ჰელსინკის კომისია: “ქართულმა ოცნებამ ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია აირჩია”

ოქტომბერი 23, 2024
ჰელსინკის კომისია: “ქართულმა ოცნებამ ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია აირჩია”

1 ოქტომბერს ჰელსინკის კომისიამ გრძელვადიანი რუსული საფრთხეების წინააღმდეგ მომზადებაზე აშშ-ს კონგრესისთვის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც და პერსპექტივებზეც. ანგარიშში წერია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბოლო დროს ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია აირჩია, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის პროდასავლური განწყობების საწინააღმდეგოა.

ანგარიშში ახსნილია, რომ წლების განმავლობაში საქართველო სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ საყრდენად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უფრო ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური გახდა. დოკუმენტში ნახსენებია ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ პირებზე თავდასხმები და რუსეთთან ქვეყნის დაახლოებაც. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მკაფიოდ პროდასავლური განწყობების მატარებელია, რაც 2024 წლის გაზაფხულზე რამდენიმე თვიანი მასობრივი აქციებით გამოიხატა რუსული სტილის უცხოური გავლენის აგენტების კანონის წინააღმდეგ.

“ეს სიტუაცია ფუნდამენტურ არასტაბილურობას ქმნის რეგიონში, სადაც რუსეთი აგრძელებს გარნიზონების ყოლას და მთავრობა არის ღიად ანტიდასავლური და მეგობრული რუსეთის მიმართ, ხოლო მოსახლეობა ამას არსებითად ეწინააღმდეგება” – წერია ჰელსინკის კომისიის ანგარიშში.

ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ასევე წერია, რომ საქართველოში მოსკოვმა ბეწვის ხიდზე გავლა მოახერხა – შეინარჩუნა უკანონო სამხედრო პოზიციები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რაც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება და ამავდროულად პოლიტიკურად კეთილგანწყობილია საქართველოს მმართველი ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ.

ჰელსინკის კომისია აშშ-ს კონგრესს რეკომენდაციას უწევს, რომ აწარმოოს ე.წ. “ორი გზის პოლიტიკა”, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ საქართველოს მთავრობაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას დემოკრატიული უკანდახევისთვის, ხოლო მეორეს მხრივ დასავლურ ინსტიტუციებში უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების შემუშავებას, რომლის პირობაც დემოკრატიული მმართველობის დაბრუნება იქნება. ჰელსინკის კომისია მოუწოდებს კონგრესს მხარი დაუჭიროს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიის განვითარებას, რის ერთ-ერთ მექანიზმადაც კომისია ჯო ვილსონის მიერ წარდგენილ და ორპარტიული მხარდაჭერის მქონე “MEGOBARI Act”-ს მოიაზრებს.