გაეროს დამოუკდებელმა ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა დღეს მოუწოდეს საქართველოს მთავრობას მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გამოიძიოს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ფაქტები.
“ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ასევე ფორმის გარეშე მყოფი და საიდენტიფიკაციო ნიშნების არმქონე პირების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შესახებ,” – განაცხადეს ექსპერტებმა.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ ამ ბრალდებების მასშტაბი და დემონსტრანტებისა და შემდგომში დაკავებული პირების მიმართ სავარაუდოდ მიყენებული ზიანის სიმძიმე შეიძლება წარმოადგენდეს წამებას და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას.
“ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს შემთხვევები შესაძლოა არ ყოფილიყო თვითნებური და მიანიშნებს ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობაზე,” – განაცხადეს ექსპერტებმა.
არსებობს სარწმუნო ცნობები იმის შესახებ, რომ პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა ქიმიური გამაღიზიანებელი საშუალებები დემონსტრანტების წინააღმდეგ. ცნობების თანახმად, ასობით ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის უჩვეულოდ მაღალი იყო თავისა და სახის სერიოზული დაზიანებების წილი.
ცნობების თანახმად, ბევრი დემონსტრანტი დააკავეს და არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების ან ოჯახის წევრებისთვის მათი ადგილსამყოფელის შეტყობინების საშუალება.
“ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბევრი დაკავებული დაექვემდებარა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხანგრძლივ და განმეორებით ცემას, გაუპატიურების ან სხეულის ნაწილების დაზიანების მუქარას და მათ უარი ეთქვათ სამედიცინო დახმარებაზე,” – განაცხადეს ექსპერტებმა.
მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი მოვლენების გამოძიება.
“დღემდე ამ გამოძიებას არ მოუტანია რაიმე შედეგი, მაშინ როცა ბევრი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება,” – განაცხადეს მათ.
“ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლებისგან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების ჩატარების ნებართვას,” – განაცხადეს ექსპერტებმა.
“არალეგიტიმურად დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ, და შესაბამისი საჭიროების მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე.”
ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ სამართალდამცავი ძალების მიერ ნებისმიერი ძალის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს და მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სიცოცხლის უფლებასა და ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას უნდა მიენიჭოს უმაღლესი პრიორიტეტი, განაცხადეს მათ.
“ჩვენ ვთხოვთ მთავრობას წარმოადგინოს ანგარიში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან ასაცილებლად მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებების დროს და დაკავების ადგილებში,” – განაცხადეს მათ.
ექსპერტებმა წერილობით მიმართეს საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე და გააგრძელებენ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს.