უკრაინის რადამ ზელენსკის მიერ წარდგენილი “გამარჯვების გეგმა” დაამტკიცა

ოქტომბერი 18, 2024
უკრაინის რადამ ზელენსკის მიერ წარდგენილი “გამარჯვების გეგმა” დაამტკიცა

16 ოქტომბერს უკრაინის რადამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი “გამარჯვების გეგმა” დაამტკიცა – ინფორმაციას აქვეყნებს გამოცემა Ukrainska Pravda. გეგმა მოიცავს ხუთ საკვანძო ნაწილს, აქედან პირველი შეეხება გეოპოლიტიკას, მეორე და მესამე სამხედრო საკითხებს, მეოთხე ეკონომიკურ ასპექტს და მეხუთე ქვეყნის უსაფრთხოებას. ამას გარდა, გეგმა მოიცავს სამ დანართს, რომელიც არ გასაჯაროვდება.

პირველი, გეოპოლიტიკური ასპექტი გულისხმობს, რომ უკრაინამ NATO-ში ინტეგრაციის შემოთავაზება მიიღოს, რაც რუსეთის გეოპოლიტიკური დამარცხების ნიშანი იქნება.

მეორე მუხლი მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელებას, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო პოზიციების გაძლიერებას, პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების, მათ შორის სარეზერვო ბრიგადების, მიღებას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ქალაქების და სოფლების დასაცავად, ოპერაციებში უკვე უკრაინაში დამზადებული რაკეტებისა და დრონების გამოყენებას, პარტნიორების მიერ შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე შეზღუდვების მოხსნას და უკრაინისთვის რეალური დროის სატელიტური სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას.

მესამე პუნქტი სამხედრო შეკავების ასპექტებს მოიცავს, პირველ რიგში, უკრაინის ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი არაბირთვული სტრატეგიული შეკავების პაკეტის შექმნას. ეს პუნქტი არასაჯარო, საიდუმლო დანართსაც მოიცავს, რომელიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის ლიდერებთან შეთანხმებით შემუშავდა.

ეკონომიკის მუხლი აშშ-სა და ევროპასთან ერთად უკრაინის კრიტიკული რესურსების დაცვას და ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას გულისხმობს. ასევე, ეს მუხლი მოიცავს რუსეთის ეკონომიკაზე უკვე არსებული ეკონომიკური წნეხის გაძლიერებას.

ბოლო, მეხუთე ნაწილი უკრაინის უსაფრთხოებას ეხება და გულისხმობს უკრაინის გამოცდილი სამხედრო ძალების NATO-ს ალიანსის ოპერაციებში ჩართვას, მათ შორის პარტნიორების თანხმობის შემთხვევაში, ევროპაში ამერიკული არმიის კონტინგენტებში ამერიკელი სამხედროების უკრაინელებით ჩანაცვლებას.

რადაში გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მის “გამარჯვების გეგმას” კონკრეტული დროითი ჩარჩო აქვს და თუ მისი იმპლემენტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება, უკრაინა ომის დასრულებას მომავალ წლამდე შეძლებს. მისი თქმით, გეგმის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის პარტნიორებისგან დახმარების მიღების შემთხვევაში.

“[…]ერთად, უკრაინელებმა და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა შევცვალოთ გარემოებები, რათა ომი დასრულდეს, პუტინის სურვილების მიუხედავად. ჩვენ გვჭირდება, რომ შევქმნათ პირობები, რაც აიძულებს რუსეთს ეძიოს მშვიდობა” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ცნობილია, ეს გეგმა ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას უკვე წარუდგინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს. “გამარჯვების გეგმის” წარდგენას ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს ბრიუსელშიც, ევროპული საბჭოს სპეციალურ შეხვედრაზე.