ა.შ.შ.-მ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

დეკემბერი 27, 2024
ა.შ.შ.-მ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

დღეს, 20:00-ზე, ა.შ.შ.-ს უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC-მა) ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა – „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავლის ხელყოფისთვისა“ და „ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის საქართველოში.“ ივანიშვილის ქმედებების შედეგად, „საქართველო მოწყვლადი გახდა რუსეთის მიმართ, რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას.“ – ვკითხულობთ ა.შ.შ. სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

Bm.ge-ს თანახმად, ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი 50%-ზე მეტს ფლობს. ამასთან, OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს.

თავის მხრივ, ენტონი ბლინკენი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია:

„შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავლის ხელყოფისთვის. ივანიშვილისა და ქართული ოცნების ქმედებებმა მოახდინეს დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებების დარღვევებს და შეზღუდეს ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაშალეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს. შედეგად საქართველო მოწყვლადი გახდა რუსეთის მიმართ, რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქართული ოცნების ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს. შეერთებული შტატები მტკიცედ არის ვალდებული უზრუნველყოს პასუხისმგებლობა იმ პირთა მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში.

ივანიშვილის სანქცირება ხდება აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სექცია 1(a)(ii)(C)-ის შესაბამისად, შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ დემოკრატიული პროცესების ან ინსტიტუტების ძირის გამოთხრაში პასუხისმგებლობის ან თანამონაწილეობისთვის, ან პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულობისთვის ან ჩართვის მცდელობისთვის, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სასარგებლოდ, მისი სახელით ან პირდაპირ თუ არაპირდაპირ მის სასიკეთოდ.“



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.