დღეს, 22 დეკემბერს, ილიას და აკაკის ძეგლის წინ, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა პროტესტის ასიათასობით მონაწილეს. პროტესტის მონაწილეები ტაშითა და მხარდამჭერი გამოხმაურებით დახვდნენ პრეზიდენტს.
„ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი. ილია და აკაკი გვიყურებს და უყურებენ ამ ახალ საქართველოს, რომელიც უკვე დაიბადა, რომელიც ხვალ, ზეგ იქნება ძალიან ძალიან ევროპული საქართველო და ამას ვერავინ გააჩერებს.“ – მიმართა პროტესტის მონაწილეებს პრეზიდენტმა.
მან ასევე იხუმრა, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, პროტესტის მონაწილეების რაოდენობის მიზანმიმართულად დაკნინების შესახებ, და ასიათასობით მოქალაქეს მიმართა: „მართალია, თქვენ აქ სულ რაღაც 300 ადამიანი ხართ, მართალია, „დაგვიპატიმრეს“ სცენა, თუ მიკროფონები, თუ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და თანაც, ორჯერ, მართალია, მე დამპირდნენ, რომ გისოსებს მიღმა ვიქნებოდი მალე, მაგრამ, ჩვენ ხომ არ გვეშინია?!“ – რასაც მოჰყვა მოქალაქეების მრავლობითი შეძახილი „არა“.
„არ გვეშინია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება რაღაც, ვინმესთან დაპირისპირება – ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, ბევრ ტყუილს შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება.
დღეს აქ მრავალთა მარშს შორის, მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო ანწუხელიძის მარში. და სწორედ ანწუხელიძეს წინაშე ვარ მე ვალდებული, ხართ თქვენ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე გასწირა.
და ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავმა გმირმა, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და ვის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით, თორემ საქართველო არ იქნებოდა.
მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება, საქართველო არ თმობს, როდესაც მართალია.
და მართალია საქართველო.
და მართალი ხართ თქვენ.
და მე მინდა ახლა გითხრათ, რას გავაკეთებთ.
ვარ და ვიქნები ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.
ვარ და ვიქნები ერთგული ქართველი ხალხის.“
მიკროფონის გადაჭრის გამო გამოწვეული შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ, მან განაგრძო:
„მინდა გითხრათ, რას გავაკეთებთ.
პირველ რიგში, მე რას გავაკეთებ. მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშეც მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დღეს დგას, როგორც დგას საქართველო. მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო, და ვიყო მისი ერთგული.
მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის და მისი ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ; ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს და თავადაა ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი.
მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი.
მოვიდეს სასახლეში, მოვიდეს ივანიშვილი და მე მზად ვარ რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, თუ როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ, რიცხვი არჩევნების დანიშვნის უნდა შეთანხმებული იყოს 29 {დეკემბრამდე}.
29-მდე, ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან გავიდეს მთელს მსოფლიოში მაგალითი დემოკრატიის, მაგალითი შერიგების, მაგალითი წინსვლის.
მე ველოდები პასუხს.
რომ ეს ყველაფერი ნათელი იყოს, ხვალ საღამოს, სასახლიდან, იქ ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არა მხოლოდ სცენა „დაგვიპატიმრეს“, როგორც ჩანს {ტექნიკაც} „დაგვიპატიმრეს.“ მაგრამ, არაფერი აკლდება, არა უშავს, შევხვდებით და გელოდებით.“
მოქალაქეები საუბრობენ საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილისთვის, დე ფაქტო ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მხრიდან სიტყვით გამოსვლის ხელშეშლაზე. მათი თქმით, პირველ ჯერზე, მოშალეს სცენა, მეორედ არ შეუშვეს თბილისის მერიის მიერ მოწყობილ სცენაზე, ხოლო თითქმის ერთსაათიანი შეყოვნების შემდეგ, მას შუა საუბარში სავარაუდოდ სამ ადგილას გადაუჭრეს მიკროფონის სადენები. ხდებოდა ასევე სიგნალის მიზანმიმართული ჩახშობა, რის შედეგადაც ტელევიზიების მაუწყებლობაც შეფერხდა.
შენიშვნა: არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან მრავალი დარღვევის ამსახველი მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების შემდეგ, არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მოხსენებული იყო როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტია. 20 დეკემბერს, ეუთო/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შეფასების შედეგად, სადაც საუბარია საარჩევნო კანონმდებლობისა და პრინციპების მძიმე და სისტემურ დარღვევებზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართული ოცნების“ შესახებ საუბრისად მიუთითებს „დე ფაქტო ხელისუფლებას.“