როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა

ნოემბერი 10, 2024
როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა

5 ნოემბერს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებულ შტატების საარჩევნო უბნები იყო. შტატებმა ამერიკის 47-ე პრეზიდენტად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აირჩია. საერთაშორისო საზოგადოება ყველაზე მეტად ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ვექტორითაა დაინტერესებული, სწორედ ადმინისტრაციის შემადგენლობა დაგვანახებს, თუ რა ხედვა ექნება ამ ადმინისტრაციას სხვადასხვა მიმართულებით.

დონალდ ტრამპს არჩევნებამდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუ ვის დანიშვნას გეგმავდა ადმინისტრაციის სხვადასხვა თანამდებობაზე, ის მხოლოდ ზოგადი კომპლიმენტებით შემოიფარგლებოდა სხვადასხვა თანაგუნდელის მიმართ. აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიას დიდწილად თავად პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის გარდა სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, რის გამოც ეს თანამდებობა ახლა განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ვადისას სახელმწიფო მდივნის თანამდებობას მაიკ პომპეო იკავებდა, თუმცა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა, რომ ის მისი ახალი გუნდის შემადგენლობაში არ იქნება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ამერიკულ მედიაში ხშირად განიხილება მაიკ ვოლცის კანდიდატურა, რომელიც ამერიკის არმიის ვეტერანი და კონგრესმენია ფლორიდის შტატიდან. ასევე, მაიკ ვოლცი რესპუბლიკური პარტიიდან ერთ-ერთი გამოკვეთილი ჩინეთის მოწინააღმდეგე კონგრესმენი, ე.წ. “China hawk” იყო. ზოგადად, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ტრამპის ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა მკაფიოდ ანტი-ჩინური იქნება და მათი პოლიტიკური ძალისხმევის უდიდესი ნაწილი სწორედ ჩინეთიდან მომავალი გამოწვევების განეიტრალებას მოხმარდება. მაიკ ვოლცის განცხადებები უკრაინის ომის შესახებ ყოველთვის კრიტიკული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ. კონგრესმენის ამპლუაში ის ხაზს უსვამდა უკრაინისადმი გამოყოფილი ფინანსური დახმარების კონტროლის და ზედამხედველობის მნიშვნელობას. არჩევნებამდე ჩაწერილ ბოლო ინტერვიუებში მაიკ ვოლცი აღნიშნავს, რომ ბაიდენის და ჰარისის ადმინისტრაციისგან განსხვავებით ტრამპის გუნდი მუშაობს ომის დასრულების ვარიანტებზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია ომის რა ფორმით დასასრულს გულისხმობდა. როგორც მაიკ ვოლცის, ისე ყველა სხვა პოლიტიკური ფიგურის პოზიციების ანალიზისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი კონტექსტების განსხვავება. არჩევნებამდე პრეზიდენტობის კანდიდატების და მისი გუნდის მიზანია მათი ტრადიციული მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზაცია, რისთვისაც ისინი ხშირად ცდილობენ ყველაზე “რესპუბლიკელები” ან ყველაზე “დემოკრატები” იყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ ვოლცის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით ტრამპის გუნდის ზოგად პოზიციას იმეორებს, არჩევნებამდე, ძირითადი აქცენტი წინა ადმინისტრაციის “უუნარობასა და უკონტროლო სიტუაციაზე” კეთდებოდა. თუ რა პროაქტიულ ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინის მიმართ უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე განხილულ პირებს შორის ასევე გვხვდება ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო. ცნობილია რუბიოს მკაცრი პოზიციები ირანის და ჩინეთის საკითხებში. რაც შეეხება უკრაინას, რუბიო ასევე ცდილობდა ტრამპის გუნდის საერთო პოზიციის ჩარჩოდან არ გასულიყო.

“ვის უნდა ომი? რასაც ის [ტრამპი] ამბობს არის, რომ სურს ომის დასრულება. როგორც ბიზნესმენი ის არ გაგიმხელთ მოლაპარაკების ტექნიკას, თუმცა არ მესმის, რატომ არ უნდა გვსურდეს მსგავსი ომის დასრულება. არაა აუცილებელი ვლადიმერ პუტინის ფანი იყო, რომ ომის დასრულება გინდოდეს” – თქვა მარკო რუბიომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ მარკო რუბიო წლების წინ ტრამპის კრიტიკოსი იყო, თუმცა ახლა მისი გუნდის წევრია და აქვს კავშირები დემოკრატიული პარტიის სხვადასხვა ჯგუფთანაც, შესაბამისად აქვს დიდი შანსი სენატში დემოკრატი კოლეგების მხარდაჭერაც მოიპოვოს.

ამერიკის პირველი დიპლომატის პოსტზე ასევე მოიაზრებენ სენატორ ბილ ჰაგერტის. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჰაგერტი იაპონიაში აშშ-ს ელჩი იყო, ხოლო შემდგომ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გააგრძელა მუშაობა. ბილ ჰაგარტი რესპუბლიკელი სენატორების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც ბოლო წლებში ძალიან მკაცრი ანტი-ჩინური პოზიციებით გამოირჩევიან. 2024 წლის დასაწყისში ჰაგარტმა სენატში ხმა მისცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ, რადგან სენატი თავის მხრივ არ უჭერდა მხარს აშშ-ს საზღვრების უსაფრთხოების კანონს. 2024 წლის დასაწყისში აშშ-ს საკანონმდებლო შტო მოცული იყო ამ დაპირისპირებით, რის გამოც დაგვიანებით მიეწოდა ფინანსური დახმარება უკრაინასა და ისრაელს.

სახელმწიფო მდივნის როლის კანდიდატურად ასევე გვხვდება დიპლომატი რიჩარდ გრენელი, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას გერმანიის ელჩის თანამდებობას იკავებდა, ხოლო შემდეგ რამდენიმე თვის მანძილზე იყო აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსი. ამჟამად გრენელი უფროსი მრჩეველია ორგანიზაცია Protecting America Initiative-ში, რომელიც ჩინეთის მთავრობის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მუშაობს. გერმანიაში მისი დიპლომატიური მოღვაწეობის დროს აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა და 2020 წელს გრენელმა დიპლომატიური თანამდებობა დატოვა. ელჩის პოსტზე მუშაობის პირველ თვეებში რიჩარდ გრენელმა გერმანულ გამოცემა Breitbart-თან ინტერვიუში მხარდაჭერა გამოხატა ევროპის კონსერვატიული ძალების მიმართ და თქვა რომ ავსტრიის იმდროინდელი ულტრამემარჯვენე კონსერვატორი კანცლერის, სებასტიან კურცის “დიდი ფანი” იყო. ამას გარდა, ის მწვავედ აკრიტიკებდა NATO-ს წევრ ევროპულ სახელმწიფოებს მშპ-ს 2%-ის თავდაცვაში დახარჯვის ნიშნულის შეუსრულებლობისთვის. ასევე, 2018 წლის მაისში მან გააკრიტიკა გერმანული და ევროპული კომპანიების ირანთან თანამშრომლობა და გერმანიას Nordstream 2-ის პროექტის ფარგლებში რუსეთთან თანამშრომლობის გამო სანქციებით ემუქრებოდა. საბოლოოდ გრენელმა პოსტი 2020 წელს დატოვა, თუმცა ამერიკაში დაბრუნებული რიჩარდ გრენელი დონალდ ტრამპმა ეროვნულ დაზვერვაში ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნა და ის მამაც სუპერვარსკვლავადაც მოიხსენია. უახლოეს თვეებში გრენელის შეხედულებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის და MAGA-ს (Make America Great Again) ელიტის პოზიციებს იმეორებდა, უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის საკითხზე აქცენტს აკეთებდა ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ბიუჯეტების ზრდის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ალიანსში ახალი წევრის მიღება შეუძლებელია, სანამ არსებული წევრები ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებენ. ამის გამო მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო მდივნის როლში რიჩარდ გრენელის პოლიტიკა კვლავ ევროპაზე წნეხის გაზრდაზე და ირანისა და ჩინეთის გავლენების შეკავებაზე იქნება ფოკუსირებული.

დონალდ ტრამპის გუნდში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რომელიმე მაღალ თანამდებობაზე ასევე მოიაზრებენ რობერტ ო’ბრაიენის კანდიდატურას, რომელიც ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო. 2024 წლის ივნიში The Wire China-სთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ო’ბრაიენი ამბობს, რომ ბოლო ადმინისტრაცია 1930-იანი წლებიდან დღემდე ყველაზე დიდ საგარეო პოლიტიკურ ჩავარდნაზეა პასუხისმგებელი და აქამდე ამერიკა არ ყოფილა ისეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, როგორიც ჩინეთია. ასევე, მისი თქმით, ყველა ომი ოდესღაც მოლაპარაკებით სრულდება, ხოლო ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მოყვანის ერთადერთი გზა უკრაინისთვის საკმარისი შეიარაღების მიწოდებაა. რობერტ ო’ბრაიენმა ბაიდენის და ჰარისის ადმინისტრაცია უკრაინისთვის “ძალიან ცოტა და ძალიან გვიანი” დახმარების მიწოდებაში დაადანაშაულა. ო’ბრაიენი ამავე ინტერვიუში ასევე რუსეთის მასშტაბურად დასანქცირების საჭიროებებზე საუბრობდა.

“ასევე რუსების დასანქცირება, უნდა დასანქცირდეს ყველაფერი. ვნახოთ, თუ მოისურვებს ჩინეთი მათთან თანამშრომლობას და ირიბი სანქციების მიღებას. თუ მასშტაბურ სანქციებს შემოიღებთ, დღეში მათი 12 მილიონი ბარელი ნავთობიდან 6-ს აიღებთ, ეს მასშტაბური იქნება. ეს ისეთი რამაა, რასაც რუსებთან მოლაპარაკების მაგიდაზე მე მივიტანდი” – თქვა რობერტ ო’ბრაიენმა.

ერთადერთი საგარეო პოლიტიკური საკითხი, რაზეც ადმინისტრაციის შემადგენლობის მიუხედავად, მეტ-ნაკლებად ცხადია დონალდ ტრამპის გუნდის ახალი დინამიკა, ახლო აღმოსავლეთია. დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის აბრაამის შეთანხმების მიღწევაა. მან ასევე აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა, რაც ისრაელისადმი ერთგული და პროაქტიული მხარდაჭერის სიმბოლო იყო. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პოლიტიკური ელიტა და ორივე პარტია ისრაელის ტრადიციული უახლოესი პარტნიორია, ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდგომ ისრაელი აშშ-სგან უპირობო მხარდაჭერას არ იღებდა, არამედ მხარდაჭერას თან ახლდა კრიტიკა სხვადასხვა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბენიამინ ნეთანიაჰუს თავისუფლად მოქმედების ფართო გასაქანს მიცემს.

ზემოთ ჩამოთვლილი სახელების მიღმა, ბუნებრივია, გრძელია იმ ადამიანების სია, რომლებმაც შესაძლოა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაზე გავლენა იქონიონ და საბოლოოდ ახალ გუნდშიც მოხვდნენ. ამის მიუხედავად, ტრამპის გარემოცვის საერთო გეოპოლიტიკური ხედვა მოიცავს მკაფიო ანტი-ჩინურ პოზიციებს და ბუნდოვანებას, თუ რა გზით უნდა დასრულდეს ან შეჩერდეს რუსეთ-უკრაინის ომი. უახლოეს მომავალში უკრაინაში ომის შეჩერება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა რა გზებით მოახერხებს ის ამას ნათელი გახდება რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც სრულად წარადგენს მის გუნდს და ტრამპის მეორე ადმინისტრაცია კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს.