ინტერვიუ ოთარ ზურაბიშვილთან: მოახლოებულ არჩევნებზე, უსაფრთხოებასა და ევროკავშირზე

ოქტომბერი 21, 2024
ინტერვიუ ოთარ ზურაბიშვილთან: მოახლოებულ არჩევნებზე, უსაფრთხოებასა და ევროკავშირზე

მოახლოებულ არჩევნებზე, ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე და ევროკავშირზე, მაისი ნიუსი ესაუბრა საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელს, დიასპორული ინიციატივის „1 მოქალაქე 1 არჩევანის“ ხელმძღვანელს, ოთარ ზურაბიშვილს. აღნიშნული ინიციატივა, მოქალაქეების ჯგუფ „დაიცავისთან“ ერთად, ეხმარება ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებამდე მისვლაში არჩევნების დღეს, მოქალაქეების – მათ შორის, ემიგრანტების, საარჩევნო უფლების დასაცავად.

ბატონო ოთარ, ახლოვდება ქვეყნისთვის გარდამტეხი, ისტორიული არჩევნების დღე – 26 ოქტომბერი. წელს პირველად ემიგრანტების უპრეცდენტო რაოდენობა მონაწილეობს. ცესკო-ს მონაცემებით, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩვნო უბნების სპეცსიებში 95’910 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
„რეალურად, ეს ციფრი გაცილებით მაღალია, უცხოეთში დაახლოებით მილიონი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მათ შორის, სულ მცირე 500 ათასს სურს მონაწილეობა მიიღოს. 2020 წელს არჩევნებში 12 ათასი ამომრჩეველი მონაწილეობდა, რაც ძალიან ცოტა იყო. თუ დავეყრდნობით ცესკო-ს მონაცემებს, დღეს საშუალოდ 100 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. ეს საკმაოდ დიდი ცვლილებაა, რაც მთავრობის კი არა, ემიგრანტების დამსახურებაა. მთავრობას არაფერი გაუკეთებია ამ ადამიანებისთვის, პირიქით, ყველა მცდელობა იქითკენ არის მიმართული, რომ ემიგრაციაში მყოფმა მოქალაქეებმა საქართველოს მიმართ ყველანაირი ინტერესი დაკარგონ. მთავრობას მიაჩნია, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ოჯახებში ფულის გაგზავნით, ცეკვა-თამაშით და ტაშ-ფანდურით არიან დაკავებულები. ჩემს მაგალითზე გეტყვით, ჩემი ოჯახი საუკუნის წინ წავიდა ემიგრაციაში, მაგრამ ენა არ დაგვიკარგავს. მართალია საუბრისას შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ ენა შევინარჩუნეთ. არჩევნები თავის მხრივ, არის ის საშუალება, რომ ემიგრანტები ჩართული იყვნენ საქართველოს ცხოვრებაში. ამ წლებში მილიონი ემიგრანტიდან რომ 12 ათასი კაცი მონაწილეობდა არჩევნებში, იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ.“

საზღვარგარეთ 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება. როგორც ემიგრანტები ამბობენ, საკმაოდ მჭიდროდაა ეს უბნები ერთმანეთთან დაკავშირებული და არასაკმარისია. თანაც, ემიგრანტებს ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა არ მოუწევთ, ამ ფონზე როგორ გარემოს ელოდებით არჩევნების დღეს?
„გამორიცხული არ არის გაყალბების მცდელობას ადგილი ჰქონდეს. წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო ფაქტები, როდესაც მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, მაგრამ ცესკო-სთვის გადაცემულ სიებში საკუთარი თავი ვერ იპოვეს. ეს გაყალბების ერთი მცდლეობაა. რაც შეეხება უბნებს, ძალიან ცოტა უბანია გახსნილი, ყველაზე დიდ ქვეყნებში 3-4 უბანია, თანაც ისეთი დიდი მანძილით არის დაშორებული მოქალაქეების საცხოვრებლიდან, ერთ დღეში მათ 12-13 საათის გავლა მოუწევთ უბნამდე მისასვლელად. კიდევ ერთი პრობლემა არის უბნების სიმჭიდროვე, ერთ შენობაშია ორი უბანი გახსნილი. როდესაც ერთ უბანზე სამი ათასია რეგისტირებული, იგივე სივრცეში ოღონდ მეორე სართულზე ასევე 3000 ამომრჩეველი, შეუძლებელია უბნებმა ეს რაოდენობა ისე გაატარონ, ადგილი არ ჰქონდეს გაყალბების მცდელობებს.“

შორ მანძილზე გადაადგილება ასევე ქმნის დამატებით პრობლემას, როგორც ვიცი, თქვენი – „1 მოქალაქე 1 არჩევანის“ და სამოქალაქო ჯგუფი „დაიცავის“ ინიციატივით, ე.წ. სამოქალაქო „მგზავრების ყულაბა“ ფუნქციონირებს, რომლის მიზანიც ემიგრანტებისთვის გადაადგილების პრობლემის შემსუბუქებაა.
„ერთი ასეთი ყულაბა საფრანგეთში შევქმენით, ემიგრანტების საარჩევნო უბნებამდე გადაადგილებისთვის, მეორე კი აქ – საქართველოში, თბილისიდან სხვა ქალაქებში მოქალაქეების გადაადგილებისთვის, რაც მნიშვნელოვანია მათი საარჩევნო უფლების დასაცავად. შემოწირული ფულის დიდი ნაწილი ემიგრანტებისგან მოდის, რასაც გადაადგილებისთვის ვიყენებთ. საფრანგეთის მაგალითზე გეტყვით, არის უბნები, რომლებიც ძალიან დაშორებულია პარიზიდან, დრო კი შეზღუდულია. ამიტომ მარშრუტები დავნიშნეთ სტრასბურგიდან, ნანტიდან, რომელიც უფრო ახლოს არის პირობითად ნიცასთან, ვიდრე პარიზიდან, რისთვის 9-10 საათიანი მგზავრობა არის საჭირო. მთავარია, რომ ყველამ კარგად გაიგო, როგორი გარდამტეხი პერიოდი დგას. დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ შესაძლოა საქართველოს ბედი მკვეთრად შეიცვალოს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ – ვრჩებით ევროპისკენ მიმავალ გზაზე თუ მივდივართ რუსეთისკენ. უკვე ყველა მიხვდა როგორი ტიპის არჩევანი უნდა გააკეთოს თუ უნდათ, რომ საქართველომ ევროპისკენ გააგრძელოს სვლა.“

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს დამატებით 121 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება შეუჩერეს და დასძინა, რომ თუ საქართველოს მთავრობა კურსს არ შეცვლის, საქართველო კიდევ უფრო მეტს დაკარგავს. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მსგავსი შინაარსის განცხადებები ამომრჩევლისთვის?
„იცით, ევროპა მის ინტერესებს იცავს, როდესაც ხედავს, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდის. რასაკვირველია, ასეთ დროს ფინანსები და დახმარება იკარგება. თუმცა, იქვე გვეუბნებიან, რომ თუ საქართველო დაუბრუნდება არჩეულ გზას, მყისიერად შეიცვლება ევროკავშირის მიდგომები. თუ დავდგებით იმ პოზიციაზე რაც გვეკავა, მაშინ დაბრუნდება მხარდაჭერაც და ყველა დაფინანსება, და კიდევ უფრო შორს წავალთ, გაჩნდება ახალი ხელშეკრულებები, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია.“

ევროკავშირის 9 რეკომენდაცია, რაც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საქართველოს კონსტიტუციის ანარეკლია და ეფუძნება სამართლიანობისა და დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს კი თავის მხრივ, 1921 წლის კონსტიტუციის სამართლებრივი მემკვიდრეობაა. თქვენთვის, როგორც ისტორიული დიასპორის პრეზიდენტისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს სამართლებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის?
„ამ შეკითხვის საპასუხოდ ერთ კარგ მაგალითს მოვიყვან, ვფიქრობ, ყველაფერს ახსნის. მე ვარ იმ ქართველების წარმომადგენელი, ვინც ემიგრაციაში ერთი საუკუნის წინ წავიდა მინდა შეგეკითხოთ, დავკარგეთ თუ არა ქართული ღირებულებები? როგორც შეგვეძლო ისე შევინარჩუნეთ ქართული ენა, ყველა ქართული პრინციპები. მეტსაც გეტყვით, ჩემი შვილი, რომელიც მეოთხე თაობაა, ვინც უცხოეთში დაიბადა, საქართველოში დაბრუნდა, აქ შეირთო ცოლი და აქ ცხოვრობს. ჩემი შვილიშვილი საქართველოში იზრდება. ქართველები არაფერს ვკარგავთ.
ისტორიულად საქართველოში ყოველთვის იყო ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. სხვას რას გვეუბნება ევროპა? ისიც თანასწორობაზე საუბრობს ხომ? პრინციპები იდენტურია. ევროპა ამ საუბარს შესაბამისი კანონმდებლობით და აქტებით ამყარებს, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ადამიანის უფლებები და თანასწორობის პრინციპი.“

უსაფრთხოება და მშვიდობა საქართველოს ამომრჩევლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. თუ შეხვედავთ ევროპის მაგალითს – მასში ომი აღარ ყოფილა ევროკავშირის შექმნიდან, რამდენიმე ათწლეულია. რას ეტყოდით მოქალაქეებს ევროკავშირის, როგორც უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაპირობის შესახებ?
„მათ ვურჩევდი შეხედონ გერმანელებისა და ფრანგების ურთიერთობას. არც თუ ისე შორ წარსულში დარჩა მეორე მსოფლიო ომი. დღეს ეს ყველაფერი დავიწყებულია და ორი ქვეყანა თანამშრომლობის და მეგობრობის ისეთ ეტაპზეა გადასული, სადაც ყოველდღიური პოლიტიკური, ეკონომიკური უერთიერთობა აქვთ. ამაზე უკეთესი მაგალითი რა უნდა იყოს?! ეს გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ მშვიდობიანი გზით დავარეგულიროთ აფხაზებთან და ოსებთან, ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებთან, ვისთანაც ისტორიულად მეგობრობა გვაკავშირებდა და რუსეთის ჩარევით დაწყებულმა ომმა ეს ურთიერთობა დროებით გაწყვიტა. ჩვენ შეგვიძლია ევროპულ ურთიერთობაში ვიყოთ აფხაზებთან და ოსებთან. ამის მაგალითს ევროპა გვაძლევს.“

1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად, საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელის, ოთარ ზურაბიშვილისა და მისი დის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მშობლები ემიგრაციაში აღმოჩნდნენ. თუმცა, ოთარ ზურაბიშვილის თქმით, მათი ოჯახი მუდმივად ინარჩუნებდა ქართულ ენას, საქართველოს კულტურას. თავად საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობის მისაღებად და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც, ოთარ ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას საფრანგეთში მიიღებს.

სალომე გოგოხიას მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე.