რუსეთის ჩარევა მოლდოვის არჩევნებში – საერთო ხელწერა

ნოემბერი 17, 2024
რუსეთის ჩარევა მოლდოვის არჩევნებში – საერთო ხელწერა

4 ნოემბერს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროდასავლელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ 55,4%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა და დაამარცხა პრორუსი კანდიდატი სოციალისტური პარტიიდან ალექსანდრ სტოიანოგლო. თუმცა, ამ ყველაფერს წინ უძღოდა უკიდურესად დაძაბული პირველი ტური და წინასაარჩევნო პერიოდი. მოლდოვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები დამატებით კონტექსტურ მნიშვნელობას სძენდა საქართველოში თითქმის პარალელურად გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის პარალელურად, 20 ოქტომბერს მოლდოვაში რეფერენდუმიც ჩატარდა, სადაც ამომრჩევლებს უნდა გადაეწყვიტათ, უნდა დაემატოს თუ არა ჩანაწერი მოლდოვას კონსტიტუციაში მოლდოველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ. აღნიშნულ რეფერენდუმში მცირე განსხვავებით გაიმარჯვა პროევროპულმა პოზიციამ და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი ამ მიმართულებით მოლდოვას საზღვრებს მიღმა გახსნილმა უბნებმა და ემიგრანტებმა შეასრულეს. მოლდოვას არჩევნების ორივე ტურზე მონაწილეობა მიიღო 300’000-ზე მეტმა მოლდოველმა დიასპორიდან, მაშინ როდესაც პირველ ტურზე სულ თავისი არჩევანი დააფიქსირა 1’500’000-ზე მეტმა, ხოლო მეორე ტურში 1’700’000-მდე მოქალაქემ. ამავდროულად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 34’000-მა მოქალაქემ საზღვარგარეთიდან, რადგანაც უბნების გახსნის მოთხოვნის მიუხედავად, ემიგრანტებს უარი ეთქვათ საარჩევნო უბნების გახსნაზე ათობით ქალაქში, როგორიცაა სტრასბურგი, ფლორენცია, ნეაპოლი, ცინცინატი, და ა.შ.

უშუალოდ არჩევნების დღეს, მოლდოვას პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიერუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საარჩევნო პროცესებში გამოიკვეთა მასშტაბური ჩარევა რუსეთის მხრიდან, რასაც შესაძლოა საბოლოო შედეგებზე მოეხდინა გავლენა. მან ისაუბრა ავტობუსების ორგანიზებულ რეისებზე და ჩარტერულ ფრენებზე რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ბელარუსის უბნებზე და ხმების მოსყიდვის შემთხვევებზე. სეკრიერუს თქმით, ყველაფრის პარალელურად მოლდოვის საარჩევნო სისტემა მუდმივი, კოორდინირებული კიბერთავდასხმების სამიზნეც გახდა.

ამას გარდა, მოლდოვას ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ მოსკოვში მცხოვრებ ოლიგარქ ილან შორის ფინანსურ კონტრიბუციას რუსეთის ჩარევაში და ამტკიცებდნენ, რომ მან 39 მილიონი ამერიკული დოლარი მოლდოველი ამომრჩევლის ხმების ყიდვისთვის დახარჯა. “რუსეთიდან უპრეცდენტო ჩარევა” ასევე ახსენა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმაც.

მოლდოვას პრემიერმინისტრის მოადგილემ და ევროკავშირში ინტეგრაციის მინისტრმა კრისტინა გერასიმოვმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მათ მოლდოვაში კლასიკური რუსეთის ჰიბრიდული იარაღების გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბი დააფიქსირეს.

“ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდულ თავდასხმებს საჯარო ინსტიტუტებზე, რომლებიც პასუხისმგებელია კრიტიკულ სერვისებზე, მაგალითად ფოსტასა და აეროპორტზე. ჩვენ ვხედავთ ხმების ყიდვას. ჩვენ ვხედავთ ადგილობრივ კორუმპირებულ მარიონეტებს და პოლიტიკურ პარტიებს – მათ ფულს აძლევენ სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის” – თქვა კრისტინა გერასიმოვმა.

ასევე, მოლდოვას პოლიციის სამსახურმა POLITICO-ს შეატყობინა, რომ ოქტომბრის დასაწყისში 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი თანხა მოლდოვის 130’000-ზე მეტი მოქალაქის ანგარიშებზე ჩაირიცხა. მასიური მოსყიდვის ეს სქემა მოლდოვის საგამოძიებო სამსახურმა გამოიძია, რაც ოლიგარქ ილან შონს უკავშირდება. კვლავ POLITICO-სთან, არჩევნებამდე. მოლდოვის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ასობით ჩხრეკა ჩაატარა და ჯამში 2.7 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების არალეგალური ნაღდი ფული ამოიღო.

მსგავსი ტიპის გამოძიება საქართველოში არ ჩატარებულა, შესაბამისად თუ ქართულ არჩევნებშიც შავი ფულის გამოყენების მასშტაბზე წარმოდგენის შექმნა გვსურს, შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის ვაჭრობას ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის თვეში 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა. დოლარის რეზერვების გაყიდვის და შესაბამისად, ბრუნვიდან მილიონობით ლარის ამოღების მიზეზად სებ-მა ლარის კურსის სტაბილიზაცია დაასახელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა მასშტაბის დესტაბილიზაცია ელოდა ლარს. საქართველოს ეროვნული ბანკის ეს პრევენციული ნაბიჯი შესაძლოა ქვეყანაში დიდი რაოდნეობით შავი ფულის დასაბალანსებლად ყოფილიყო გადადგმული.

რამდენიმე კვირით ადრე მოლდოვის თანამდებობის პირებმა ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთი მოლდოვაში მაფიის მსგავს კრიმინალურ ქსელებსაც იყენებდა ყველა სხვა ჰიბრიდულ მეთოდთან ერთად.

“მოლდოვას უწევს გამკლავება ამომრჩევლის ისეთ მოსყიდვის ფენომენთან, რომელიც კომბინირებულია ჰიბრიდულ ომთან და დეზინფორმაციასთან, რომლის მსგავსიც ჩვენ ქვეყანას აქამდე არ უნახავს” – თქვა მოლდოვის პოლიციის სამსახურის უფროსმა, ვიორელ ჩერნაუტეანუმ.

მოლდოვას შიდა პოლიტიკურ საკითხებში რუსეთის მხრიდან ჩარევის საფრთხეებზე საუბარია არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე გამოქვეყნებულ აშშ-ს, კანადის და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების საერთო განცხადებაში. ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთიდან მართული აქტორები მოლდოვაში წინასაარჩევნო გარემოზე გავლენის მოხდენას, დეზინფორმაციის გავრცელებას, სოციალური დაძაბულობების გაძლიერებას და პრორუსული საპროტესტო კერების ხელოვნურად შექმნას.

საყურადღებოა, რომ უშუალოდ არჩევნების მეორე ტურის დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ, რომლის მიზანიც მოლდოვის დიასპორისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების ხელის შეშლა იყო. ყველა სხვა საშუალებასთან ერთად, ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მკაცრად დაგმო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. მან თქვა, რომ ამ გზით პუტინმა სამიზნეში ამოიღო ევროპული დემოკრატიის გული და ის არსად გაჩერდება. ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მცდარი ინფორმაცია ასევე გავრცელდა დიდ ბრიტანეთში, ლივერპულსა და ნორსჰემპტონში გახსნილი საარჩევნო უბნების შესახებაც.

მოლდოვის არჩევნებში ჩარევის და პროცესის დესტაბილიზაციის ერთ-ერთი უჩვეულო და საინტერესო გზა, რაზეც მოლდოვის პრემიერმინისტრი დორინ რესეანი საუბრობს, ანონიმური სატელეფონო ზარებია. მისი თქმით, მოლდოვის მოქალაქეები წინასაარჩევნო პერიოდში ანონიმურ სატელეფონო ზარებს იღებდნენ და გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მან აღნიშნული შემხვევები შეაფასა, როგორც თავდასხმის ექსტრემალური ფორმა მოქალაქეების დასაშინებლად. საინტერესოა, რომ დაშინებისთვის ანონიმური ზარების გამოყენების ანალოგიური შემთხვევები საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის პროტესტების დროს გავრცელდა.

2024 წელი მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი არჩევნების წელი იყო. საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ოქტომბრის არჩევნები ფასდებოდა როგორც საეტაპო არჩევნები, რომელიც ამ ქვეყნების გეოპოლიტიკურ ორიენტაციას განსაზღვრავდა. ბუნებრივია, ორივე შემთხვევაში მოსალოდნელი იყო რუსეთის ჰიბრიდული მანიპულაციები და ჩარევა საარჩევნო პროცესებში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩარევის მასშტაბმა ორივე ქვეყანაში ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით საინტერესო ხდება არჩევნებზე მოსყიდვის, დაშინების და საბოტაჟის თითქმის იდენტური ოპერაციები საქართველოსა და მოლდოვაში, რაც ცხადყოფს საერთო ხელწერას და პოლიტიკურ დღის წესრიგს მის მიღმა.