,,იმისთვის, რომ ხმა მივცე, 8 საათი უნდა ვიყო გზაში და დავხარჯო, დაახლოებით, 1000 კანადური დოლარი’’ – ამბობს მიშა, 32 წლის სოციალური მუშაკი.
მიშა შიშინაშვილი 10 წელია კანადაში ცხოვრობს. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის სტატუსით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს. მისი სახლიდან, სასკაჩევანის პროვინციიდან, უახლოეს საარჩევნო უბნამდე 2900 კილომეტრზე მეტია. მიშა ოტავაში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნდა გაემგზავროს, რათა საქართველოს საკონსულოში მისვლა და ხმის მიცემა შეძლოს. ეს ყველაფერი რამდენიმე საათიან მგზავრობასთან, არაერთი სატრანსპორტო საშუალების გამოცვლასა და ფინანსურ ხარჯთანაა დაკავშირებული. ,,სასკატუნიდან ტორონტომდე თვითმფრინავით მივემგზავრები. ფრენას, დაახლოებით, 3.5 საათი სჭირდება. აეროპორტში ვიქირავებ მანქანას და ავტომობლით წავალ ოტავაში, საქართველოს საკონსულოში. ტორონტოდან ოტავამდე, ავტომობილით, დაახლოებით 4 საათის გზაა. მომიწევს სასტუმროში დარჩენა, რადგან ეს ყველაფერი არჩევნების წინა დღეს უნდა მოხდეს, რაც დამატებით ხარჯებს ქმნის.’’
სირთულეების მიუხედავად, მიშას სჯერა, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია და მასზე საქართველოს მომავალია დამოკიდებული. როგორც ამბობს, კანადაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი ოტავაში გამგზავრებას ვერ ახერხებს, სხვა დიდ ქალაქებში კი საარჩევნო უბანი არ გახსნილა.
თვითმფრინავის ბილეთები იყიდა გვანცა თვალიაშვილმაც. 31 წლის სტუდენტი შვედეთში, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობს. არჩევნების დღეს, გვანცას საკუთარი ქალაქიდან სტოკჰოლმში მოუწევს გაფრენა. გვანცას აზრით, შვედეთის მსგავსი გეოგრაფიული ლოკაციის ქვეყნისთვის ერთი საარჩევნო უბანი საკმარისი არ არის, რადგან სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დედაქალაქამდე მატარებლით მგზავრობას 6 საათი სჭირდება, მატარებლის ერთი გზის საშუალო ფასი კი 80 ევროა. ,,მე თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდე, რადგან მატარებლით საარჩევნო უბნამდე მისვლას ვერ მოვასწრებდი. მოგვიწია მატერიალური და არამატერიალური რესურსების გაღება, თუმცა ქვეყნის გადასარჩენად ყველაფრისთვის მზად ვართ’’ – ამბობს გვანცა.
რამდენიმე კვირის წინ, ფეისბუკ გვერდზე გვანცამ საკუთარი მარშრუტი გამოაქვეყნა. ქართველი სტუდენტი წერდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 633 კილომეტრის გავლა და სტოკჰოლმში სასტუმროს დაჯავშნა უწევდა. ,,პოსტის მიზანი არის ის, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ორი ნაბიჯის გადადგმა ეზარება, დაინახონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები’’ – წერდა გვანცა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაზიარდა მრავალრიცხოვან ჯგუფშიც, ქართველმა ამომრჩევლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი მარშრუტის გაზიარება დაიწყეს. ,,ადამიანებმა დაიწყეს შეთავაზება. მათ, ვისაც სასტუმროს ხარჯი ჰქონდა, დასარჩენს სთავაზობდნენ იმ ქალაქში მცხოვრები ქართველები. ამ პოსტის მერე მეც ბევრმა მომწერა, რომ უფასოდ მიმასპინძლებდნენ სტოკჰოლმში. ბევრმა ჩემმა მეგობარმაც, ვინც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, დაწერა, რომ არჩევნების დღეს დაიტოვებდნენ ამომრჩევლებს’’ – ამბობს გვანცა.
გვანცას ისტორიას გამოხმაურება საქართველოში მცხოვრებ ამომრჩევლებშიც მოჰყვა. ,,ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი პოსტი გამხდარა არგუმენტი სხვა ადამიანებისთვის. მაგალითად, ჩემი მეზობელი ამბობდა, რომ მის ხმას მნიშვნელობა არ ჰქონდა და არ აპირებდა გვერდით სოფელში გადასვლას. ამ დროს უთქვამთ, რომ აი გვანცას 600 კილომეტრის გავლა უწევს და შენ მეზობელ სოფელში არ გინდა გადასვლა. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, სწორედ ეს იყო მიზანი’’ – გვიყვება გვანცა.
გვანცას თქმით, მისი მთავარი მოტივაცია ქვეყნის ყველაზე დიდი მტრისგან, რუსეთის მარწუხებისგან გამოხსნაა. მიშას მსგავსად, მასაც სჯერა, რომ თითოეულ ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ესაა ერთადერთი, რაც ახლა ქვეყნისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ.
გვანცასგან განსხვავებით, ოჯახის წევრის დარწმუნება უჭირს იამზე კოვალდს. 56 წლის ემიგრანტი უკვე 9 წელია, რაც ავსტრიის ქალაქ ლეობენში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მისთვისაც პირველი არჩევნებია, როცა ხმას საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლის სტატუსით მისცემს. როგორც ამბობს, ადრე ნაკლებად ინფორმირებული იყო, ,,ახლა კი – გაჩუმება დანაშაულია’’. ,,სამწუხაროდ, საკუთარ დას ვერ შევაცვლევინე აზრი. ყველა რესურსი ამოიწურა, არ მიდის არჩევნებზე, მითუმეტეს, თბილისში ცხოვრობს. ძალიან მწყინს, რომ ვერ გავაგებინე თუ რატომაა ხმის მიცემა აუცილებელი.’’ – ამბობს იამზე.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებულია. ხმის მისაცემად ვენაში ჩასასვლელად მას ორი ტრანსპორტის გამოცვლა და მატარებლის სადგურზე რამდენიმე გადაჯდომა დასჭირდება. როგორც ამბობს, სამ საათზე მეტი მგზავრობა არაფერია, იმდენად დიდია მოტივაცია, რომ საკუთარი ქვეყანა აყვავებული ნახოს: ,,შორს ჩვენი ქვეყანა რუსეთისგან, ღმერთმა დაგვიფაროს რომ ევროკავშირმა ბოლოს უარი გვითხრას იმ მიზეზით, რომ აშკარად რუსეთისკენ მივექანებით. ძალიან განვიცდი და ვარ ყველა აქტიურ ჯგუფში, რომ არაფერი გამოვტოვო.’’ იამზე გვიყვება, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე ავსტრიაში მცხოვრები ბევრი ემიგრანტი წერს. მისი თქმით, ავსტრიაში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი ვენაშია, შესაბამისად, მოლოდინი აქვს, რომ საარჩევნო უბანზე ბევრი ემიგრანტი მივა.
მსგავსი მოლოდინი აქვს ამერიკის შეერთებულ შტაბებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე დავითს. ფილადელფიაში მცხოვრები დავით ნადირაძე ხმას ნიუ იორკში მისცემს. 36 წლის მარკეტერი მანქანით უფასო გადაადგილებას სთავაზობს მათ, ვისაც არჩევნებზე წასასვლელი ფინანსური რესურსი არ აქვს. როგორც ის გვიყვება, ფეისბუკ ჯგუფებში ხალხი თვითორგანიზდება და ერთმანეთს დამგზავრებას სთავაზობენ. ,,ისედაც უამრავი ბარიერი შექმნეს და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რომ არა მარტო ხმა მივცეთ, არამედ დავრწმუნდეთ, რომ ადგილზე არ შეგვექმნება ადმინისტრაციული პრობლემები. კომისიის თავმჯდომარეები პიროვნულ ზიზღს ანთხევენ, ზოგი ემიგრანტებსაც ემუქრება დეპორტაციით. ასეთი ადამიანები მინდა გავაფრთხილო, რომ ვიცით ვინ არიან, რასაც აკეთებენ და ყველა დანაშაული ადგილზე იქნება დასჯილი. მართლა უპრეცენდენტო მობილიზებაა, ამდენი ადამიანისთვის უბანი კი ერთ შენობაშია გახსნილი. ისიც კი არ ვიცი, რამდენი საათი მოგვიწევს რიგში დგომა’’ – ამბობს დავითი.
მოქალაქეების ნაწილი გაერთიანდა ჯგუფი „დაიცავის“ და „1 მოქალაქე 1 არჩევანის“ ირგვლივ და წამოიწყეს კამპანია #გამიყოლე და #გაგიყოლებ. ჯგუფში ვრცელდება ჯგუფი „დაიცავის“ დამფუძნებლის, კოკა ჯახუტაშვილის ვიდეო მიმართვა: „შემოუერთდი ათასობით ქართველს, ვინც ქმნის ინიციატივას #გამიყოლე და #გაგიყოლებ. წელს ისტორიული არჩევნებია საქართველოში და ისე როგორც არასდროს, თოთოეული ამომრჩევლის ხმა განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ მომავალს. თუ გაქვს მართვის მოწმობა და ავტომობილი, დარეგისტრირდი – ერთად დავეხმაროთ მოქალაქეებს საარჩევნო უბნამდე მისვლაში. თუ იცნობ ისეთ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება – გაუზიარე ბმული. ერთად დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება – ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავალი.“
11 ოქტომბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა. საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა.
ცესკოს ინფორმაციით, საზღვარგარეთ ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ამომრჩევლებს საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
საარჩევნო უბნების გახსნამდე 48 საათზე ნაკლები რჩება. საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ. ფეხით, მანქანით, მატარებლით თუ თვითმფრინავით დაფარული ათობით და ათასობით კილომეტრი ერთ შედეგს მოიტანს – ის ქვეყნის ბედს ოთხი, ან გაცილებით მეტი წლით გადაწყვეტს.
ავტორი: თამთა ჩხაიძე