23 იანვარს, ნიდერლანდების ჯილდო „საელჩოს ტიტა ადამიანის უფლებებისთვის“ გადაეცა ნესტან ანანიძეს, სამოქალაქო აქტივისტს ხულოდან, მაღალმთიანი აჭარიდან:
“სახეზეც მეტყობა და ხელებზეც, როგორ ვღელავ და როგორი რთულია და როგორი ემოციური დღეს აქ ყოფნა. დავიწყებდი ალბათ იმით, რომ წლების წინ ვერც წარმოვიდგენდი და ვერ ვიფიქრებდი რომ საქართველოს სომეხი თეთრიწყაროდან, ლუსო {ლუსინე დოსტიბეგიანი} წარადგენდა ჩემს კანდიდატურას – ნესტან ანანიძის – ქართველი გოგოსი, ხულოდან.
თუმცა, დღეს აქ ვართ, და როგორც ქალბატონმა ელჩმა აღნიშნა, მე ნამდვილად მწამს იმ მრავალფეროვნების, რომელიც მათ შორის ტიტებშიც გამოიხატება და იმ მრავალფეროვნების ქარგის, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და იმ სოლიდარობის, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს.
ჩემი შთაგონების წყარო იყო ასევე ბებია, რომელიც იყო ბებიაქალი მთიან აჭარაში და რომელიც იყო ხშირ შემთხვევაში, ბევრი ფეხმძიმე ქალის, მშობიარე ქალის ბოლო იმედი მთიანი აჭარაში ზამთრის თუ ზაფხულის პერიოდში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ბებიაჩემი იდგებოდა, მე როდესაც მეჩეთში ვთხოვდი ჩვენს ხელისუფლებას, რომ ქართველი მუსლიმები იმსახურებენ ამ ქვეყანაში ღირსეულ სალოცავ სივრცეს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ბებიაჩემი იდგებოდა ჩემს გვერდით, როდესაც ხულოში სამშობიარო განყოფილების გახსნას თუ აღდგენას ვითხოვდი და ღირსეული სამედიცინო სერვისებს ხულოში ქალებისთვის – მშობიარე ქალებისთვის, რომელთათვისაც ყველაზე ახლო სამედიცინო დაწესებულება არის ბათუმში.
მე მჯერა რომ ბებიაჩემიც იდგებოდა აქ თქვენს გვერდით და დააფასებდა თითოეული თქვენგანის შრომას იმისთვის, რასაც აკეთებთ ქართული საზოგადოებისთვის.
მე არ შემიძლია ეს ადგილი დავტოვო გამოხმაურების გარეშე იმ ყველაფრის, რაც ხდება საქართველოში დღეს და მჯერა რომ ეს ჯილდო არ მეკუთვნის მხოლოდ მე. ეს ჯილდო ეკუთვნის თითოეულ ადამიანს, ვინც დღეს იბრძვის ქუჩებში, ციხეებში, ციხეებთან, რეგიონებში, სოფლებში და მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებებისთვის – ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
აქვე მე სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ყველა ადამიანს, ყველა პოლიტპატიმარს, რომლებმაც ყველაზე მეტად იწვნიეს ეს მძიმე ავტორიტარული რეჟიმი საკუთარ მხრებზე, საკუთარ სხეულებზე.
მე ასევე მინდა სოლიდარობა პირადად გამოვუცხადოთ მზია ამაღლობელს, რომელიც არის პოლიტპატიმარი. მზია წარმოადგენს ბათუმელებს, რომლებმაც არაერთხელ გააშუქეს მოწყვლადი ჯგუფების, ჩაგრული ადამიანების ხმა მედიაში, ბათუმელებში, და არაერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ადამიანის უფლებები.
ამ ადამიანებს სჭირდებათ ღირსეული საცხოვრებელი გარემო. ეს იქნებოდა ქართველი მუსლიმები, ეს იქნებოდა სოფლად მცხოვრები ქალები, ეს იქნებოდნენ სექსუალური უმცირესობები თუ ასე შემდეგ. მე აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ნიდერლანდების საელჩოს, რომელიც დაუზოგავად შრომობს, მუშაობს მათ მხარდასაჭერად რეგიონებში, და თითოეული სათემო ორგანიზაციისთვის და მათი ხალხისთვის, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.
მე მადლობა მინდა გადავუხადო დედაჩემს ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებმაც მასწავლეს, რომ როდესაც ადამიანებს ჩაგრავენ, ხმა უნდა ამოიღო, და უნდა ვიდგე სამართლიანობის მხარეს, მადლობა ლუსინე დოსტიბეგიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენ ამ მრავალფეროვან ქვეყანაში ეთნიკურ, რელიგიურ, სექსუალურ უმცირესობებთან ერთად ვართ. ეს არის მრავალფეროვნების ქარგით აგებული სახელმწიფო.“
ნესტან ანანიძე უკვე წლებია მუშაობს ქართული მუსლიმური თემის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. ის „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელია და სხვადასხვა პერიოდში, მუშაობდა ქალებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასა და ქვიარ ჯგუფების უფლებებზე.
დაჯილდოება გაიმართა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი წლის 10 დეკემბერს აღინიშნება. აღინიშნება. „საელჩოს ტიტის“ ადგილობრივი დაჯილდოების ინიციატორია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ეს ღონისძიება 2018 წლიდან ყოველ წელს იმართება. ღონისძიებაზე ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა ნესტან ანანიძის გარდა, დააჯილდოვა ლილი ფულარიანი (ახალგაზრდა აქტივისტი იმერეთის სოფელ დიმიდან) და აიჰან გასანოვი – საფარის იურისტი, იორმუღანლოს სათემო ცენტრის თანადამფუძნებელი და პლატფორმა „სალამის“ გამგეობის წევრი.
ფოტო: მედია აპრილიდან.