დიდია აუცილებლად – ვინც ნორმალურად საქმიანობს, დაახლოებით 79 000 იურიდიული ერთეული არის, რომელიც ყოველწლიურად აუდიტის სამსახურში გზავნის ანგარიშგებას. ამიტომ ეს არის რეალური ეკონომიკა, იმიტომ რომ ყველა ოდნავ თავმოყვარე კომპანია მაინც აწარმოებს მოწესრიგებულ ბუღალტერიას. ისინი აუცილებლად გზავნიან აუდიტის სამსახურში წლიურ ანგარიშგებას. ბოლო წლის ოქტომბერს იყო ბოლო ვადა ანგარიშების წარდგენის, რაც 79 000 კომპანიამ წარადგინა.

შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში გვყავს 79 000 აქტიური ბიზნესი. მაგრამ ეს კომპანიები შემდეგ იყოფა მცირე, საშუალო, დიდ და ძალიან დიდ კომპანიებად. ასევე ცალკე არის გამოყოფილი საზოგადოებრივი დაინტერესების პირები, რომლებიც არიან ბანკები, აფთიაქები, დიდი სუპერმარკეტების ქსელები და ასე შემდეგ. საზოგადოებრივი დაინტერესების პირი – გვყავს დაახლოებით 120 კომპანია. ძალიან დიდი კომპანია გვყავს დაახლოებით 135. დიდი კომპანია გვყავს დაახლოებით 600, საშუალო – 4500 და დანარჩენი 74 000 დაახლოებით არის უკვე მცირე ბიზნესი.

ეს არის მოცემულობა და ჩვენ ახლა, როდესაც უკვე გვიერთდებიან კომპანიები, უკვე გადავდივართ შემდეგი დონის ანალიზზე. აქამდე ძირითადად, რომ რაღაცნაირად გავმკლავებოდით ამ კომპანიების რაოდენობას, იმიტომ რომ 2400 კომპანიასთან ჩვენ გავიარეთ ვერიფიკაციის პროცესი ათ დღეში, რომ დავრწმუნებულიყავით რომ განაცხადს აკეთებს ის პირი, ვინც უფლებამოსილია, რომ ორგანიზაციის სახელით ისაუბროს, იქნებოდა ეს დამფუძნებელი, დირექტორი თუ სხვა.

რა თქმა უნდა გვემატება კომპანიები, მაგრამ ის რაოდენობა არა, იმიტომ რომ პირველ დღეებში ექვსასი-შვიდასი კომპანია გვიერთდებოდა დღის განმავლობაში, და საკმაოდ დიდი შრომა იყო მათი ვერიფიკაცია.

ახლა გადავდივართ უკვე მეორე დონის ანალიზზე, რომ გავიგოთ, თუ რა წილი არის ეს ჩვენი ეკონომიკის რაოდენობრივად. შეიძლება ცოტა ჟღერს, მაგრამ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ბიზნესმა ასე ხმამაღლა თქვა თავისი სათქმელი. რაც მთავარია, ეს არის მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის ერთობლივი განცხადება. იქ ვხედავთ ძალიან დიდ კომპანიებს, ასეულობით მილიონიანი ბრუნვით, ვხედავთ დიდებს, საშუალოსა და ძალიან მცირე კომპანიებსაც. მათ შორის პირველადი შეფასებით, იმ კომპანიების ბრუნვა, რომელიც ახლა მიდის ამაზე კალკულაციები და დათვლა და ასე შემდეგ – იმ კომპანიების ბრუნვა, რომლებიც თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის განცხადებას მიუერთდნენ, არის ათ მილიარდ ლარზე მეტი. ეს არ არის ეკონომიკის ნახევარი, ვთქვათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის საკმაოდ დიდი ციფრი და საკმაოდ დიდი ძალა.

რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება. კიდევ შემოგვიერთდებიან და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენ ავალთ დაახლოებით კომპანიების ათ პროცენტზე, რომელიც იქნება დაახლოებით რვა ათასამდე კომპანია.

 

6. რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა?

პირველი, მინდა ვუთხრა მადლობა {დასავლელ პარტნიორებს}, იმიტომ რომ ამ 33-34 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ და მუდმივად იყო ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან გვერდში დგომა.

მათ ნამდვილად არ დაუმსახურებიათ ის დამოკიდებულება და ის განცხადებები, რომლებიც მათ მიმართ ჟღერდებოდა მთავრობის მიერ. ასევე, რაც მინდა ვუთხრა, არის ის, რომ ჩვენ ვუყურებთ როგორც მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს ბიზნესი, რამდენად ძლიერი უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესი და როგორ უნდა იყოს ისე, რომ ეს ის მომენტი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, რომ ბიზნესი იყოს სოციალურად პასუხისმგებელი და ბიზნესმა საზოგადოებას დაუბრუნოს ნაწილი თავისი დოვლათისა უკან, არა მარტო გადასახადების სახით, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის სახით და თავისი ღირებულებებით სწორი, სწორი ვექტორით.

ძალიან მინდა, რომ საქართველო ერთ დღეს ვნახო სრულად ინტეგრირებული ევროკავშირის ეკონომიკაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა. ჩვენ როდესაც საქართველოში ვსაუბრობთ მსხვილ ბიზნესზე, ეს ევროპის მასშტაბით არის საშუალო ბიზნესი ან კიდევ უფრო ნაკლები – უზარმაზარი შესაძლებლობები არის ინოვაციების კუთხით, უზარმაზარი შესაძლებლობები არის წარმოების და სხვადასხვა ინდუსტრიების კუთხით. რაც მთავარია, ყველამ ვიცით ისტორიულადაც დღესაც, რომ ეს არის ეს სანდო ეკონომიკური პარტნიორი, რომელზეც შეგიძლია რომ გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა ააშენო, და არა ის ჩრდილოეთის ვექტორი.

ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ, მე პირადად, ყველა ამ პერიოდის, დღევანდელი, ამ მხარდაჭერისა და მთელი 33-34 წლის განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისა და იმედია, რომ შევძლებთ რომ ღირსეული პარტნიორები ვიყოთ.

 

7. რა ღირებულებები აერთიანებს თავისუფალი ბიზნეს პლატფორმის წევრებს?

2400 კომპანიაში იქნება ყველანაირი კომპანია – იქნება დიდი, იქნება მცირე, იქნება ისეთიც, რომლებთანაც ვთქვათ პირადად მე ან თუნდაც ერთმანეთთან, რაღაც ღირებულებაზე ისინი თანხმდებიან, რაღაც ღირებულებაზე შეიძლება ვერ შეთანხმდა, რაღაცას ერთნაირად უყურებენ, რაღაცას განსხვავებულად. მაგრამ ეს თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა არის მხოლოდ ღირებულებით გაერთიანებული ხალხის პლატფორმა. არანაირი ეკონომიკური ინტერესი იქ არ არის, არანაირი ლობისტური ინტერესი, იქ არ არის.

უბრალოდ, ეს ამ იმ კომპანიების დამფუძნებლების (გამონაკლისები შეიძლება იყოს), მაგრამ აბსოლუტურ უმეტესობას აქვს რამდენიმე რაღაც, რაც მგონია რომ ყველასთვის არის საერთო. პირველი არის ის, რომ მე ყველა დამფუძნებელი მგონია მამაცი. მეორე მგონია, რომ {ამ კომპანიებს} ქვეყანა უფრო ადარდებს, უფრო წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესს, ვიდრე თავის პირად ინტერესს. მესამე: მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვყავს დიდი კომპანიებიც, ისინი უფრო ფიქრობენ და უფრთხილდებიან ქვეყანასთან ერთად, მომხმარებელს, ვიდრე მათ კულუარულ ურთიერთობას მთავრობასთან. ეს რამდენიმე რაღაც შეგვიძლია, რომ ამ კომპანიებზე ვთქვათ, და მგონია რომ ამ კუთხით რაღაცნაირი უნიკალური ერთობა შეიქმნა. ეს არის მამაცი ხალხი, ეს არის თავისუფლების მოყვარული ხალხი, ეს არის ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული და ასეთი ტიპის ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, და მათ სურთ ნამდვილი ბიზნესის კეთება. მათ არ უნდათ კორუმპირებული ბიზნესის კეთება.

მე გარშემო მყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელმაც არ იცის, როგორ იმუშაოს კორუმპირებულ სისტემაში. თუ აქ გაძლიერდება რუსეთის გავლენები, ავტომატურად ბიზნესიც გახდება სხვანაირი. ის იქნება კორუმპირებული. ის იქნება ინსტიტუციებთან დალაგებაზე ორიენტირებული და არა იმაზე, რომ სწორი ბიზნესის, სწორ ღირებულებებზე და მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესი ააშენო.

ჩვენ უკვე მთლიანი თაობა გვყავს ანტრეპრენერების, მეწარმეების, ბიზნესმენების, რომლებმაც არც იციან როგორ იმუშაონ არა კარგ, არა ევროპულ გარემოში და არ იციან როგორი იმუშაონ კორუფციაში, არ იციან როგორ დაალაგონ მთავრობასთან, უმეტესობას ალბათ არც არასდროს არავისთვის ფული არა აქვს შეწირული, რომ შემდეგ ეს სარგებლად დაუბრუნდეს, და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთი ხალხი ბევრია- პირადად ვიცი რამდენი, ძალიან ბევრი, ვინც ასეთია და ამიტომ არის შემოერთებული ამ პლატფორმას, რომ მას უნდა, რომ აკეთოს სწორი ბიზნესი, მას უნდა აკეთოს პატიოსანი ბიზნესი და მას უნდა, რომ ის იყოს დაცული, იმიტომ რომ ის აკეთებს სწორ და პატიოსან ბიზნეს, და სისტემა მას ვერ შეეხოს, რადგან ის მართალია.

აი ეს არის მთავარი პრობლემა, რაზეც ჩემი აზრით, 99% ამ ბიზნესების შეთანხმდებოდა: რომ უნდათ სამართლიან გარემოში საქმიანობა და სამართლიანი გარემო. ძალაუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სულ რომ მოინდომოს, რომ შენი საქმე წავიდეს ცუდად, ბიზნესი გაგიჩერდეს ან თავისუფლება აღგიკვეთოს, ამისთვის არის სასამართლო რომელმაც უნდა დააბალანსოს ეს შტო ხელისუფლების. ამიტომ მგონია რომ რამდენიმე რაღაც ამ ხალხს აერთიანებს: მათი სიმამაცე, მათი თავისუფლების მოყვარულობა, მათი სამართლიანობის მოყვარულობა, მათი ევროპული ორიენტირი და სურვილი რომ ახალი თაობის ბიზნეს პრაქტიკები იყოს დომინანტი და ნელ ნელა ჩამოშორდეთ საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილ ბიზნეს პრაქტიკებს.

 

8. რას ეტყოდით იმ კომპანიებს, ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, შემოუერთდეს თუ არა თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას?

იმ ბიზნესებს, რომლებიც ჯერ არ შემოერთებიან ჩვენს პლატფორმა, მათ ვეტყვი რამდენიმე რამეს. პირველი, ვეტყვი რომ შემოუერთდნენ, იმიტომ რომ აქ ისეთი კომპანიებია, რომ მე მომინდებოდა ამ ხალხის გვერდით დგომა. აი, მე რომ ასარჩევი მქონდეს და ჯერ გადაწყვეტილება არ მქონდეს მიღებული – მათ გვერდში დგომა მომინდებოდა – სიამაყით ვიდგებოდი {მათ გვერდით}. და პირიქით – მე სიამაყით ვერ ვიჯდებოდი გუშინდელ შეხვედრაზე პრემიერთან.

მეორე არის ის, რომ ბევრნი ვართ და ყველანაირად ვეცდებით რომ, თუ ერთეულებისთვის პრობლემების შექმნა დაიწყება, მათ გვერდით ვიყოთ მთელი რესურსით, რაც არის.

მესამეს, ვეტყოდი რომ ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს ბიზნესის დაზიანება. ჩვენი მიზანი არ არის, რომ რაღაცნაირად ან ბულინგის მსხვერპლი გახდეს რომელიმე კომპანია ან დავაზიანოთ მათი გაყიდვები ან რამენაირად აირიოს კომპანიაში სიტუაცია – იმიტომ რომ თანამშრომლები დასვამენ კითხვებს: „რატომ არ უერთდებით ამ განცხადებას?“ და ასე შემდეგ. ესენი შეიძლება მოხდეს, პროცესში ამაზე გარანტიას ვერავის ვერ მივცემთ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი უფრო გრძელვადიანია, რომ ბიზნესი გაჯანსაღდეს, ბიზნესი დისტანცირდეს და ჩაეხსნას მთავრობასთან რაღაც კოორდინირებული მოლაპარაკების თუ დალაგების პრაქტიკებს.

ჩვენი მიზანი არის, რომ ბიზნესი ანგარიშვალდებული იყოს, პირველ რიგში საზოგადოებასთან და არა მთავრობასთან. ჩვენი მიზანი არის, რომ ბიზნესმა დაიჯეროს, რომ ის იხდის ბიუჯეტში ძალიან ბევრ ფულს და მას აქვს უფლება, რომ ამოიღოს ხმა, და ამის არ უნდა ეშინოდეს. თუ ეს კომპანიები, ვინც არ უერთდებიან, საკუთარ თავს დაუსვავენ კითხვას: რომ არ ვუერთდები იმიტომ, რომ შეიძლება მერე პრობლემები შემექმნას, მიუხედავად იმისა, რომ პატიოსნად ვმუშაობ – ზუსტად ეგ პასუხი არის მიზეზი, რატომაც უნდა შემოუერთდნენ, იმიტომ რომ თუ გულში სჯერათ, რომ პრობლემები შეიძლება შეექმნათ, იმიტომ რომ ხმა ამოიღეს – ეგ არის ზუსტად ის პრობლემა, რასაც ჩვენ ვებრძვით. ამიტომ უნდა შემოუერთდნენ. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო ბიზნესის ნათელი მხარე უფრო მალე გახდება ოცნებიდან რეალობა.

„ლარის ხმა“ – შეგვიძლია, ეს ტერმინი ძალიან მნიშვნელოვანია. მომხმარებლებმაც და თანამშრომლებმაც უნდა გაიაზრონ თავისი ძალა, ისევე როგორც კომპანიებმა. კომპანია ხომ არ არსებობს როგორც რაღაც ჰაერიდან მოტანილი. ეს არის ადამიანების გაერთიანება, იმ ადამიანებს ინდივიდუალურად ღირებულებები ხომ აქვთ? ჯამში სად გაქრა ეს ღირებულებები? ყველაფერი იწყება მისიით, რა მისია გვაქვს, რას ვაკეთებთ, რის გარშემო ვერთიანდებით. შემდეგ იწყება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები, პროდუქტები და გუნდის ზრდაც. გუნდშიც ისეთ ადამიანებს ეძებენ, რომლებსაც ისეთივე ღირებულებები აქვთ, როგორიცაა კომპანიის მისია – 21-ე საუკუნეში არ შეიძლება მისია მთლიანად ემსახურებოდეს მხოლოდ ფულის შოვნას. ამას უნდა გავცდეთ და უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი, ღირებულებითი სისტემა.

 

9. და ბოლოს, რა არის სამი საკვანძო სიტყვა, რაც ასახავს თქვენს სურვილს, ქართული ბიზნესისთვის, რის გამოც გსურთ ევროინტეგრაცია?

სამართლიანობა, მრავალფეროვნება და განვითარება.

ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას და მინდა, რომ ვნახო ისეთი, სადაც ნებისმიერი ერთი ადამიანიც რომ დგას და რაღაცას რომ აპროტესტებს, ის ყველასთვის პრობლემა იყოს და ყველა უსმენდეს. ერთ კომპანიას, რომ ექმნება პრობლემა, უსამართლოდ იჩაგრება და შველას ითხოვს – ათი ათასობით კომპანია გვერდში უდგებოდეს, სამართლიანი სახელმწიფო იყოს. მინდა რომ იყოს საქართველო, სადაც ყველა ადამიანის და ყველა ორგანიზაციის ფუნდამენტური უფლებები არის ხელშეუხებელი.”

 

შენიშვნა: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გამოავლინეს მძიმე დარღვევები მრავალ უბანზე, სადაც ამომრჩეველთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 417 000 ადამიანს – რაც არჩევნებში მონაწილეთა დაახლოებით მეხუთედია. მძიმე და სისტემურ დარღვევებს ადასტურებს ეუთო/ODIHR-იც, 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში.

მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტზე, რომელშიც ასობით ათასი მოქალაქე მონაწილეობს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაკავებულია 460-ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 300-ს მაინც აღენიშნება ძალადობის, და რიგ შემთხვევებში – წამების კვალი.



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.