2025 წლის 20 იანვარს ამერიკის 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ინიციატივების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, საიმიგრაციო პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებზე.
პრეზიდენტი ტრამპი გოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე. აღნიშნული ბრძანების ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტებს დაევალებათ საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულება. გარდა ამისა, მათ მიენიჭებათ უფლება, განათავსონ სასაზღვრო ზონაში ეროვნული გვარდია და შეიარაღებული ძალები.
ტრამპი აღადგენს ე.წ. „Remain in Mexico“ პოლიტიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიზის გარეშე ქვეყანაში შემომსვლელები ვერ შეძლებენ თავშესაფრის მოთხოვნას აშშ-ის ტერიტორიაზე და საიმიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მექსიკაში დაელოდებიან. ამასთან, „Catch and Release“-ის პოლიტიკა უქმდება, რაც გულისხმობდა საზღვრის არალეგალური კვეთისას დაკავებული პირების თავდაპირველად გათავისუფლებას სასამართლო პროცესის დასრულებამდე.
რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნის შეზღუდვას და საზღვრის ჩაკეტვას, CNN-ის თანახმად, ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ფაქტობრივად შეაჩერებს აშშ-ს თავშესაფრის კანონს მანამ, სანამ არ შეწყდება ის, რასაც პრეზიდენტი „სამხრეთ საზღვარზე შეჭრას“ უწოდებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესაზღვრეები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დააკავებენ და მოახდენენ იმ პირების დეპორტაციას, ვინც უკანონოდ გადმოკვეთს საზღვარს, თავშესაფრის მოთხოვნის უფლების გარეშე.
პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება ითვალისწინებს ქვეყანაში ლეგალური სტატუსის არმქონე პირების დეპორტაციას. ბრძანებაში კონკრეტულად არის გამოკვეთილი, რომ ძალოვნებისთვის პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი პირების დაკავება და დეპორტაცია, რომელთაგანაც, მისი თქმით, ბევრი ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში.
ტრამპმა ასევე მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს „დაბადებით მოქალაქეობის“ შეწყვეტას. ტრამპის ბრძანება მიზნად ისახავს შეცვალოს წესები, რათა უარი თქვას მოქალაქეობის მინიჭებაზე იმ მიგრანტების შვილებზე, რომლებიც არიან აშშ-ში არალეგალურად ან დროებითი ვიზებით. თუმცა, BBC-ს თანახმად, კონსტიტუციის ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამისთვის, სავარაუდოდ, არ არის საკმარისი აღმასრულებელი ბრძანება და მაღალი ალბათობით, საკითხი გადაიზრდება ხანგრძლივ სასამართლო განხილვებში.
ფოტო: President Donald J. Trump – ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან.